შენს მზერას _ ვნების კოცონში ნამყოფს,
ვერ ასცდებოდა მონაზვნის კალთაც...
და ახლა ითხოვ აკრძალულ ნაყოფს,
თვით პოეზიის სამოთხის კართან.
შენ გამიმეტებ და ეჭვი მსერავს,
რატომ გენდობი? მაინც ვინა ხარ?
მაგ ლუციფერის დამღუპველ მზერას
ამ სტრიქონებში ვისთვის ვინახავ?
ვიცი, დამაწყვეტ ნაფერებ მყესებს,
დალეწავ ტაძრის ქონგურს და ფასადს,
ასე უმანკოდ დაწერილ ლექსებს,
გაჰყიდი, ჩემი სასჯელის ფასად!
...............................................................
ჯადო _ ამბორი
რა სიფაქიზით, რა სინაზით მეამბორები,
ამ ჯადო-ამბორს, რაღაც, თითქოს, ვერაფერს ვადრი,
მკერდს შესევიან შენი სუნთქვის ნიამორები,
ასე ციცაბო, უკარება რომ იყო ადრე.
მაგიურ ამბორს, მაინც, თითქოს ვერაფერს ვადრი,
თუმცა მინდოდა სიყვარულზე სიმღერად მეთქვა,
მაგრამ ეს არის, შხამიანი ზღაპრული ვარდით
და ჩემი ცრემლით დაზაფრული ლექსების ფეთქვა.
მხოლოდ სიტყვების, მეტაფორის მე მაინც არ მწამს,
ჯადოსნურ ამბორს, მართლა, მართლა ვერაფერს ვადრი!
ვიცი, ცრემლებად მოედება ჩემს დაღლილ წამწამს
მისი დაკარგვის საშინელი შიში და დარდი.
პორტრეტს, რომელზეც მთვარე მიმზერს
პროფილით მუნჯით,
შექმნის სამყაროს მატიანე _ კვალში რომ მსდევდა,
ხოლო ის, რაც შენ დამახატე ბაგეთა ფუნჯით,
არის შედევრი: მოწყვეტილი ყვავილის სევდა.
.......................................................................................
სეირნობისას
( მე, შენ და მესამე)
ვსეირნობთ, ვხუმრობთ, ვიგონებთ ლიზის,
მივყვებით ღამეს თითქოსდა ცურვით,
უბეში ორი მტრედი რომ მიზის,
ელიან მაგ შენს აკრძალულ სურვილს.
შენ ირჩევ მუდამ უშუქო ქუჩას,
გართობს, რომ ძაღლი მესამეს უღრენს.
ვიცი, ყველაფერს რა ბოლოც უჩანს,
მე შენ დამადგამ ცოდვილის უღელს.
ის ხელს დროდადრო მთვარისკენ იშვერს,
(მაოცებს ჩვენი ღალატის ნიჭი...).
რა იცის _ მთვარე მიმზერდა შიშველს,
დათაფლულს შენი ტუჩების ფიჭით.
ვსეირნობთ, ვხუმრობთ, ვიგონებთ ლიზის,
ზაფხული მიდის, გვიტოვებს ქარებს,
უბეში ორი მტრედი რომ მიზის,
ელიან მაგ შენს მხურვალე ბაგეს.
................................................................
აღარ უშვებ `ვარიანტს~,
ალერსად მეფინები,
შენში გამომამწყვდიე
რა მკლავით და რა ტორით!
ამ მკერდს _ ანტიკვარიატს
პატარა დელფინებით,
ამკობ, მამრის სურნელის
არომატიზატორით.
იქნებ კიდეც ხიბლავენ
ჩემზე უფრო ლამაზებს,
უაპრილო კაცები
სიტყვის რახარუხუნით...
შენ მომხიბლე ამბორით,
ტკბილით, შაქარლამაზე,
გაბუტული ტუჩების
რბილი რაჰათ _ ლუქუმით.
აქ არ არის მადრიდი,
მილანი და ვერსალი _
და ჩემი გულწრფელობა
ვიცი, რასაც უდრიდა...
ქალი ვარ და პოეტი,
თანაც უნივერსალი,
სხვებმა მჭორონ თავისი
აზროვნების ტუნდრიდან!
.........................................................
მერე ნუ დამაბრალებ...
რომ იცოდე რა გზები,
სერები მისერია...
მზეს, ქარს, გრიგალს _ გვივლია
ერთად, ცალკე, ორ-ორად...
თუმცა, ყველა სიგიჟე
ამასთან მიზერია,
შენ რომ ამოგიჩემე
ამ ლექსების დონორად.
რა თამამად ეხები
ჩემი თმების მიმოზებს...
მერე ვერ გიშველიან
კუნთები და `პრესები~,
მაგიური ამბორით
როცა დაგაჰიპნოზებ,
ამ ველური ტუჩების
სველ-სველი კომპრესებით.
მივუჯდები, მოვიცლი,
შენი სულის როიალს...
.........................................................
ჩემს სასახლეს ფანჯრები
ვერვინ ვერ შეუმინა...
თუმცა, სიყვარულისთვის
მათ ვერ დავემდურები,
თლიდნენ სახურავისთვის
მერკურს, დურალუმინად,
კარიბჭეზე დაჰკიდეს
ელვის საკეტურები.
მაგრამ სუნთქვა შემიკრა
იმ სასახლის ჰავამ და
შენთან გამოვიპარე
ჩემი მთვარის გლისერით...
მერე დავაგემოვნე
შუაღამის ჰალვა და
შენი რბილი ტუჩების
ვარდისფერი კისელი.
............................................................
იწვიან შენი ტრფობით ქალები,
ზოგს ეტირება, ზოგს ელოცება,
რად ჩამაშტერდი მე, მაგ თვალებით?
რით ვერ მოგხიბლეს ანგელოზებმა?!
მაცდური თვალის ლილო-ჭრილოთი
იმდენი გოგო გიმზერს, ფარულად _
დავითის მხრების მარმარილოთი
რომ მოაბიჯებ ტრიუმფალურად.
საკუთარ იღბალს რატომ ირთულებ?
ახლა პოეტთან ყოფნაც მოგინდა?
ახალი მთვარის უცნობ სართულებს
მალე ბრასავით დავდგამ ლოგინთან!
ამ საძინებლის ფანჯრის ფარდები,
გამოჭრილია ტყეთა ჩეროდან...
და შუაღამის ლეოპარდები
რომ ჩალეწავდნენ _ ხომ არ გჯეროდა?
ვერ შეგპირდები, რომ კვლავ არ წავალ,
რას ითხოვ ჩემგან, მაინც რა გინდა?!
ვერ გამოგიყვან გაუკაწრავად
ბედის ვარსკვლავის პანორამიდან...
რომ ავიტანო შენი კაპრიზი,
არა ხარ შენ ის მამრი _ მოდერნი,
შეირგე ჩემი კოცნა _ საპრიზო,
იკმარე ჩემი მუზის ორდენი!
სამართლის ღმერთთან ნუღარ მიჩივლებ,
თემიდას ჩემზე აღარ მისწერო,
ჰო, გულცივობა გამოვიჩინე,
გაჩუქე ღამე, საბედისწერო!
..........................................................
და დაგიჩოქებს ლექსის სამყარო!
შენ გერქვა მხოლოდ სხვა ქალის ქმარი....
მაინც მიმზერდი ფარული ეჭვით,
დარდობდი, თუკი აშარი ქარი
ხელს შემახებდა _ ,,კაენის ბეჭდით”.
ვიცი, თავნება ავყევი ამურს ...
იბნევი, როცა მრავალი გეტრფის,
როცა იმონებ ბომონდს და გლამურს
პატარა ჩრდილით აჟურულ გეტრის.
თავს ასაღებდნენ პრინცად და გრაფად,
მე კი ვიყავი საფერი მეფის,
შეავსეს ჩემზე მითების გრაფა...
მაგრამ მოვუგე თამაში, ბლეფის!
ახლა განმსაჯოს ერმა და ბერმა
(გადმომიგზავნონ გაკიცხვა ფოსტით),
მძაგს, უაპრილო კაცების ფერმა,
მათი ცოლები _ გაქონილ ფლოსტით!
მე თუ ვუძღვენი სიმღერა გედის
მეფის მაგივრად უბრალო ჰერცოგს,
ეს იყო მხოლოდ სარკაზმი ბედის,
იმ ბედმა შენც კი შეგყარა შენს ცოლს!...
ბოლოს მეახლე ოცნების ფანტით,
ნებაა უფლის _ ძალა რომ გეყო,
შემამკე ჩემი ბავშვობის ბანტით,
და ცხრილავს ქალაქს ჭორების გეკო!
ინთხევა მათი სიბრაზის ლავა,
უყვება ჩვენზე _ გოიმი პიჟონს.
მწამს, შენი სულის ცისფერი ლავრა,
ის მონასტერი _ ევა რომ გიჟობს...
................................................................
...და სიყვარულის ლაზარე აღდგა!
აღიარება
კვლავ სიყვარულზე ფიქრებს ვუნდები,
ამ სენმა ხელი მყარად მომკიდა,
კვლავ დამახვია მზის ბიგუდები,
გადმომახედა ცის ბინოკლიდან.
და ჩემი ლექსის მძიმე სკივრებში
ჩაკეტა გული ასი თაობის,
რომ პოეზიის ლაბირინთებში
აგემოს ძალა ვნების ჭაობის...
ამ სიყვარულზე ვერ ვთქვი უარი
და დავეწაფე ლოლოს კოვზებით,
შემამკო, ცრემლის აქსესუარით –
ზედ დაცემული ანგელოზებით!
ეს მერამდენედ ვდგები – ზედიზედ,
გადაქანცული – სცენით, ფარდებით..
ჩემი ეპოქის გზაჯვარედინზე
მოვდივარ – ლექსის ლეოპარდებით!
არ წავალ – მიწის მზის უნახავიც,
ხორციელ ადამს ისევ მოგელი...
მეც მიწის ტყვე ვარ – მზეთუნახავი,
და მყვარობს ვნების მეფისტოფელი!