თავი პირველი ორმოც წლამდე, შავკანიანი, დაკუნთული მამაკაცი. შუშის კაბინაში ძლივს ეტევა. ჩემს პასპორტს ფურცლავს, ჯერ ფოტოს აკვირდება, შემდეგ კი მე, გამჭოლი მზერით.
- თუ შეიძლება, პირბადე ჩამოიწიეთ.
პირბადეს ქვემოთ ვქაჩავ და მთელ სახეს ვაჩენ.
- მადლობა, - მეუბნება და ფურცვლას აგრძელებს, - ალბათ, იცით, რომ ასაკის გამო რისკჯგუფს მიეკუთვნებით? - ისევ თვალებში მიყურებს.
- დიახ, რა თქმა უნდა, - მშვიდად ვპასუხობ.
- როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, ვალდებული ვარ, შეგახსენოთ, რომ ეს ბოლო რეისია და, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, უკან ვეღარ დაბრუნდეთ.
- ვიცი. ინფორმირებული ვარ.
- რა მისიით მიემგზავრებით?
- აი, აქ წერია ყველაფერი.
ვაწვდი წინასწარ გამზადებულ ფურცელს. კითხულობს და პასპორტთან ერთად მიბრუნებს.
- კეთილი მგზავრობა!
- დიდი მადლობა, - ვპასუხობ, პასპორტს, საბუთებთან ერთად, მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში ვინახავ და გასასვლელისკენ მივდივარ.
აქაურობა თითქმის ცარიელია. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში ხუთ-ექვსჯერ მაინც მიწევს აქ მოსვლა, „შარლ დე გოლის“ აეროპორტის მთელ სივრცეს პირველად ვხედავ. უცნაურ სიჩუმეს ახალგაზრდა ქალის ისტერიკული ყვირილისა და ჩხუბის ხმა არღვევს. პოლიციელები მის გაყვანას ცდილობენ, ქალი უძალიანდება, მარმარილოს იატაკზე ფეხებს მიასრიალებს და ფრანგული ჩხუბიდან სერბულ ტირილზე გადადის. მისი ხმა მთელ აეროპორტში ექოსავით ისმის. ეს ენა არც ერთში არ ამერევა - ხუთი წლის წინ იქ თითქმის ნახევარი წელი დავყავი და ახლა უკვე სიტყვებსაც ვარჩევ: „გამიშვით! დამაბრუნეთ! დამაბრუნეთ ჩემს სახლში! ვინ მოგცათ ამის უფლება!!!“ - იმუქრება, რომ ამას არ შეარჩენს, უჩივლებს და ყველას ციხეში ჩაყრის. გარშემო არავის რეაქცია არა აქვს, მათ შორის - არც მე. ქალის ხმა სულ უფრო შორიდან ისმის და თანდათან სიჩუმეში იკარგება.
გაფრენამდე ერთი საათი რჩება.
აეროპორტის ყველა მარკეტი და კაფე დაკეტილია.
მოსაცდელ დარბაზში შევდივარ და გრძელ სკამზე ვჯდები.
ეს დრო არ მაწუხებს, მთავარია, რეისი არ მოხსნან.
პარიზში ჩემი პირველი ჩამოსვლა მახსენდება...
***
რატომღაც სულ ასე ხდებოდა - უცხო ქვეყანაში გვერდით რაც არ უნდა საიმედო ადამიანი მყოლოდა, მაინც „ვახერხებდი“ უცნაურ სიტუაციებში მოხვედრას. მაშინაც ასე იყო. მე და ჩემი მეგობარი მამაკაცი ლონდონიდან პარიზში გამთენიისას ჩამოვფრინდით. სასტუმროს ნომრის დაკავება 12 საათიდან შეგვეძლო, მას კი ცხრაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, რაც პარიზში ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზეზი იყო. მანამდეც არაერთხელ შემოუთავაზებია ჩემთვის რამდენიმე დღით სხვადასხვა ადგილას გამგზავრება, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი. ამ ვიზიტების შესახებ თვითონ არაფერს მიყვებოდა და მეც არასდროს დავინტერესებულვარ. ბოლოს დანიაში ერთკვირიანი მოგზაურობა შემომთავაზა და როცა კვლავ უარი მიიღო, ღიმილით ჩაილაპარაკა, უცნაურია, მიკვირს, რომ ასეთ შესაძლებლობებს უშვებ ხელიდან, მე ხომ ამის სანაცვლოდ არაფერს ვითხოვო. აი, მაშინ კი ვუთხარი, თუ როდესმე პარიზში მოგიწევს გამგზავრება, იქ უეჭველად გამოგყვები-მეთქი, და ასეც მოხდა.
- სასტუმროში დამელოდები თუ სადმე დაგტოვო? - მკითხა, როგორც კი აეროპორტის შენობიდან გამოვედით და ტაქსის გაჩერებისკენ გავემართეთ.
- არა, რა მინდა სასტუმროში? - ვუპასუხე.
- კარგი, მაშინ ჯერ მე მივალ, მაინც ამ გზაზეა, და მერე თვითონ გადაწყვიტე.
ჩემი ოცნების ქალაქში პირველად ვიყავი და ამ ძვირფას დროს სასტუმროს მოსაცდელში მის ლოდინში როგორ დავკარგავდი?!
ტაქსი ჯერ ისევ აეროპორტის გზაზე მიდიოდა, ფანჯარას ვიყავი აკრული და პირველივე ნაცნობი შენობის გამოჩენას გულის ფანცქალით ველოდი. ფრანგული ჩემს მეგობარზე ბევრად უკეთ ვიცოდი და მანქანიდან გადავიდა თუ არა, მძღოლს გამართული ფრანგულით ვუთხარი, ლუვრთან ახლოს მიმიყვანეთ-მეთქი. უკვე პარიზის ცენტრალურ ქუჩებში მივდიოდით. აქ ყველაფერი ისეთი ნაცნობი და ახლობელი იყო ჩემთვის, თითქოს დიდი ხნის განშორების შემდეგ დავბრუნდი. ლუვრს შორიდანვე მოვკარი თვალი, მძღოლს მანქანა გავაჩერებინე და გზას ფეხით გავუყევი. ერთი პატარა ზურგჩანთით ვიყავი და ეს არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა - ახალგაზრდობიდან მიზიდავდა მთებში ხეტიალი და სიმძიმეების თრევა სულაც არ მიჭირდა. ჯერ მაინც ადრე იყო და ჩავთვალე, რომ მუზეუმი დაკეტილი იქნებოდა, ამიტომ იქვე ახლოს ქუჩებში დავიწყე ბოდიალი. ამასობაში ერთ ღია კაფეს მივადექი და გადავწყვიტე, ცოტა ხნით იქ ჩამოვმჯდარიყავი. ყავა და კრუასანი შევუკვეთე და სიგარეტიც გავაბოლე.
ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდით მე და ჩემი და, როცა რუკაზე მოვნიშნეთ ადგილები, საიდანაც უნდა დაგვეწყო პარიზის დათვალიერება, თუკი ოდესმე იქ მოვხვდებოდით. ლუვრი იმ ჩამონათვალშიც ერთ-ერთი პირველი გახლდათ. მამაჩვენი მხატვარი იყო და სახლში უამრავი ალბომი გვქონდა ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებით. ამ ნახატების თვალიერებას არაფერი გვერჩივნა და თითქმის ყველას ვცნობდით. მამას შორეულ ოცნებებშიც ვერ წარმოედგინა, რომ