ჩიხი
უნდა ვისაუბრო კაცზე, რომლის სისხლის ყოველი წვეთი პოეზიის სიყვარულითაა გაჯერებული. უნდა ვისაუბრო კაცზე, რომელსაც პოეზიით ცხოვრება მოუწადინებია. უნდა ვისაუბრო კაცზე, რომელსაც, გარდა სიყვარულისა და თავის ქვეყნის ტკივილისა, არაფერი გააჩნია. უბრალოდ, უნდა ვისაუბრო ნუკრი ბერეთელზე. მე მას ასეთს ვიცნობ, მკითხველო, და თუ ძალიან არ შემიწუხდები, ეგებ შენც ასეთი დაიმახსოვრო. დაიმახსოვრო, რადგან იგი ერთ-ერთი სახეა უნიჭიერესი თაობის წარმომადგენელთა შორის, რომელთაც უნდა შექმნან სამყარო ხვალინდელი ქართული პოეზიისა.
ნუ შემიკრთები, მკითხველო! ეს არაა ხმამაღალი ნათქვამი და არც არას ვიტყოდი, რომ არა ვხედავდე, არ ვგრძნობდე მათი სისხლის ყივილს და მეც თავად მათ გულისცემაზე არ მქონდეს ყური მიდებული.
მე კი, როგორც მჩვევია, არც ახლა ვღალატობ ჩემს, თქვენთვის ნაცნობ სიჯიუტეს და მჯერა, თქვენი “ქვითკირის ღრიჭოდანაც“ შემოატანს სიცივე და პოეზიაში დავანებულ სითბოსა და სიყვარულს მოგანატრებთ. ჯერ კი, ეს სიცივე ნუკრი ბერეთელის ქვითკირის ღრიჭოში ატანს, სადაც “მთელი ოთახი აუვსია სიცარიელეს“ და ზარს თავისი განწყობისასაც ჯერ მხოლოდ ჰჩუმის ხმით შენს გასაგონად აჟრიალებს და “უმთვარო ცაზე დაჩენილი ვარსკვლავებიდან“ გვესაუბრება. გვესაუბრება და ცდილობს, შენშიც გაამძაფროს გრძნობა კოსმიური სიცარიელისა. ამის უფლებას პოეტს ვერ წაართმევ, ის თავის მიერ შექმნილი სამყაროდან გვეხმაურება.
გვესაუბრება თუ როგორი “სიმშვიდით მწვანდებიან მთები“, რომ შენთვის ფურცლებზე გადმოიტანოს, შემდეგ კი...
“ბინდდება ფიქრით მივყვები სოფელს,
სულ ღობე-ღობე მივყვები ნიავს,
წყაროსთან გოგო შეიკრავს კოპებს
და წყაროს ბიჭის ღიმილი მიაქვს“.
აი, როგორ ქმნის პოეტი ყოველგვარი ზედმეტი ფერების და მოძრაობის გარეშე სასიამოვნო, მსუბუქ ლირიკას...
ჩემო მკითხველო! ხომ მატყობ, როგორ ვფრთხილობ... მიუხედავად ჩვენი ურთიერთობისა, არ მინდა იმაზე მეტად გავაქეზო შენი მოწადინება, რომ მხოლოდ ჩემს საუბარს დანდობილმა და მხოლოდ ჩემს იმედად მყოფმა, შენ თავი აღარ შეიწუხო, აღარ მოინდომო ამ ღრმა, სევდიან და ლამაზ სამყაროში უჩემოდ სიარული. მე კი ამჯერად მხოლოდ შენეული შეფასება მაინტერესებს.
თუკი ნუკრი ბერეთელის შემოქმედების გაცნობის მერე ჩემთვის დასასმელი კითხვა შეგაწუხებს, მე, თქვენი მონა-მორჩილი, მზად ვარ გავაგრძელო საუბარი მასზე, რადგან ის ჩემთვის არაა მხოლოდ ნუკრი ბერეთელი, იგი პოეტიცაა – თავისი თაობის ერთ-ერთი ნიჭიერი სახე, რაც არანაკლებ საინტერესოა...
ტარიელ ხარხელაური