შესავალი ნიმრუდი, ერაყი, 1950 წლის 2 აპრილი ნიმრუდი - ასირიელების უძველესი საომარი დედაქალაქი ქალაჰი. ჩვენი ექსპედიცია თიხაბზის აგურით აშენებულ სახლშია დაბინავებული, მთის მარჯვენა მხარეს და აქვს სამზარეულო, სასტუმრო ოთახი, სასადილო, პატარა კანტორა, სარესტავრაციო სახელოსნო, მოზრდილი საწყობი, რომელიც სამეთუნეო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი და ციცქნა საკუჭნაო (ჩვენ ყველას კარვებში გვძინავს). თუმცა, ამ წელიწადს ექსპედიციის სახლს კიდევ ერთი ოთახი დაემატა, დაახლოებით სამი კვადრატული მეტრი. მიწური ოთახი დაფარულია ჭილოფებითა და ორი უხეშად ნაქსოვი შალის ნოხით. კედელზე კიდია ახალგაზრდა ირანელი კუბისტი მხატვრის მკვეთრ ფერებში შესრულებული ტილო - ორი ვირუკელა. ოთახს ფანჯარაც აქვს, იქიდან თვალწინ გვეშლება აღმოსავლეთ ქურთისტანის თოვლიანი ქედი. გარეთა მხრიდან კარს მიკრული აქვს სტილიზებული ლურსმული წარწერა შემდეგი სიტყვებით: „აგატას ბაითი“ (აგატას სახლი).
ეს ჩემი „სახლია“, განკუთვნილი იმისთვის, რომ, განმარტოებულმა, თავი ლიტერატურულ საქმიანობას მივუძღვნა. არ არის გამორიცხული, არქეოლოგიური გათხრების გამო წერისთვის დრო რომ აღარ დამრჩეს. შესაძლოა, კითხვა და აღმოჩენილი ნივთების მოწესრიგება, ფოტოების გადაღება, იარლიყების დაკვრა, კატალოგის შედგენა და შეფუთვა მომიწიოს. მაგრამ პირველი კვირა, ან ათი დღე მაინც, ალბათ, შედარებით თავისუფალი ვიქნები.
სიმართლე რომ ითქვას, აქ გულისყურით მუშაობისთვის ცოტა რამ თუ გიწყობს ხელს. ზემოთ, სახურავზე, ბედნიერად ხტიან არაბი მუშები, მხიარული გადაძახილი აქვთ გამართული. აქეთ-იქით დაათრევენ ფარატინა კიბეს. ძაღლები ყეფენ, ინდაურები ლოყლოყებენ, პოლიციელის ცხენი აკაზმულობას დააჩხაკუნებს. კარ-ფანჯარა ცოცხალი თავით არ იხურება და ქარში ბრახუნი გაუდის. ვუზივარ ხის მაგიდას, რომელიც ყანყალებს და გვერდით მიდგას მხიარულ ფერებად შეღებილი რკინის სკივრი, - არაბი მოგზაურების აუცილებელი ნივთი. მასში ჩემი ხელნაწერების შენახვას ვაპირებ.
წესით, ახლა პოლიციურ რომანს უნდა ვწერდე, მაგრამ მწერლის ბუნებისთვის ხომ სწორედ ისაა დამახასიათებელი, რომ ყველაფერზე წეროს, გარდა იმისა, რისი წერაც აუცილებელია?! და უეცრად ძალიან მომინდა, ავტობიოგრაფიისთვის მომეკიდა ხელი. გამიგონია, ადრე თუ გვიან ნებისმიერ ადამიანს უჩნდება ასეთი მოთხოვნილება. სრულიად მოულოდნელად ეს სურვილი მეც დამებადა.
მეორე მხრივ, ავტობიოგრაფია საკმაოდ ბევრს გავალდებულებს. იგულისხმება ცხოვრების სკრუპულოზური მიმოხილვა, - თავისი სახელებით, ადგილებითა და თარიღების ზუსტი ქრონოლოგიური მიმდევრობით. სულაც არ მინდა, ალალბედზე ვაფათურო ხელი საკუთარ წარსულში და იქიდან მოგონებათა ბღუჯა ამოვიღო.
მგონია, რომ ცხოვრება სამი პერიოდისგან შედგება, ესაა: ბობოქარი და ტკბილი აწმყო, საბედისწერო სისწრაფით რომ მიექანება წინ; გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავალი, უთვალავი საინტერესო გეგმის დასახვის საშუალებას რომ იძლევა და, რაც უფრო გიჟური იქნება, - მით უკეთესი. ცხოვრება მაინც თავისას იზამს, ასე რომ, იოცნებეთ, რამდენიც გენებოთ; და ბოლოს, მესამე პერიოდი - წარსული, ჩვენი ახლანდელი ცხოვრების ფუნდამენტი, სავსე მოგონებებით, გაჯერებული უეცარი არომატით, მთის პეიზაჟით, ძველი სიმღერით, რაღაც ძალიან ჩვეულებრივით, რომელიც დაუფიქრებლად წარმოგვათქმევინებს საოცარი, განსაკუთრებული ტკბობით:
- მახსოვს, ერთხელ...
მოგონება ერთ-ერთი ის ჯილდოთაგანია, რომელიც წლოვანებას მოაქვს, ამასთანავე, საამური ჯილდო.
სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ რაღაცის მოგონება კი არ გინდება, არამედ - მათი მოყოლაც.
სულ ეუბნები საკუთარ თავს, ადამიანებს ჩემი მოსმენა ბეზრდებათო. კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა აინტერესებდეთ შენი ცხოვრება და არა - საკუთარი? ახალგაზრდობაში ზოგჯერ დაგდებენ პატივს და მოგისმენენ, ისიც - ისტორიის აინტერესებთ.
- ალბათ, - თავაზიანი ცნობისწადილით მითხრა ერთხელ ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა, - ყირიმის ომის შესახებაც ბევრი რამ იცით. თითქმის შეურაცხყოფილმა ვუპასუხე, მთლად ასე მოხუცი არა ვარ-მეთქი. კატეგორიულად ვადასტურებ, რომ არ მიმიღია მონაწილეობა ინდოეთში სიპაების აჯანყებაში, მაგრამ მინდა ყველას გითხრათ, რომ ინგლისელებისა და ბურების ომის შესახებ ბევრი რამ ვიცი, რადგან ჩემი ძმა იბრძოდა სამხრეთ აფრიკაში.
პირველი მოგონება, რომელიც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, არის მკაფიო სურათი: როგორ მივდივარ დედასთან ერთად დინარის ბაზარში. ბიჭი, რომელსაც დიდი, ღვეზლით სავსე კალათი უჭირავს, რაც ძალი და ღონე აქვს, მეჯახება, ხელს გამიჩხაპნის და ლამის მიწაზე მანარცხებს. მტკივა. ტირილს ვიწყებ. ვიქნები, ალბათ, ასე შვიდი წლის.
დედა ყველაფერზე მაღლა აყენებს საზოგადოებაში სტოიკურ ქცევას და ჩუმად მეუბნება:
- იფიქრე ჩვენს მამაც ჯარისკაცებზე სამხრეთ აფრიკაში.
პასუხად უფრო ხმამაღალ ვიწყებ ბღავილს:
- არ მინდა, მამაცი ჯარისკაცი ვიყო, მშიშარა მინდა ვიყო!
რატომ გახსენდებათ რაღაც ერთი და არა რამე სხვა? ცხოვრება დიაპოზიტივების ორომტრიალია. ზიხართ და უყურებთ ეკრანს. უეცრად ვხედავ: სულ ციცქნა ვარ, საკუთარ დაბადების დღეზე შოკოლადიან ეკლერს ვჭამ. მერე, უეცრად: ორი წელი გამოხდა, ბებოს ვუზივარ კალთაში, მართლა ხელფეხშეკრული; მე წიწილა ვარ, რომელიც ეს-ესაა მისტერ უაიტლისგან მოიტანეს და ღუმელში შესაწვავად მამზადებენ. და სიცილით ვიგუდები.