სათამაშო
პისტოლეტი
მოქმედი პირები:
მეა – იგივე მედეა.
იო – იგივე იორამი.
* * *
ავანსცენაზე გამოდის მეა (ხანში შესული) სიმპათიური ქალბატონი, რომელსაც ორივე ხელით უჭირავს ლამაზად შეფუთული ამანათი. დიდხანს ჩუმად დგას და ოდნავ იღიმება, მერე კი საიდუმლო ხმით ამბობს:
– დღეს, ჩემი გარდაცვლილი მეგობრისაგან ამანათი მივიღე, ჯერ არ გამიხსნია, ცოტა არ იყოს, ვღელავ.
დიდხანს არის ჩუმად, დარბაზს მოათვალიერებს და იტყვის:
– ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო.
ცოტა ხანს კიდევ გაჩერდება და ჩქარი ნაბიჯით გავა.
სცენა განათდება და გამოჩნდება ორი სხვადასხვა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამყარო. ერთ მხარეს პატარა გოგონაა (სკოლის მოსწავლე მეა), მეორე მხარეს კი – ახალგაზრდა ვაჟი (იო).
ისინი თავ-თავიანთ ტერიტორიებზე ფუსფუსებენ, ერთმანეთს ვერ ხედავენ, ვერ ამჩნევენ და არც ერთმანეთის ლაპარაკი ესმით.
მეა – ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო.
თოთხმეტი წლის ვარ, სულ რაღაც 4 დღეში გავხდები თოთხმეტის, მაგრამ უკვე ნახევარი წელია, როცა მეკითხებიან, რამდენი წლის ხარო, ვეუბნები, რომ თოთხმეტის, მერე რა, რა მოხდა...
იო – მე ვარ იო, დაბადების მოწმობაში იორამი მიწერია.
მეა – ჩემი ნამდვილი სახელია მედეა, მაგრამ ყველა მეას მეძახის, მეც მეა უფრო მომწონს.
იო – მე 25-ის ვარ, ძალიან ცნობილი...
მეა – მე არავინ მიცნობს, თითქმის არავინ, მიცნობენ მარტო...
იო – ძალიან პოპულარული მსახიობი ვარ, შეიძლება ითქვას, ყველაზე პოპულარულიც.
მეა – ...ჩემი კლასელები, მეზობლები, ხო, ზაფხულში ჩემთან სოფელში რო ჩამოდიან, კიდევ ვიღაც-ვიღაცები გამახსენდება, ოჰ რა ცოტა, კიდევ გამახსენდება.
იო – ისეთი პოპულარული ვარ, ისეთი პოპულარული, რომ აი, აქა მაქვს, აქ (კისერზე იკიდებს ხელს), თითქოს, მახრჩობენ.
მეა – სხვათა შორის, უკვე ორ კლასელს მოვწონვარ. მართალია, არ ტყდებიან, მაგრამ მე მაგას გამომაპარებენ?! გუშინ ერთმა, პირველმა მაინცა და მაინც ჩემს პალტოს დააკიდა თავისი ქურთუკი, ვითომ სხვაგან ადგილი არ იყო, მეორემ?! მეორემ უარესი ქნა, აიღო ჩემი ჩანთა და მესამე სართულიდან გადააგდო. თან თვალებში მიყურებდა და ასე ნელ-ნელა უშვებდა ხელს.
იო – აღარ შემიძლია ამდენი სიყვარულის ატანა, ამდენი შეყვარებული დეგენერატის, ამდენი ცრემლის, მეზიზღება, აუ, აუ, თავი დამანებეთ დამანებეთ, რაა...
მეა – სხვათა შორის, ერთი წუთით.. ერთი წუთით. აი, ეს უკვე ნამდვილი სიყვარულია, რაც შარშან მოხდა, ზაფხულში. ერთმა ბიჭმა მე ამომირჩია, მოიცა... ერთი, ორი, სამი, ხუთ გოგოში. ხუთნი ვიყავით და ასე თქვა, ამის გარეშე მე ფეხბურთს არ ვითამაშებო, ეს თუ არ დადგა კარშიო. რა, არ გჯერათ? დედას ვფიცავარ.
იო – ვერ ვიტან ამ სიტყვას „დედას ვფიცავარ“, „დედას ვფიცავარ“. ყველა სიყვარულს მეფიცება გარშემო, რატომ გადამეკიდნენ?! მწერენ და მწერენ წერილებს.
იო და მეა (ერთად) – არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ნახევარი საუკუნის წინ ხდება, არც ინტერნეტია და არც მობილური.
იო – წერილების მთელი მთა მექნება მიღებული. მაგას რა წამაკითხებს?!
მეა – არ გჯერათ, რომ მართლა შევუყვარდი იმ ბიჭს? აი, წერილი, – „მეა, მე შენ მიყვარხარ“. მართალია, თავიდან დიდი ასოებით იწყება და მერე წვრილდება, თან ქვემოთ ჩამოდის, ეტყობა, დაუხაზავ ფურცელზე არ არის წერას მიჩვეული, მაგრამ ხომ ფაქტია, აი, ვისაც არ გჯერათ, მოდით და თქვენი თვალით ნახეთ.
იო – (იცინის) ახლა ერთ ნაპერწკალს მივცემ ამ წერილებს და ამდენი გრძნობა უცებ დაიფერფლება. რა გულსატკენია, ნწუ, ნწუ.
მეა – ამას მთელი სიცოცხლე შევინახავ, რომ მერე ჩემს შვილიშვილებს ვაჩვენო, დიახაც ასეთი რამეები უნდა კარგად შევინახო. მეც მიყვარს. ვისაც ვუყვარვარ, მე რატომ არ უნდა მიყვარდეს?! მართალია, ჯერ პასუხი არ მიმიწერია, მაგრამ აუცილებლად მივწერ, ბოლოს და ბოლოს, ასეთი მოკლე წერლის მიწერაც შეიძლება, მაგრამ ჯერ ვერ მოვიცალე.
იო – აი, ამათთვის, არც ერთისთვის, პასუხი არ მიმიწერია, ზოგი არც წამიკითხავს. ხოლო რაც შეეხება ნამდვილ სიყვარულს...
მეა – ხოლო რაც შეეხება ნამდვილ სიყვარულს...
მეა და იო (ერთად) – დარწმუნებილი ვარ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს.
იო – ეს ვინ გაბედა ჩემთან ერთად ლაპარაკი?
მეა – მე მეა... ვაიმე ვინმემ არ გაიგოს...
იო – ჩემი პოპულარობის გამო ათას სისულელეში მხვევენ. აი, ახლაც... მოკლედ, ვარსკვლავები ყველგან სჭირდებათ და ყველგან ფეხქვეშ ეგებიან და მე ამას მიჩვეული ვარ.
მეა – კონკურსი გამოაცხადეს, „რომეო და ჯულიეტას“ დგამენ.
14 წლის ყველა გოგონას, ვისაც