პირველი მოქმედება მოქმედი პირნი:
გიო – 16 წლის
ხათუნა – 16 წლის
თომა – გიოს მამა
ჰასანი – ხათუნას მამა
ნორა – ხათუნას დედა
პირველი სურათი
საღამოა. ხათუნას სახლი. მისაღები ოთახი. ისევე, როგორც სოფლის სახლების უმრავლესობა, უსარგებლო საგნებითა და ავეჯითაა გადატვირთული. მაგიდა, ტახტი, სკამები, კუთხეში სამზარეულო. ხათუნა წიგნს კითხულობს. ნორა ქსოვს. ჰასანი ბლოკნოტში რაღაცას წერს. გვერდით კალკულატორი უდევს.
ხათუნა: მამა, ჩვენი ღმერთი როგორია?
ჰასანი: (საქმეს მოსწყდება) ეს, რაღაც, ახალია.
ნორა: რა კითხვაა ახლა ეს, შვილო?
ხათუნა: მაინტერესებს. არასდროს მინახავს.
ჰასანი: (ცდილობს საქმე განაგრძოს) ღმერთი არავის უნახავს, შვილო.
ნორა: ის კეთილია.
ხათუნა: და თუ არ გინახავთ, საიდან იცით, რომ კეთილია?
ჰასანი: მისი საქმეებიდან ვიცით, შვილო. ის ყოველთვის სიკეთეს აკეთებს.
ნორა: და სამართლიანია.
ხათუნა: და როგორია?
ნორა: (ქსოვას თავს ანებებს) რას ნიშნავს "როგორია"? რა კითხვებს სვამ?
ჰასანი: (ხათუნას ყურადღებით უყურებს) სოფელში გითხრეს რამე?
ხათუნა: არა, სულ ეს მესმის, რომ ჩვენი ღმერთი ისეთი არ არის, როგორიც ქრისტიანების ღმერთი და დამაინტერესა.
ჰასანი: ქრისტიანების ღმერთი ქრისტიანებს ჰკითხე. მე კი6 დევ, უკვე გითხარი, რომ ის კეთილია და რომ არა ღმერთი არც შენ, არც მე და არც დედაშენი არ ვიქნებოდით. არაფერი არ იქნებოდა ამ ქვეყნად. იქნებოდა სიბნელე და სიცარიელე.
ნორა: თუ გაინტერესებს მართლა, ღმერთი როგორია, მოლასთან მიგიყვანს მამაშენი და დაელაპარაკები. ჩვენზე უკეთ ეგ გაგცემს პასუხს.
ხათუნა: და მოლაზე ამბობენ, რომ ფული უყვარს და სვამს.
ჰასანი: მაგას ქრისტიანები ამბობენ! რას უსმენ მაგათ?
ნორა: (საქსოვს მაგიდაზე დებს) გვიანია, უკვე, დაწექი... და მეორედ ეგეთი რამე არ გაიმეორო.
ხათუნა: ვის უნახავს ღმერთი?
ჰასანი: წინასწარმეტყველ მუჰამედს.
ნორა: მას ღმერთის ხმა ესმოდა და დაწერა წმინდა წიგნი "ყურანი". რომ დაგეწყო კითხვა არ გაწყენდა.
ხათუნა: მუჰამედის გარდა, უნახავს ვინმეს?
ჰასანი: რა გჭირს, შვილო?
ხათუნა: კარგი პასუხია. (ნიშნისმოგებით) და გინდათ ღმერთის ვიწამო? (პაუზის შემდეგ) მინდა ვნახო. მაინტერესებს, როგორია, მაღალია, დაბალია, ბებერია თუ როგორი?
ნორა: დაწექი, ახლა!
ხათუნა: და ქრისტიანებმა რატომ იციან მაგათი ღმერთი როგორია და ჩვენ არ ვიცით?
ჰასანი: ჩვენი რელიგია კრძალავს ღმერთის დახატვას.
ხათუნა: და ღმერთი რომ დავხატოთ, ამით რამე დაშავდება? დავხატოთ ღმერთი და გვეცოდინება როგორია. მე მაინტერესებს, მაგალითად.
ნორა: შენ ცუდი ზეგავლენის ქვეშ ხარ. ჰასანი: ღმერთის დახატვა საჭირო რომ ყოფილიყო, შენი წინაპრები დახატავდნენ.
ხათუნა: და ქრისტიანებმა რატომ დახატეს? ამით რამე დააკლდათ? არა სჯობს, ჩვენც დავხატოთ?
ნორა: დახატვის ნაცვლად, ღმერთის მოციქულმა წიგნი დაწერა.
ხათუნა: წიგნი ქრისტიანებსაც აქვთ.
ჰასანი: მაგათი, ეგრეთ წოდებული, წმინდა წიგნი ღმერთის შთაგონებით კი არ არის დაწერილი, როგორც ჩვენი "ყურანი". მაგათი წიგნი წმინდანის ცხოვრებაზეა. ღმერთი იქ არაფერ შუაშია.
ხათუნა: ადვილი გამოსავალი უპოვიათ. მუსლიმებზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ. სურათის დახატვა უფრო ადვილი არ არის?
ნორა: გაჩუმდი, ახლა.
ხათუნა: მუჰამედი მოციქულია თუ წინასწარმეტყველი?
ჰასანი: (მოთმინების ფიალა ევსება) როდესაც მუჰამედი ცოცხალი იყო, მას წინასწარმეტყველს ეძახდნენ, რადგან ღმერთის მიერ შთაგონებულ სიტყვებს ქადაგებდა. შემდეგ, მას მოციქული დაარქვეს. მუჰამედი ჩვენი ღმერთის უკანასკნელი მოციქულია. ქრისტიანებმა კი თავისი მოციქული ღმერთად აქციეს. ახლა მოდი და შენ თვითონ მიხვდი, რომელს გვყავს უფრო ჭეშმარიტი ღმერთი.
ხათუნა: ვერ გავიგე, თუ მუჰამედი და ქრისტე მოციქულები არიან, გამოდის, რომ ჩვენ და ქრისტიანებს ერთი ღმერთი გვყავს?
ნორა: ხათუნა! ხათუნა: მუჰამედამდეც ყოფილან მოციქულები? რატომ არ გადაუღეს ფოტო, ან ვიდეო? რატომ არავინ იფიქრა ამაზე? თუ, ვინც გადაიღო, მოკლეს?
ჰასანი: შვილო, მაშინ არ იყო არც ვიდეო და არც კომპიუტერი. მაშინ, მხოლოდ დამწერლობა იყო.
ხათუნა: და ხატვა ხომ შეეძლოთ? დაეხატა ვინმეს. ან, თუნდაც, მუჰამედს დაეხატა ჩვენი ღმერთი, თუ მარტო მას ჰყავდა ნანახი. რა მოფიქრება უნდა ამას?
ჰასანი: ნუ ამბობ ცოდვილ სიტყვებს. ღმერთი დაგსჯის.
ხათუნა: მაშინ, მე დავხატავ. ეგ ხომ არ არის ცოდვა?
ნორა: მოლასთან მიგიყვან და გეტყვის ყველაფერს.
ჰასანი: ქრისტიანებს სამი ღმერთი ჰყავთ. ჩვენ კიდევ, ერთი.
ხათუნა: მე სკოლაში მითხრეს, რომ ჩვენც და ქრისტიანებს ერთი ღმერთი გვყავს.
ჰასანი: აბა, როგორ ეგ? რა სისულელეებს ბოდიალობ?
ხათუნა: არ ვიცი, ასე თქვეს. კიდევ თქვეს, რომ ქრისტე მუსლიმებისთვის ერთერთი წმინდანია. თუ ასეა, რატომ ჩხუბობთ ქრისტიანებთან?
ჰასანი: იმიტომ, რომ ლოცვის საშუალებას არ გვაძლევენ.
ხათუნა: რატომ, თვითონ ხომ ლოცულობენ?
ჰასანი: რო არ იცი, მაგაშია საქმე.