შესავალი
ამ წიგნის საბოლოო ამოცანა, განსხვავებით XX და XXI საუკუნეებში დაწერილი წიგნებისაგან, რომელთა საგანიც ფილოსოფიაა, არის პრაქტიკული, ხელშესახები, ტექნოლოგიური (ამ სიტყვის ყველაზე ფართო აზრით) ცვლილებების გამოწვევა და ამ ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება. როგორც ტექსტში ნახავთ, არ არის არც ერთი მსჯელობა, რომელსაც მიზნად არ ჰქონდეს ძლიერი ცვლილების მოხდენა/გამოაშკარავება და არ ცდილობდეს მკითხველის დარწმუნებას ამ ცვლილების მნიშვნელოვნებასა და სიკეთეში, როგორც თვითონ მკითხველის, ასევე საზოგადოებისათვის. ამ წიგნის საბოლოო მიზანი არ არის ადამიანის მიერ სამყაროს შემეცნების ახალი აღწერის შემოთავაზება. თუმცა ნახავთ, რომ შემეცნების ახალი აღწერა გამოყენებულია იმისათვის, რომ გამოაშკარავდეს არსებული მიმდინარე ცვლილებები, მოშორდეს დამაბნეველი საფარველი და დადგინდეს მომავალი ცვლილების კონტურები.
მკითხველმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ძლიერი ცვლილება არსაიდან ჩნდება. ძლიერი ცვლილების შესაძლებლობა ჩვენს გარემოში მის უკვე არსებობაშია. ტექსტში ნახავთ, რომ შემოთავაზებული აღწერის მიხედით ჩვენ პარადოქსულ გარემოში ვცხოვრობთ: ერთი მხრივ, რადიკალური, მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენ გარშემოა, უკვე არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, ის მაინც რეპრესირებულია, რადგანაც ის ენა, ცნებების ის კომპლექსი, ის პარადიგმა, რომლის გამოყენებითაც ამ გარემოს შესახებ ვლაპარაკობთ და ვმსჯელობთ, რომლის გამოყენებითაც შემოდის ჩვენი გარემო ჩვენს აღქმაში, ამ ცვლილების საწინააღმდეგოა და ფარავს მას.
ამ წიგნის პრაქტიკული მიზანი განათლებაა: შემეცნების სქემის და ცნობიერების შესახებ მსჯელობას პირდაპირ მივყავართ განხილვამდე, თუ როგორი უნდა იყოს განათლება იმ სამყაროში, სადაც დაფარული ცვლილებები, რომლებიც ჩვენს გარემოში უკვე არსებობს, ცხადი და საყოველთაო გახდება: როგორი უნდა იყოს განათლება, რომელიც ამ ცვლილების გამოაშკარავებას და ინტენსიფიკაციას შეუწყობს ხელს.
ფილოსოფია ამ წიგნში გზა და მეთოდია დიდ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ამ პასუხისკენ მიმავალი ტექნოლოგიური გზების დასასახად. განსხვავებით დღევანდელი აკადემიური ფორმისაგან, ეს ფილოსოფია არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტების ანალიზით და მათი შინაარსების გადმოცემა-შეჯერებით; საბოლოო ფილოსოფიის მიზანი ტექნოლოგიური (ყველაზე ფართო აზრით) ცვლილების დაგეგმვაა ფილოსოფიის მეთოდების და მიდგომების გამოყენებით.
ეს წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი, რომელსაც, „ფილოსოფიის ღამე“ დავარქვი, ჰყვება უცნობი ბრძოლის ისტორიას, რომლის კვალიც ძველ ბერძნულ და ლათინურ ტექსტებში ვიპოვე და, როგორც გამოირკვა, რომლის შედეგმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი სამყარო, არა მარტო ტექსტები და მსჯელობები, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც: იმოქმედა იმაზე, თუ როგორ ვიღებთ განათლებას, როგორ აღვიქვამთ გარემომცველ სამყაროს, ვის ვთვლით ჭკვიანად და ვის სულელად, რა მიზნები გვაქვს, როგორ ვუმკლავდებით ყოველდღიურ და არცთუ ისე ყოველდღიურ გამოწვევებს და ა. შ.
შესაბამისად, ამ წიგნის პირველ ნაწილში მსჯელობა ეხება არა მარტო იმ პარადიგმულ ცვლილებებს, რომელიც ძვ.წ.-მდე IV საუკუნეში დაიწყო და საბოლოოდ ახ.წ. V საუკუნეში ჩამოყალიბდა, არამედ, შესაძლებელ მომავალსაც, რომელიც, თუკი განხორციელდა, ისეთივე მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს ჩვენს სამყაროში, როგორც 15 საუკუნის წინ მოახდინა: შესაძლებელი ცვლილება იმოქმედებს არა მარტო ფილოსოფიის გაგებაზე, არამედ, შეცვლის განათლების არსებულ სისტემასაც. განათლების არსებული სისტემა, ამ წიგნის მიხედვით, იმ, საუკუნეების წინა ცვლილებას ეყრდნობა და აფერხებს არა მარტო ჩვენს პიროვნულ განვითარებას, არამედ, ჩვენი, როგორც სახეობის, ადამიანების ევოლუციასაც კი. ამ თავის სათაური ერთსა და იმავე დროს მიუთითებს იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ფილოსოფია და, შესაბამისად, აზროვნება მოექცა პარადიგმული ცვლილების განხორციელების შემდეგ და, ასევე, მომავალ გარღვევაზე, რომელიც შესაძლებელი გახდება, თუკი ძველ, უარყოფილ პარადიგმას გავაცოცხლებთ და ავამუშავებთ.
ამ წიგნის მეორე ნაწილი, „ცნობიერების მიხედვით“, არის მსჯელობა, გამომდინარე მეცნიერებათა თანამედროვე მონაცემებიდან და წარმოდგენებიდან. საბოლოოდ, მეორე ნაწილიც განათლების შესახებაა: რა არის ცნობიერება თანამედროვე მეცნიერების მიხედვით, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და სხეული და როგორ შეიძლება მოვაწყოთ მისი განათლება ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, როგორც კონკრეტული ადამიანის, ასევე, საზოგადოების შემთხვევაში. გარდა ამისა, ვიმედოვნებ, ეს ნაწილი მეტ-ნაკლებ სიცხადეს შეიტანს რამდენიმე დისკუსიაში საზოგადოების პოლიტიკური თუ სოციალური მოწყობის შესახებ.
მესამე ნაწილი „თვითრეფლექსიის სახელმძღვანელო“ არის მეგზური, წინა ორი ნაწილის დასკვნებზე დაყრდნობილი: რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა იფიქროს თანამედროვე ადამიანმა იმისათვის, რომ მიაღწიოს ბედნიერებას. პასუხი არ არის არც ტრივიალური და არც ადვილად შესასრულებელი: ბუდიზმის და ეპიკურეიზმის გადაკვეთაზე დაბადებული თვითრეფლექსიის მეთოდი აჩვენებს, რომ ბედნიერება წარმატების შემდგომი მდგომარეობაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თვითრეფლექსიის ეს მეთოდი საყოველთაოა და ვფიქრობ, კარგ სამსახურს გაუწევს ყველას, ვისაც ბედნიერების მიღწევა უნდა, ის განსაკუთრებით დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ წარმატებას უკვე მიაღწიეს.
შესაბამისად, ეს წიგნი უცნაური და უჩვეულო სტრუქტურისაა: ეს არის მსჯელობა, რომელიც გამომდინარეობს ბერძნული და ლათინური ტექსტებიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა თანამედროვე წარმოდგენებიდან.