წინასიტყვაობა პიესა-რომანის მთავარი მოქმედი გმირი ნინოა. ორმოცდაათს თითქმის გადაცილებული ქალი. თავის დროზე დაფასებული და შემდეგ უარყოფილი. მაგრამ მებრძოლი, ბევრჯერ გამარჯვებული და უფრო მეტჯერ დამარცხებული. ნინოს მეტსახელად „პუსკუნას“ ეძახდნენ, მისი უსაშველო სიგამხდრის გამო. როდესაც მისმა ქმარმა ნინოს სიგამხდრე შეამჩნია და ეს სახელი დაარქვა, არ ფიქრობდა, რომ სიყვარულით დარქმეული მეტსახელი ჯერ ზიზღის, შემდეგ სიძულვილის, შემდეგ კომიკურობის და ბოლოს, ფარსის ჟანრში გადაინაცვლებდა. ეს (ერთი შეხედვით) ღიმილისმომგვრელი მეტსახელი, გარეშე ყურისთვის სასაცილო უნდა ყოფილიყო და თავის დროზე მიზნად ისახავდა გაგცინებოდა, შემდეგ გაგღიმებოდა და ბოლოს თავდავიწყებით მიგეღო ის. პიესა-რომანის განმავლობაში, ნინო ყველაფერია „პუსკუნას“ გარდა.
ნინო მამით ქართველია, დედით – სომეხი. ოჯახი ამას დიდად არ აფიშირებს. ნინოს დედას, რომელიც ქმრის გვარზე იყო, სომხური სახელი ერქვა – სუსანა. ამ სახელის გადარქმევას ყველა ემხრობოდა ქმრის გარდა. თემურს, ნინოს მამას, ცოლი ისეთი უყვარდა, როგორიც გაიცნო: ლამაზი, ხუჭუჭთმიანი, თხელი სომხის გოგო, დიდი თეთრი კბილებით და წითელი ტუჩებით. რა მნიშვნელობა ჰქონდა, სომეხი იყო თუ ქართველი? შვილებმა მაინც თავისი გაიტანეს და სახლში ქართულ სახელს ეძახდნენ – სულიკოს. ნინოს მამა ვერ ხვდებოდა, რა იყო ცოლის ეროვნებაში დასამალი. როდესაც ნინოს დედამ და ნინოს მამამ იქორწინეს, ნინოს დედა ქმრის გვარზე გადავიდა. ნინოს მამას უცნაურად კი მოეჩვენა ცოლისთვის გვარის წართმევა, მაგრამ თავად პატარძალმა მოინდომა ასე. საქართველოში არ იყო ტრადიცია, გათხოვებისას ცოლს გვარი დაეკარგა, მაგრამ ჩათვალა, რომ სომხებში ასეთი წესი იყო და გაჩუმდა. როდესაც პირველი ქალიშვილი – ნინო გაჩნდა, სახელის არჩევისთვის ყურადღება დიდად არ მიუქცევია, ბედნიერი იყო და სამი დღე-ღამე სამშობიაროს ეზოში კონტრაბასზე უკრავდა. როდესაც მეორე ქალიშვილი – ანა გაჩნდა, მაშინაც გაატარა ეს ამბავი. სახელი ცოლმა ამოირჩია. თემურს ბიჭი უნდოდა, ბიჭისთვის იყო მზად. ბიჭის სახელზე ფიქრობდა დიდი ხანი. მეგობრებში ხუმრობდა, სუსანამ მესამეც გოგო თუ გამიჩინა, ცოლს გამოვცვლი, სომხების ჯინაზე თათრის გოგოს მოვიყვან, აზერბაიჯანელებს სულ ბიჭები უჩნდებათო. მესამე არ დასცალდა.
როდესაც ნინოს და ანას შავტუხა, გამხდარი, დიდპირა დედა სუსანა იცინოდა, თემურს ეჩვენებოდა, რომ ოთახში მზე შემოდიოდა. კაცია და გუნება. ასეთი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ცოლზე – ძალიან უყვარდა. ნინოს მამა მუსიკოსი იყო. კონტრაბასზე ჯაზს და ბლუზს უკრავდა. ერთხელ, დიდი ხნის „ჩალიჩის“ შემდეგ, როდესაც ნინოს მამა და მისი ჯაზბენდი საქართველოს ცენტრალურ რადიოში სტუმრად მიიწვიეს, ნინოს მამა ჩაწერაზე არ გამოცხადდა. მოიკითხეს, გაიკითხეს, შინ დარეკეს და ლოგინში გარდაცვლილი იპოვეს. ოცდარვა წლის კონტრაბასისტს ცოლი და ორი ქალიშვილი დარჩა. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება გულდასაწყვეტია, შემზარავია, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა კაცი თავს იკლავს – ეს ორმაგად სატირალია. ეკლესია თვითმკვლელს წესს არ უგებს, პანაშვიდს არ უხდის, მაგრამ კომუნისტების დროს, წესის აგებისთვის ვის ეცალა? ურწმუნო იყო ქვეყანა. მიუხედავად ამისა, თვითმკვლელობა გაუგონარი უბედურება იყო. გაუგონარ უბედურებას კი მალავენ ხოლმე და არ იჯერებენ. უბედურება იყო – მაშინაც და ახლაც. მაშინ (და ახლაც) ასეთი წესი იყო, რომ თვითმკვლელობა იმალებოდა, თვითმკვლელობა სიკვდილად არ მიიჩნეოდა.
ნინოს მამამ იმაზე მეტი წამალი დალია, ვიდრე მისი ორგანიზმი გაუძლებდა.
კითხვას ვსვამ: თავი მოიკლა კაცმა, რომელმაც ძილის წინ ათამდე საძილე აბი მიიღო, თუ უბრალოდ, არ ეძინებოდა?! ასეა თუ ისე, ეს ამბავი დაიმალა. შესაბამისად, ნინო და ანა უმამოდ გაიზარდნენ, ახალგაზრდა კონტრაბასისტის შავ-თეთრი ფოტოს შემყურენი, სადაც რამდენიმე ფერადი ფოტოც ელაგა.
პიესა-რომანის მთავარი გმირი – ნინო, მოწესრიგებული ადამიანია. შეიძლება ითქვას, ზედმეტად მოწესრიგებული. ამას ახლა პედანტი ჰქვია. პედანტურობა სადღაც სასარგებლოა, მაგრამ გარშემო მყოფთათვის მომაბეზრებელი ხდება. ეს ბევრს აღიზიანებს. პედანტ ადამიანთან გაზრდილი შვილები რადიკალურად განსხვავებულნი ხდებიან. შვილებზე მოგვიანებით.
ნინო ლამაზია. ასე ითქმის ქალზე, რომელიც პირველივე ნახვისას სამუდამოდ გამახსოვრდება. სხვა ახსნა არა აქვს სილამაზეს. დაინახავ ნინოს და მუდამ გახსოვს მისი ხატება. არ იცი რა უყო: შეჭამო, დალიო, უსუნო, ალოკო, მოეფერო, უყურო, შეეხო, გადააგდო... ნინოს სილამაზეს თან ერთვის ელეგანტურობა, მომხიბვლელობა, სინატიფე, დახვეწილობა.
მე შემეძლო დამეწერა, რომ მოქმედება ნინოს პატარა, ნაქირავებ სახლში ხდება, სადაც სამზარეულო და მისაღები ერთმანეთისგან ფარდითაა გამოყოფილი. რომ ეს ფარდა, ჩამოკიდებულიც კი არ იყო, უკვე მორალურად დაძველებული ჩანდა, რომ ყოველთვის გადაწეულია და მისმა ჩამომკიდავმაც არ იცის, რატომ ჩამოკიდა, რომ მისაღები ოთახი პატარაა, იქ მხოლოდ ლოგინი და ერთი სავარძელი ეტევა, შემეძლო დამეწერა, რომ ყველა ნაქირავებ ბინას ერთი უცნაური თვისება აქვს: შპალერი და პარკეტი მორალურად შელახულია, ზედ