შესავალი მარკების შეგროვება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰობია. პირველი მარკების გამოშვებისთანავე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამეცნიერო დონეზე დაიწყეს მარკებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, რასაც ფილატელიის განვითარება მოჰყვა. უცხოეთში საუკუნეზე მეტია, რაც მრავალი ავტორი თუ ფილატელისტური საზოგადოება ფილატელიის შესახებ გამოსცემს სხვადასხვა სახის ლიტერატურას: კატალოგებს, გაზეთებს, ჟურნალებს.
აღნიშნული ფილატელისტური სერიის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ფილატელისტებს ქართულ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია ფილატელიის სხვადასხვა სფეროს შესახებ. ფილატელისტური სერიის პირველი წიგნის თემად ქართული მარკის ისტორია შევარჩიეთ. მასში მოკლედ არის განხილული რუსეთის იმპერიაში შემავალ საქართველოში ფოსტის განვითარებისა და პირველი მარკის დაბეჭდვის ისტორია. ასევე, საუბარია დამოუკიდებელ საქართველოში დაბეჭდილი მარკების შესახებ და სხვა საინტერესო საკითხებზე.
ნაშრომი დაზღვეული არ არის შეცდომებისგან. ავტორი სიამოვნებით მიიღებს ნებისმიერ შენიშვნასა და მოსაზრებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფილატელიის სფეროს სიღრმისეულ შესწავლას.