სხვადასხვა ბირჟა განსხვავებული სტილითაც გამოირჩევა, მაგრამ დროთა განმავლობაში სახესაც იცვლიდა. 50-იან წლებში ცოდნის მაღალი დონე კარგ
ტონად ითვლებოდა, ამიტომ ბიჭები კარგადაც სწავლობდნენ და ბირჟაზეც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მათემატიკის თუ ფიზიკის ამოცანების ამოხსნაში, ისტორიის თუ ლიტერატურის ცოდნაში. ასევე მოდაში იყო აშშ შტატების თუ ფეხბურთელთა გვარების ჩამოთვლა. თანდათან იგი გადაიზარდა ლიდერობის, ძველბიჭობის გამოვლენაში, გარჩევებში, იარაღის ხმარებასა და დამცინავ ქცევებში. აქ ბუნებრივად იყო ჯენტლმენობაც, თანადგომაც და ურთიერთსიყვარულიც, თუმცა არც ერთმანეთთან კონფლიქტები იყო უცხო. თანადგომა საჭირო იყო კინოს თუ ფეხბურთის დეფიციტური ბილეთების შოვნაში. “ბლატის” გარეშე არც ველიამინოვის სახინკლეში თუ ზარიბეგას დუქანში მოგაქცევდნენ ყურადღებას. ამ ქუჩის აკადემიის გავლის შემდეგ ხარისხდებოდნენ სხვადასხვა მიმართულებით – ხულიგნობა, ქურდობა, სპორტი, ხელოვნება, პარტიული მუშაობა, მეცნიერება... ცუდი ხვედრი ხვდებოდათ მათ, ვინც ბირჟაზე არ გამოდიოდა ან იქ “კარგად” ვერ იდგა. ასეთები უფრო “დედიკოს ბიჭები” და მუსიკოსები იყვნენ. განსაკუთრებით არ სწყალობდნენ მევიოლინეებს. მათ ზოგჯერ აიძულებდნენ ქუჩაში დაკვრას, რაც სიცილ-ხარხარის აკომპანემენტებით მიმდინარეობდა. ურთიერთშეხვედრისას გაცნობის თუ მცირე გარჩევის დროს ხშირად გაისმოდა შეკითხვები:- რომელი უბნელი ხარ? ვის იცნობ? მიღებული პასუხით ხდებოდა შეფასებაც და საქმის გადაწყვეტაც.