ადამიანი თავისი ცხოვრების გზას, პროფესიას ირჩევს შეგნებულად ან გარკვეულ გარემოებათა ზეგავლენით. ზოგი მალე აგნებს თავის მოწოდებას, ზოგი მუდმივ ძიებაშია. ეს პროცესი მნიშვნელოვან კავშირშია პირად განცდებთან. ძველი ბერძნული მოწოდება „შეიცან თავი შენი“ უმნიშვნელოვანესია ადამიანის ზრდა-განვითარების თვალსაზრისით. ამას აუცილებლად უნდა დავუმატოთ თვითრეალიზების კომპონენტი. ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი. ამდენად, შეცნობა+რეალიზება არის წარმატების და კმაყოფილების საფუძველი.
რეალიზება ბევრ სფეროშია შესაძლებელი - მეცნიერების სხვადასხვა დარგი, პოლიტიკა, ხელოვნება, სპორტი, ბიზნესი და ა.შ. ჩემთვის ასეთი სფერო აღმოჩნდა ფსიქოლოგია. რომლის საშუალებითაც მოხდა როგორც თვითშემეცნება, ისე მაქსიმალური რეალიზაცია. მართალია, ამ სამყაროში შესვლა თავიდან არ ყოფილა შეგნებულ დონეზე, მაგრამ თანდათან მოხდა გათავისება იმდენად, რომ მეთქვა - ფსიქოლოგია უპირველეს ყოვლისა!
მაინც რატომ ფსიქოლოგია? იმიტომ, რომ იგი დაკავშირებულია ცხოვრების ნებისმიერ ასპექტთან. ადამიანი უპირველესად ფსიქიკური არსებაა, რომელიც ცნობიერად თუ არაცნოებიერად განსაზღვრავს თავის აქტივობას - აღქმას, მეხსიერებას, ყურადღებას, მოძრაობას, აზროვნებას და ა.შ. ეს აქტივობა განსაზღვრავს სინამდვილის სწორ ან მცდარ ასახვას.
მცდარი, ილუზორული ასახვა არ არის დაკავშირებული საგნის ან მოვლენის თავისებურებებთან (თუ ეს სპეციალურად არ არის შეცვლილი). შეცდომა უნდა ვეძებოთ ამსახველში, ანუ ადამიანის სუბიექტურ, ფსიქიკურ მხარეში.