პოლიტიკა მეცნიერება ლიტერატურა
2019 წლის 8-12 აპრილს "უახლესი ისტორიის ცენტრის", ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და გამომცემლობა "არტანუჯის" ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური კვირეული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა.
კონფერენციაში (10-12 აპრილს) მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა, დოქტორანტებმა, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა.
2019 წლის 8-12 აპრილს, კონფერენციის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართა გამოფენა, რომელიც მოამზადა "უახლესი ისტორიის ცენტრმა", უნივერსიტეტის მუზეუმმა და შსს არქივმა. გამოიფინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, საარქივო მასალები, ზვიად გამსახურდიას ხელნაწერები, პირადი წერილები, წიგნები, თარგმანები, სამეცნიერო სტატიები, "გორგასლიანის" საქმის მასალები, 1970-იან წლებში გამოცემული არალეგალური დისიდენტური გამოცემები ("ოქროს საწმისი", "საქართველოს მოამბე") და სხვ. საგამოფენო მასალების უდიდესი ნაწილი წარმოდგენილი იყო ორიგინალის სახით და ზოგიერთი მათგანი საზოგადოებამ პირველად იხილა.
ეს წიგნი "უახლესი ისტორიის ცენტრისა" და გამომცემლობა "არტანუჯის" ერთობლივი პროექტია. მასში თავმოყრილია სარედაქციო კოლეგიის (გიორგი არქანია, ლევან ბებურიშვილი, გიგი გიოშვილი, ინგა მილორავა, ნინო პოპიაშვილი, დიმიტრი შველიძე) მიერ შერჩეული საკონფერენციო მასალები. წიგნის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს.
კრებულში წარმოდგენილ ნაშრომებში ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა განხილულია ქართული იდენტობის ისტორიის კონტექსტში; წარმოჩენილია მისი დისიდენტური საქმიანობის ისეთი ეპიზოდი, როგორიცაა ალექსანდრ სოლჟენიცინის აკრძალული წიგნის – "არქიპელაგ გულაგის" არალეგალური გავრცელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ზვიად გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მიერ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისა და ეროვნული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ მიმავალი ევოლუციური, მშვიდობიანი გზა, რაც "გარდამავალი პერიოდის" გამოცხადებაში აისახა; პუბლიკაციები ეხება ზვიად გამსახურდიას საშინაო პოლიტიკის ზოგიერთ სფეროს – ცხინვალის რეგიონსა და ეთნიკურად ოს მოსახლეობასთან ურთიერთობის თემას, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკითხებს, ეროვნული ხელისუფლების რელიგიურ პოლიტიკას და ა. შ. კრებულში საუბარია ეროვნული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა ურთიერთობები აშშ-სთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან და ვატიკანთან. აგრეთვე, თავმოყრილია ცნობები ქართული და უცხოური პრესის ფურცლებიდან, მათ შორის გაზეთებში გამოქვეყნებული კარიკატურები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას ეხება.
წიგნში ასევე განხილულია ზვიად გამსახურდიას თეორიულ-ლიტერატურული და ენობრივი შეხედულებები, გაანალიზებულია მისი პოეზიისა და იგავების მხატვრული თავისებურებები, წარმოჩენილია მისი რუსთველოლოგიური ღვაწლი, ზვიად გამსახურდიას კავკასიური იდეა, პოლემიკა კულტურული ორიენტაციის საკითხის ირგვლივ, საქართველოს 1991 წლის დამოუკიდებლობის რეპრეზენტაცია მხატვრულ ტექსტში და სხვ.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცალკეული ავტორის მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს უახლესი ისტორიის ცენტრის პოზიციას.
ვიმედოვნებთ, რომ წიგნი ხელს შეუწყობს ზვიად გამსახურდიას მრავალფეროვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობის სათანადოდ გაშუქებას და საქართველოს უახლესი ისტორიის მართებულად წარმოჩენას.