შესავალი ქეისი (Case-study) - ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „ მაგალითი შესასწავლად “ , მას თითქმის ერთი საუკუნეა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იყენებენ სასწავლო პროცესში. დღეს ის მენეჯერების მიერ ბიზნესისა და მენეჯმენტის ტიპური პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევების დაუფლების საუკეთესო საშუალებაა, რაც დადასტურებულია ამერიკული და ევროპული სასწავლო და სამეცნიერო სკოლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ქეის-მეთოდი წარმატებით გამოიყენება არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ წამყვან კომპანიებშიც, თანამშრომელთა ატესტაციისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიტატების შერჩევის დროს.
ქეის-მეთოდი გულისხმობს სასწავლო დისციპლინებში ათეულობით ქეისის ჩართვას, რაც ხელს უწყობს სტუდენტის მიერ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებას. პრაქტიკული სიტუაციების აღმწერი ქეისების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო თეორიული ცოდნის რა ნაწილში მოვიკოჭლებთ და აძლიერებს ინტერესს დამატებითი ცოდნის მისაღებად. ქეისების მეშვეობით შეგვიძლია განვახორციელოთ გარკვეული კონცეფციებისა და მეთოდების ილუსტრაცია და მათი პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობათა დემონსტრირება.
ქეის-მეთოდით სწავლების ტექნოლოგიას აქვს უპირატესობები, როგორიცაა: სწავლების პროცესის კონკრეტიზაცია აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ; სიტუაციური სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენება; ანალიტიკური აზროვნების, დასკვნების გამოტანისა და რეალური პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევების შეძენა; გუნდური მუშაობის, პრეზენტაციების ან/და პრესკონფერენციების მოწყობის უნარის დაუფლება.
ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე გარდაქმნები, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, პრინციპულად ახალ მოთხოვნებს აყენებს სამეწარმეო სუბიექტების მიმართ. საწარმოთა საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს პროდუქციის (მომსახურების) კომერციალიზაცია, უპირველესად ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების ათვისებაზე დაფუძნებული სამეწარმეო საქმიანობა. შედეგად გაჩნდა მოთხოვნა იმ სპეციალისტებზე, რომლებსაც უნარი შესწევთ, გაერკვნენ საინჟინრო ბიზნესის არსში, მეცნიერებატევადი პროდუქტებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარების პროცესებში. მათ მოეთხოვებათ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების სისტემური ანალიზის, წარმოებისა და სამეწარმეო ორგანიზაციების კომპლექსურად მართვის საკითხების გადაწყვეტა.
ეკონომიკის ინტენსიფიკაცია და მისი ეფექტიანობის ზრდის აუცილებლობა მოითხოვს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების, პირველ რიგში ინოვაციური პროცესების მართვის ფორმებისა და მეთოდების მუდმივად სრულყოფას, რამდენადაც, თანამედროვე ეტაპზე, მხოლოდ სიახლეთა მაღალი დონე არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტია.
თანამედროვე ეტაპზე მიმდინარეობს ეროვნული ეკონომიკის მართვის ორგანიზაციულ-ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის - ინოვაციების მართვის მექანიზმის ფორმირების პროცესი. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინოვაციებმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ინტენსიურ განვითარებას, უზრუნველყოს მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა დანერგვა წარმოებაში, მომხმარებელთა მოთხოვნის სრულიად დაკმაყოფილება მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებაზე.
ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დაუფლება თანამედროვე პროფესიონალი მენეჯერის ჩამოყალიბების აუცილებელ პირობაა. მისი მიზანი და ამოცანებია, სტუდენტებს მისცეს სისტემური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რათა მათ შესძლონ ქმედითი მონაწილეობის მიღება საქართველოში ე.წ. "ცოდნის ეკონომიკის" განვითარებაში, შესაბამისი გამოცდილების განზოგადებასა და ათვისებაში, სათანადო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნაში, ინოვაციებზე ორიენტირებული სამეწარმეო ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და მართვაში.
ნაშრომში შეტანილ ქეისებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება აღნიშნული ამოცანების შესრულებაში. მათ უნდა უზრუნველყონ ცოდნის გადაცემისა და სასწავლო პროცესში სტუდენტების აქტიური მონაწილეობის ურთიერთშეხამება. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ქეისი უნდა იყოს ერთგვარი ორიენტირი და ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შეეძლებათ თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად.