ავტორისაგან ერთი წუთით, სანამ პიესის კითხვას დაიწყებდეთ...
ეს წიგნი გამოსულია და ვიხსენებ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დაუჯერებელია, რომ პირველად ამ სპექტაკლის შესახებ 2016 წელს ვისაუბრეთ. მაგრამ მანამდე იყო ერთი პატარა მოთხრობა, სადაც სიუჟეტი ზუსტად ისე ვითარდება, როგორც პიესაშია.
1980 წელია. საბჭოთა კავშირი ავღანეთში ომობს. პატარა, ზღვისპირა ქალაქში კი ერთი ბიჭი ცხოვრობს - საინტერესო, გამორჩეული ბიჭი. წერს ლექსებსა და სიმღერებს. ამ გამორჩეულ ბიჭს მშობლები არ ჰყავს, მამობილი პატრონობს, რომელიც თბილისში „დიდი კაცია“. ამ ბიჭს ერთი უცნაური ჰობი აქვს: დილაობით ზღვაში მიცურავს და დელფინებს აჭმევს. სინამდვილეში კი, საბჭოთა კავშირიდან გაქცევაზე ოცნებობს. გეგმაც აქვს: იყიდოს ტივტივა, ჩამოიცვას თავზე და თურქეთის საზღვრისკენ გაცუროს, გაექცეს საბჭოთა რეალობას. წავიდეს იქ, შორს, ამერიკაში. და მაშინ, როდესაც ყველაფერი მზად აქვს, გოგონა შეუყვარდება. ბიჭმა უკვე აღარ იცის, წავიდეს თუ დარჩეს. იმიტომ, რომ თუ დარჩება, ავღანეთში უკრავენ თავს, და თუ წავა, სიყვარულს დაკარგავს.
პიესაზე მუშაობა ერთ წელზე ცოტა მეტი გრძელდებოდა. მე და დათო დოიაშვილი შევხვდებოდით, ვეტყოდი სცენის გეგმას, გავივლიდით, ჩავასწორებდით, შემდეგ შინ მივდიოდი, სცენას ვწერდი, ისევ ვხვდებოდით და ვკითხულობდით. ამოსაღებს ვიღებდით, დასამატებელს ვამატებდით და შემდეგ სხვა სცენას გავდიოდით. ამასობაში პანდემიაც წამოგვეწია, მაგრამ მუშაობა არ შეგვიწყვეტია. შემდეგ იყო სპონსორების მოძიების ურთულესი პროცესი, ამასობაში „მუსიკისა და დრამის ახალი თეატრი“ ახალ მისამართზე გადავიდა, დაიწყო რემონტი და ახალ დარბაზს ველოდებოდით. შემდეგ, როდესაც სპექტაკლის სადადგმო თანხის მოძიების იმედი თითქმის გადაგვეწურა, გამოჩნდა ირაკლი ჩხიკვაძე, რომელიც მაშინ „შარქ თენქის“ რეჟისორი იყო და გადაცემაში მონაწილეობის მიღება შემოგვთავაზა. მოდი, იქნებ დაფინანსება მოიგოთ, თქვენი რა მიდისო და მართლაც მივედით, უცნაურად, სპონტანურად... და დაფინანსებაც მოვიპოვეთ. შემდეგ დაიწყო დადგმის პროცესი: მუსიკის არანჟირება, მხატვრობა, კოსტიუმები, დეკორაცია, მსახიობების კასტინგი...
ეს იყო უაღრესად საინტერესო პროცესი ჩემთვის, როგორც დრამატურგისთვის. ეს გახლდათ გამოცდილების, ცოდნის, ახალი შთაბეჭდილებების მოსავლის დრო. და რაც მთავარია, ახალი მეგობრების აღმოჩენის ხანა. გავიცანი უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობები, მათი ენერგია, ენთუზიაზმი, კეთილშობილება და ხალასი თვალები დღემდე მომყვება. გავიცანი „ახალი თეატრის“ უკვე გამოცდილი მსახიობები, მათ სრულიად სხვა სიღრმე შესძინეს ჩემს ტექსტებს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. მაგრამ ამ ამბავში მთავარი მაინც დათო დოიაშვილია.
დათო დოიაშვილთან მუშაობა უაღრესად საინტერესო იყო. თითქმის ყველა რეპეტიციას ვესწრებოდი, ვხედავდი, როგორ მუშაობს დოი მსახიობებთან, როგორ მიაქვს მათთან დრამატურგის სათქმელი, როგორ ძერწავს მსახიობთან ერთად როლს.
განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, რომ მთავარ და მეორეხარისხოვან როლებს რამდენიმე მსახიობი ასრულებდა. ისე გამოდიოდა, რომ ბუისა და იას როლებს სამი წყვილი, ანუ ექვსი მსახიობი თამაშობდა. დოი სამივე წყვილთან სხვადასხვა მიზანსცენაზე მუშაობდა. სხვადასხვა ქვეტექსტს დებდა სიტყვებში და ყოველ ჯერზე ახლებურად გამოსდიოდა. მართლაც დაუშრეტელი ფანტაზია აქვს.
ერთია იმუშაო ეპიზოდზე და მეორე აწყობილი ეპიზოდი ერთმანეთს გადააბა, დააკავშირო, თან ისე, რომ ჩემი ტექსტი და ირაკლის სიმღერები ერთმანეთს პასუხობდეს, ავსებდეს.
მცირეში დაინახოს დიდი მოვლენა და პირიქით, დიდი მოვლენა გახადოს რიგითი, ჩვეულებრივი ფაქტი, ეს პარადოქსული, განსხვავებული, არაჩვეულებრივი აზროვნების სტილი მის ყველა სპექტაკლში იგრძნობა. აქაც ასე მოხდა. მთლიანობაში, ამითაც განსხვავდება დოიაშვილის სპექტაკლები: არა მარტო მასშტაბურობით, ეფექტურობით, სანახაობით, არამედ სათქმელის სიზუსტით.
ირაკლი ჩარკვიანის მუსიკაზე იმდენი მაქვს დაწერილი... მისი სიმღერები ახლა არის პოპულარული, თორემ მაშინ, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში, როდესაც Svan Songs-ს ვუსმენდი, ბევრი ვერ იჯერებდა, რომ ქართულად ვიღაც მღეროდა, სიყვარულზე მღეროდა. მაგრამ ირაკლის აქტუალურობას მაშინ მივხვდი, როდესაც მისი სიმღერების გადაწერა მთხოვეს - კასეტიდან კასეტაზე. იყო ეს დროც. და შემდეგ დადიოდა მისი სიმღერები მანქანის მაგნიტოფონიდან სახლის „კასეტნიკებში“ და პირიქით.
ოთხმოცდაათიანების დასასრულს ირაკლის პროდიუსერი გავხდი (გიორგი ასანიშვილსა და დათო ხარაძესთან ერთად). შემდეგ ჩავწერეთ ალბომები, გადავიღეთ ვიდეოკლიპები. როდესაც ირაკლისთან მივედით და ვუთხარით, ხმის ჩამწერი სტუდია გავხსენით, არ გინდა ალბომი გამოვუშვათო, გაუკვირდა და გვითხრა, ყველას გიჟი ვგონივარო. მეც ვუთხარი, ჩვენც გიჟები ვართ-მეთქი და ასე დავიწყეთ ალბომის ჩაწერა.
ვმუშაობდით, ვმეგობრობდით.
ირაკლისთვის ნათქვამი მაქვს, რომ საუკეთესო სიმღერებს წერდა. ეს რომ ვუთხარი, ქეთათოს გადახედა და გაეცინა. რამდენი ადამიანისთვის მინდოდა მომესწრო კარგის თქმა და ვერ მოვასწარი. ირაკლის შემთხვევაში კი მოვასწარი. ეს სპექტაკლიც კიდევ ერთი შეხებაა მის მუსიკასთან, მის ტექსტებთან, მის ფილოსოფიასთან.
მინდოდა, რომ პიესა ასეთი სახით გამოსულიყო: დრამატურგია და როკ-პოეზია. იმიტომ, რომ მუშაობის დროსაც ასე იყო: ვწერდი და თან ვუსმენდი, რომელი სიმღერა რომელ სცენაში ყოფილიყო, კონტექსტი რომელ ეპიზოდს