მარტოობის ევქარისტია „აქ მეგობრები ერთმანეთს შეხვდნენ, გადაეხვივნენ და დაუბრუნდნენ კვლავ ძველ შეცდომებს“.
უ. ჰ. ოდენი
„ეს იყო მშვენიერი ქართველი ქალი, რომელიც საქართველოში აღარ ცხოვრობს“.
კარლო კაჭარავა
– დიდი ხნის უნახავი მეგობარი ევქარისტიული ღვინოსავითაა, – მითხრა მოხუცმა, რომელიც წლების წინ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ორგანულ ქიმიას ასწავლიდა. ეს კაცი ფულის დაზოგვის მიზნით ძმარს ყიდულობდა, რათა სოდაში გაზავებით იაფი სათრობელა მიეღო. იმასაც ამბობდა, ევქარისტიული ღვინო ქიმიური შემადგენლობით არ განსხვავდება ჩვეულებრივისგანო.
– იგივე ეთანოლი, მქროლავი მჟავები, შაქარი და ტანინები... თითქოს, ყველაფერი იგივე, მაგრამ... არაა! ხარბად ვერ დაეწაფები, ვერ გაუშინაურდები, ასეთი ღვინით ვერ დათვრები; მოიყუდებ, პირში გამოივლებ და მორჩა! ძველი ნაცნობიც ეგრეა. სახელი და გვარი იგივე აქვს, იერითაც თითქოს არ შეცვლილა, მაგრამ გრძნობ, სულ სხვა ადამიანთან გაქვს საქმე; მოიკითხავ და გაუღიმებ, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაუშინაურდები, ვერ ეტყვი, როგორ ხარ, ძველოო, ჰა და ჰა, გულს გარეთ მოეფერო და შინაგანი მღელვარებით დაელოდო დროს – ქარზე სწრაფად მქროლავსა და უგულოს, რათა დიდი ხნის უნახავი ნაცნობი კვლავ შორეულ წარსულში მოისროლო...
ძველმა ნაცნობმა, რომელიც შვიდი თუ რვა წელი არ მენახა და, რომელსაც ზამთრის ცივსა და ნალექიან საღამოს შევხვდი, მითხრა, რომ ორი კვირის წინ დაბრუნდა, რომ ცოლად აქედან წასული ქალი შეირთო.
გვარიანად მოტეხილი მეჩვენა. სახე რაღაცნაირად გაყვითლებოდა და მხრებშიც მოხრილიყო. ჩემზე ოცი თუ ოცდახუთი წლით უფროსი იყო, მაგრამ ადრე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. უმცროსი ძმა ხარო, რომ მეტყოდა, ასაკზე მაშინ თუ ჩავფიქრდებოდი.
შენკენ რა ხდებაო, მკითხა და გაღიმებული ისევ იმ ძველ ნაცნობს დაემსგავსა.
ვალში არ დავრჩი. შეძლებისდაგვარად მშრალი ბიოგრაფიული ფაქტებით ვუპასუხე, მერე იმან ლექსების კრებული მაჩუქა... – ეს იყო და ეს: თრობისა და გულისგადახსნის გარეშე დავშორდით ერთმანეთს. არადა, წლების წინ, სანამ გადაიხვეწებოდა, სულ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა...
* * *
რას აკეთებო, რომ მკითხა, არც მაშინ დაელოდა პასუხს, ხელკავი გამომდო და წამიყვანა.
– სად მივდივართ?
აქვე, ორიოდე ქუჩის იქითო, მითხრა, ბიბლიურ სამორინეში მოგებული თავნის მისაღებადო.
ვჩქარობდით, მზის ჩასვლამდე უნდა ავსულიყავით, თორემ მერე კარს აღარ გაგვიღებდნენ.
– სხვა მევალეები დაგვასწრებენ?
კიო, თავი დამიქნია.
ვინ ვის და რამდენი მოუგო არ ვიცი, მაგრამ იმ ქალს, რომელიც ქალაქის განაპირა უბანში ერთოთახიან ბინას ქირაობდა, ჩემი ნაცნობის ბევრი ემართა. დილამდე უნდა ვხერხოო, მითხრა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა.
კარი ახალგაზრდა ქალმა გაგვიღო, მაღალი არ ეთქმოდა, მაგრამ მტკაველიან ქუსლებზე შემდგარი ფეხების ამბავი ხომ იცით?
– ეს მახინჯი ვინაა? – ჩემზე ანიშნა და სისხლისფერი პომადით დამძიმებული ტუჩები რიგრიგობით გაილოკა.
მეწყინა. არ ვიყავი უშნო, მაგრამ მაშინაც წვერის გაპარსვა მავიწყდებოდა ხოლმე.
– მეტყევეა! – უპასუხა ჩემმა ნაცნობმა და შეაბიჯა დიდ სასტუმრო ოთახში, რომლის შუაში მრგვალი მაგიდა, დიამეტრულად მოპირდაპირე კუთხეებში კი რკინის საწოლები იდგა.
– ჭილყვავებიც მოფრინდნენ! – ვთქვი და რეპროდუქციის წინ დავიწყე ბორძიკი.
ნათურის შუქი კედელზე გაკრული სურათებიდან ვერცხლისფრად ირეკლებოდა.
– მეტყევე? – ქალი მე მიყურებდა, თუმცა პასუხს ჩემი ძველი ნაცნობისგან ელოდა, – აბა, მაგას ციყვები ეყვარება!
– გიყვარს? – მომიბრუნდა ნაცნობი.
– ძალიან! განსაკუთრებით ზამთარში, როცა ფხიზლობენ და თოვლით დაფარულ მიწაზე დაცუნცულებენ...
– კი, მაგრამ, მარტო რომ ვარ? – შემაწყვეტინა ქალმა, რომლის სახელი მე არ ვიცოდი და ჩემი ძველი ნაცნობი კი „მშვენებას“ ეძახდა.
ხასიათი გამიფუჭდა. წავალ-მეთქი, ვთქვი და კარისკენ დავიხიე, მაგრამ ჩემმა ნაცნობმა გამოიდო თავი. პალტოს კალთაზე დამქაჩა.
– სად უნდა წახვიდე?
უკან, ტყეში დავბრუნდები-მეთქი, უკბილოდ ვიხუმრე.
– აბა, ახლა სადა ვართ? – თვალი ჩამიკრა, – აბა, ეს ციყვი საიდან? – მასპინძელზე მანიშნა. – მერე რა რომ ფაფუკი კუდი არ აქვს? სამაგიეროდ მკვირცხლად დახტის ხიდან ხეზე, დიდი მონდომებით აგროვებს გირჩებს და ჰყავს ბევრი ცმაცუნა მეგობარი.
მოკლედ, ხერხი გაამზადეო, ერთად მოვედით, ერთად წავალთო.
ნათქვამში იყო ლოგიკა, მაგრამ ორს ერთი უნდა გვეხერხა?
ჩემმა ნაცნობმა ბირდაბირის ნაცვლად მობილური ამოიღო და მასპინძელს გაუწოდა.
როდის-როდის გაარკვიეს, რომ „ბალანსი ამოწურულია“. ახლა ჩემს ტელეფონს დაუწყეს წვალება. ზარი ხან გადიოდა და ხან – არა. ბოლოს ვიღაცას დაუტკბა მასპინძელი, ათი თუ თხუთმეტი წუთი ილაპარაკა. ჩემმა ნაცნობმა სათანადო დასკვნა გააკეთა – ქალებში მაგრა მიმართლებსო.
ხო-მეთქი, დავეთანხმე, რაც უნდა იყოს, ჩემთვის ირჯებოდა.
არა, დღევანდელ ამბავს არ ვგულისხმობო, მითხრა, საერთოდ, უცბად გადამიშლიან ხოლმე ჯერ ფეხებს, მერე –