თავი პირველი „როგორც არქიტექტურაზე ვერ იცეკვებ, ისე ვერ ილაპარაკებ მუსიკაზეც“
ფრენკ ზაპა
ამ წიგნის დაწერის იდეა ჩემმა შვილმა ნიკოლოზმა და მისმა მეგობრებმა მომაწოდეს. სტაბილურად დაძაბულ, ერთფეროვან საზაფხულო ციებ-ცხელებას გავუმკლავდი და ბავშვი სიონში დასასვენებლად გავუშვი. ორი კვირის თავზე დამირეკა და ჩემი ლეპტოპის ატანა მომთხოვა – თამაში ჰქონდა გასაგრძელებელი. მთავარი გმირი უდროოდ მიატოვა ძალიან მნიშვნელოვან ადგილას და თავს დამნაშავედ გრძნობდა.
როგორც ყველა ქართველ მშობელს, მეც არ მტოვებს აზრი, რომ ბავშვი კომპიუტერისგან განცალკევებით უნდა იზრდებოდეს. ამიტომ ზაფხულის ბოლომდე ტყეში სეირნობა, ტბაში ბანაობა, ფეხბურთის თამაში, ჭიაკოკონობანა და იქაურ ბავშვებთან დამეგობრება ვურჩიე. მოკლედ, ყველაფერი ის, რის გამოც ჩემი თაობის (და არა მარტო ჩემი თაობის) ბავშვებს ზაფხულის დადგომა გვიხაროდა. ნიკოლოზი ცივ უარზე იყო და დაჟინებით ითხოვდა ფროგერის (ასე ჰქვია თამაშის მთავარ გმირს) თბილისიდან ამოტანას, რადგან აფრიკის ტყეების ბინადართ გადარჩენა სჭირდებოდათ. სხვა გზა არ იყო – დავთანხმდი.
ნიკოლოზი, რომელიც მაშინ 6 წლის იყო, მუსიკის დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, Rage Against The Machine-ის მოსმენის დროს გიტარის მჭახე ხმის რიტმზე არშემდგარი როკერივით აქიცინებდა თავს. ალბათ ტელევიზორში ჰქონდა ნანახი, თორემ მე უკვე დიდი ხანია, იმ ასაკიდან გამოვედი, თმები რომ მოვუშვა, საჩვენებელი და ნეკა თითი ზემოთ ავწიო, თავი ჩავღუნო და ვაქნიო. ჩემთვის მუსიკა დიდი ხანია, პროფესიის ნაწილადაა ქცეული, ამიტომ ტრეშ მეტალსაც და ტრიპ ჰოპსაც უდრტვინველი სახით ვუსმენ. ვცდილობ, შვილს ის მუსიკა შევაყვარო, რომელსაც მე ვთვლი ღირებულად და სწორედ ამ თემით მთავრდება ჩემი ლიბერალური აღზრდის ევროპული სტილი. აქ მთავრდება დემოკრატია! ვერაფრით ავიტან, ერთ მშვენიერ დღეს, შინ დავბრუნდე და ჩემს მუსიკალურ ცენტრში ბრიტნი სპირსი ან ვინმე მსგავსი ტიპის მაჯლაჯუნა იჯდეს. მიჭირს ამის წარმოდგენა. ეს ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრება. არ ვხუმრობ!
მაგალითად, ჩემს ტელევიზორში ისეთი არხები მაქვს გამორთული, რომელიც ქართული ე.წ. პოპ-მუსიკის მრავალტანჯულ წარმომადგენელთა ვიდეოებს ატრიალებს. არ მინდა, შვილმა შემდეგ მომაძახოს, მძიმე ბავშვობა მქონდაო. ასევე გათიშულია რამდენიმე უცხოური მუსიკალური არხი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ქართულ მუსიკალურ ტელეპროდუქციას. აკრძალული მაქვს უხარისხო აუდიომასალის შინ შემოტანა-გავრცელება – შემთხვევით არ ჩართოს და რამე უბედურებას არ გადაეყაროს. შვილთან ერთად არ დავდივარ (და არ ვუშვებ) მასობრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა: ბაზრობა, სტადიონი, მიკროავტობუსები, მასკვების ობიექტები, აუდიომაღაზიები და, თქვენ წარმოიდგინეთ, დაბადების დღის ცენტრებიც კი. არ მინდა, რომ მომავალში მისთვის ბუნებრივად იქცეს ფსევდოთბილისური მუსიკა, რადგან შეიძლება, უკვე ზრდასრულს, სიმღერა „სამი დალიე, შეგერგება“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის თბილისის ჭეშმარიტ ფოლკლორულ ნიმუშად მოეჩვენოს. ახლა ისეთი დროა, ყველაფრის გამართლება შეიძლება: მელოდიებს იმიტომ არ წერენ – ხალხი მაინც იმახსოვრებსო, ურითმო ტექსტებს იმიტომ თხზავენ – ხალხი მაინც მღერისო, უგემოვნო არანჟირებებს იმიტომ აკეთებენ – ხალხს მაინც მოსწონსო, ცუდად იმიტომ მღერიან – ხალხი მაინც ვერ ამჩნევსო, მდარე ვიდეოს იმიტომ იღებენ – ხალხი მაინც უყურებსო, ფონოგრამით იმიტომ გამოდიან – ხალხი კონცერტებზე მაინც დადისო და ასე, დაუსრულებლად.
მიმაჩნია, რომ ადრეულ ასაკში, როდესაც ადამიანი პიროვნებად ყალიბდება, მნიშვნელოვანია, მოისმინოს ისეთი მუსიკა, რომელიც დაარწმუნებს, რომ ყველაფერი არ იყიდება; წაიკითხოს საინტერესო წიგნები, რომ მისი თვალსაწიერი გაიზარდოს და გამდიდრდეს; დაისვენოს მთაში, რომ ჩაყლაპოს სუფთა ჰაერი; გაიჩინოს ახალი მეგობრები, ისწავლოს ადამიანებთან ურთიერთობა და სხვა. მოკლედ, იმ ღირებულებათა სისტემაზე ვლაპარაკობ, რაც დაეხმარება, ზრდასრულ, სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბდეს. ეს რაც შეეხებოდა ჩემი მუსიკალური ცენტრისა და ბრიტნი სპირსის დამეგობრებას, მაგრამ იმ წელს მოხდა ერთი მეტად საინტერესო რამ, რის შემდეგაც ოჯახში მართვის მკაცრი ხელი მოვადუნე და ჩინურ სოციალიზმზე გადავერთე.
ერთი ჩემთვის პატივსაცემი ჯგუფი თბილისს ეწვია და, რა თქმა უნდა, ყველა ღონე ვიხმარე კონცერტზე მოსახვედრად. იყო დრო, როდესაც Shakti თბილისში ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც The Beatles წითელ მოედანზე, მაგრამ მოხდა და თბილისს Shakti ესტუმრა, პოლ მაკარტნი კი – მოსკოვს.
ზაკირ ჰუსეინისა და ჯონ მაკლაფლინის ტაბლასა და გიტარას ჩემი ცოლ-შვილი ყოველთვის ცივი მდუმარებით ხვდება. ბრმა უნდა იყო ადამიანი, ვერ შეატყო, რომ ამდენ შეწუხებას მხოლოდ ჩემი პატივისცემის გამო ითმენენ. ჩემმა მეუღლემ ზაკირ ჰუსეინი განსაკურებით მას შემდეგ შეიძულა, რაც მე – უგუნურმა, მისი თორმეტწუთიანი სოლო აღფრთოვანებით ჩონჩხის ცეკვას შევადარე. მეუღლეს ანალოგია არ მოეწონა და „უბრალოდ, უკრავს, დიდი არაფერიო“, – თორმეტწუთიანი დუმილის სამაგიეროდ მომიგო. მუსიკით აღტაცებულმა, უსამართლობა ვერ ავიტანე, ემოციები ვეღარ მოვზომე და ქალებს ასეთი მუსიკის აღსაქმელად ინტელექტი არ გეყოფათ-მეთქი. რეპლიკას ჩემი ცოლის