გულში შესანახი ლექსები
ღმერთო, იმგვარ
ბედისწერით დამთოვე,
ყველა ცოდვა-მადლი მიანგარიშე,
მომავალში, ან წარსულში დამტოვე,
ან წარსულის და მომავლის გარეშე...
დროის კატეგორიებით თამაში, რაც ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი თემაა, თითქოს გარკვეული სიმსუბუქის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სიმსუბუქე უაღრესად პირობითია და იკვეთება აუსრულებელი სურვილი, როგორც უმძიმესი არჩევანი: “მომავალში ან წარსულში დამტოვე, ან წარსულის და მომავლის გარეშე”. დროსთან გაშინაურებული პოეტი ოსტატურად გადმოგვცემს თავის სათქმელს და გვაგრძნობინებს, ადამიანური სურვილებით თამაში რომ სრულიად ბუნებრივია და ამ თამაშს ახლავს ღრმა სინანული.
პოეზია კონოტაციაში ჩნდება, ხოლო ბიძგი, ცხადია ენაა, ნებისმიერ თამაშს რომ აჰყვება ან თვითონვე წამოიწყებს და ავტორი თავის გზაზე დაჰყავს.
ადამიანის ხვედრი დღესაც იგივეა, რაც დასაბამიდან იყო, ამიტომაც თემა უცვლელია, მაგრამ პოეზიაში მთავარია განცდის ინდივიდუალური ვერსია და სულისკვეთების სიმძაფრე, რაც ასე ძალუმად იგრძნობა ვასილ ბესელიას ლექსებში.
წუთისოფლის სამდურავი ბუნებრივად გრძელდება ოცდამეერთე საუკუნეში, რადგან სადაც სიცოცხლეა, სიყვარულის ნაყოფი, იქ ჩნდება ამაოების ფუნქცია, საუკუნეებს რომ დასტრიალებს მარადიული დეკონსტრუქციის მოსალოდნელი გარდუვალობით.
პოეზიის მთავარი გზა მკითხველის გულისკენ მიდის და ამ გზას ადგას ვასილ ბესელიას მრავალი ლექსი. იგი
ქართული პოეზიის ტრადიციის ერთგულია და კი არ იმეორებს არსებულ მოდელებს, არამედ ამდიდრებს და აღავსებს საკუთარი სიხალასით, რაც ასე მნიშვნელოვანია პოეზიაში. კანონიკური ფორმები თავისთავში გულისხმობს არსებული ფორმალისტური შესაძლებლობების ფლობას და, რაც მთავარია, სულის ანაბეჭდის დატოვებას იმ სიტყვების მეშვეობით, ათასჯერ რომ თქმულა ან დაწერილა, მაგრამ მათი ახლებური განლაგება, სიტყვების ახლებური სამეზობლო აჩენს ახალ სულისკვეთებას, ახალ სტილს და სრულიად მოულოდნელ განცდას.
შერჩება ლექსი ხსოვნის ბარათებს,
ვით უშოვარი წამლის რეცეპტი,
მე კი გავყვები იმ მისამართებს,
უმისამართოდ რომ დავეძებდი.
თანამედროვე ქართულ პოეზიაში ვასილ ბესელიას აქვს თავისი, სხვებისგან სრულიად განსხვავებული ნიშა და ფუნქცია, რაც ასე გამოიკვეთა მის მრავალწლიან ნაღვაწში. საგულისხმოა პოეტის შემართება – ჩაწვდეს ძნელადმოსახელთებელ ნიუანსებს, რაც უაღრესად ინდივიდუალური შთაბეჭდილებით არის გაჯერებული და მკითხველს შესთავაზოს ცოცხალი პოეზია, ეგზისტენციურ სინამდვილეზე რომ არის მიბმული და მკითხველი ისაკუთრებს. რადგან ლექსის დამახსოვრება, გულთან მიტანა – ხერხდება პროსოდიისა და მეხსიერების მეშვეობით, უნდა აღვნიშნო რომ ვასილ ბესელიას პოეზიას ამ თვალსაზრისით, თავისი სივრცე და საკუთარი ადგილი აქვს, რაც ბუნებრივად მკვიდრდება, შენდება მისი წიგნის კითხვის პროცესში.
მკითხველს თანაგანცდით იპყრობს ვასილ ბესელიას ლექსების მომხიბლავი და გადამდები უბრალოება და ბუნებრივი სინათლე, რაც ამ წიგნს დღესასწაულის მოლოდინით აღავსებს.
მავსებდი, რადგან ღმერთივით მწამდი,
სავსე ვარ ახლა უმძიმეს ნაღვლით
და ჩემს ოთახში სიჩუმე დადის –
ჩემი ერთგული ოთახის ძაღლი.
შენი მკერდით და შინდისით მთვრალი,
გახსოვს?
გზები და ზღვები ღელავდა,
ღრუბელს ეკიდა ყაყაჩოს ალი
ქარით გადენილს ტაბახმელადან.
ვასილ ბესელიას ლექსები კიდევ ერთი, მეტად თავისებური ნიშნით იქცევს ჩემს ყურადღებას – მისი არაერთი ლექსი სუვენირივით გამორჩეულია და პოეტის თვითმიძღვნა მკითხველისადმი აღსავსეა კოლხური კრძალვით, სითბოთი და სიღრმით და რაც მთავარია ჭეშმარიტი პოეზიით. დიახ, ეს სასაჩუქრე ლექსებია, ახალგაზრდები და უფროსი თაობის ადამიანებიც უბის წიგნაკში რომ იწერენ სათუთად, ზეპირად სწავლობენ და სხვებსაც აზიარებენ. ამ ნიშნითაც, არა მხოლოდ კონვენციურობით, ის აგრძელებს პოეზიის უძველეს ტრადიციას და იგი წერს მკითხველისთვის, ხოლო მკითხველთან კომუნიკაციის საიდუმლო სიყვარულშია.
აქ სიტყვა მკითხველისადმი პოეტის თვითმიძღვნაზე ჩამოვაგდე, რადგან თანაზიარების ხარისხი და მგრძნობელობა ავტორის ტექსტიდან იღებს სათავეს და მკითხველის ჩართულობით იკვრება ის წრედი, რაც ადამიანურ სხივს აჩენს.
ზამთრის გადამედო ფერი –
დაბმული ვარ ხარი ხართან!
ვმღერი, მაგრამ ტირილს ვმღერი,
ვეჭიდები ხავსის ხარდანს.
რაც ვერ ვპოვე –
აწი ვერ მსურს,
მოვრჩი საყვედურს და ღაღადს...
(ვსვამ და ვემსგავსები ხევსურს –
გიგო გაბაშვილის ნახატს!)
“სიტყვები საგანთა და მოვლენათა დატოვებული კვალია”. ეს კვალი ინახავს ამოუწურავ ცოდნას, უფრო ხშირად კი მინიშნებას დაკარგულ ცოდნაზე. თუმცა “ცოდნა” სულაც არ შეეფერება სულის იმ მდგომარეობას, დროდადრო, ცალკეული სიტყვა თუ სიტყვათა თავისუფალი თანაარსებობა რომ ამჟღავნებს.
წუთი, რომელიც შეიცავს საკუთარ წარსულსა და მომავალს, ბედნიერია მხოლოდ აწმყოს იმ მცირე მონაკვეთში, როცა იგი იკარგება დროში, გადის დროსთან ერთად, ვერ ამჩნევს რომ გადის და ერთდროულად უახლოვდება, როგორც სიცოცხლეს, ასევე სიკვდილს, რადგანაც შანსი ორივეს თანაბრად აქვს. სიკვდილ-სიცოცხლე თანაბრად თანაარსებობს ნებისმიერ წუთში. ამ თანაარსებობის სივრცეა პოეტის ასაფრენი მოედანი.
ვასილ ბესელიას პოეზია საკუთარ სივრცეს პოულობს გადამდები სილაღისა და ბუნებრივი ნაღველის ერთობლიობაში ან სულაც ერთმანეთში შერევისას. ასეთი ტკბილ-მწარეა მისი მრავალფეროვანი და მკითხველმოშინაურებული შემოქმედება. მისი პოეზიის