ტკივილი,
გულწრფელობა და სითამამე
- ტკივილი და
გულწრფელობა
დათო ქარდავას პროზა ორიგინალური და ღრმაა, რაც არ გამორჩენია ლიტერატურულ საზოგადოებას – ავტორის რამდენიმე პროზაული კრებული აღინიშნა პრესტიჟული პრემიებით.
იმავდროულად, დათო ქარდავას მწერლური ნიჭი მრავალმხრივია და მე ამჯერად ხაზს გავუსვამ ამ ნიჭის იმ გამოვლინებებს, რასაც შეიძლება, დავარქვათ – მწერალი-მკვლევარი, დოკუმენტალისტი, ესეისტი... პირველი ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი ნაწარმოები „მტკვარი და მისი ორი ნაპირი“ ამ რამდენიმე ხნის წინ გამოიცა და ჩემი შეხედულებით (რაც ადრეც გამომითქვამს) ეს წიგნი სამუდამოდ დარჩება ქართული დოკუმენტური პროზის საგანძურში.
„მტაცებლები ურბანულ გარემოში“ იმავე სულისკვეთების ნაწარმოებების კრებულია, მაგრამ კიდევ უფრო აქტუალურია, მძაფრია, ემოციურია! ეს წიგნიც დაწერილია თბილისსა და საქართველოზე თავდავიწყებით შეყვარებული კაცის მიერ – კაცის, ვისაც გათავისებული აქვს ის, რომ თბილისი საქართველოსთვის მხოლოდ მთავარი ქალაქი არ არის – ის კიდევ უფრო მეტია!..
სხვა მსგავსებაც არსებობს ამ და იმ წიგნებს შორის: ზუსტი, მიმანიშნებელი ეპიგრაფები, ღრმა კვლევა და შესაბამისად – ბევრი ციტატა და სახელი, მოულოდნელი მეტაფორულობა, მაგალითად ასეთი: „ძველი შენობების დანგრევა და მათ სანაცვლოდ ახლების შენება ძალიან ჰგავს ეტრატის მორიგი ფენის აფხეკას, რაც დროთა განმავლობაში გამოუსადეგარს ხდის პალიმფსესტს, ანუ მისი საშუალებით შეუძლებელი ხდება ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. ასეა ქალაქიც: რაც უფრო ინტენსიურად გავფხეკთ, რაც უფრო მეტად გავასუფთავებთ სიძველისგან, მით უფრო უტყვი, უაზრო და უსულო იქნება ის…“.
ის, რაც თავიდან ბოლომდე განმსჭვალავს ამ წიგნს არის ტკივილი, გულწრფელობა და სითამამე: ტკივილი, რომელსაც იწვევენ უაზროდ განადგურებული, თუ აქა-იქ კენტად დარჩენილი, ძველი შენობა-ნაგებობები, ახალი ყოვლად შეუსაბამო მშენებლობები, თბილისის ლანდშაფტისადმი უდიერი დამოკიდებულება, მწვანე საფარის განადგურება... ქალაქის ბინადარი ყვავებისადმი სტერეოტიპულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული ტკივილიც კი სრულიად გულწრფელი და ორგანულია...
და სითამამე – იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რამდენად თავისუფალი და თამამია ავტორისეული შეფასებები, საკმარისია ერთი წერილის წაკითხვა, რომლის სათაურია „პანორამკიანი ინვესტორი“ – ავტორი არავის ერიდება, არც „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“...
ამ წიგნში მკითხველი ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს და არა მხოლოდ უშუალოდ თბილისთან დაკავშირებულს, მაგალითად ასეთს: მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიიდან გამოტანილი (ფაქტობრივად მოპარული) წიგნებიდან რამდენი და სად ინახება საქართველოში და აქედან რამდენი დაუბრუნდა პატრონს; როგორი წარმოდგენა ჰქონდა სტალინს ქართველი ქალის შესახებ; რა კავშირი აქვს ბერჯესის „მექანიკურ ფორთოხალს“ ჩვენს დღევანდელობასთან და კიდევ მრავალ სხვას.
და შესანიშნავია წიგნის ბოლო წერილი – „თბილისის ბოლო დაცემა“: ეს გახლავთ ერთგვარი შეხსენება და გაფრთხილება – თუკი ასე გავაგრძელეთ, მტერი ახლოა და მწარე ისტორია შეიძლება, განმეორდეს...
და ბოლოს ვიტყვი: დარწმუნებული ვარ, რომ ეს წიგნი, ისევე როგორც „მტკვარი და მისი ორი ნაპირი“, უთუოდ და დიდად მოეწონებოდა მათში არაერთხელ ნახსენებ ჩვენს გამოჩენილ წინაპარს იოსებ გრიშაშვილს.
ნუგზარ ზაზანაშვილი