ალბერ კამიუ - ფილოსოფოსთა ექსპრომტი მოქმედი პირნი:
ბატონი ნეანი ( ნეანი (néant) - ფრ. არაფერი, არავინ, არარა („ყოფიერება და არარა“, ჟან-პოლ სარტრის ფილოსოფიური თხზულების სათაური). (აქ და შემდგომ შენიშვნები მთარგმნელისაა.))
ბატონი ვინი(ვინი (vigne) - ფრ. ვენახი. ავტორი მიანიშნებს პერსონაჟის მდაბიურ წარმოშობას (მევენახე, გლეხი). ალბერ კამიუ მკითხველს შეახსენებს ჟან-ბატისტ მოლიერის პიესას „გააზნაურებული მდაბიო“.)
ქალბატონი ვინი - მისი მეუღლე
სოფი - მათი ქალიშვილი
ბატონი მალუზენი - სოფის ხელის მთხოვნელი
საპყართა თავშესაფრის დირექტორი
სოფი: ვიღაც ბატონი გეახლათ და თქვენთან შეხვედრას ითხოვს.
ბატონი ვინი: რამდენჯერ უნდა გთხოვოთ, ჩემო შვილო, რომ უფრო გასაგებად ილაპარაკოთ. როგორ გგონიათ, ვისი ნახვა სურს, მერის თუ ფარმაცევტის? თუკი მერის, სამფეროვანი მხარსაკიდი უნდა გავიკეთო, თუკი ფარმაცევტის, მაშინ სამუშაო ხალათს მოვისხამ.
სოფი: აბა, რა გითხრათ? არ მიკითხავს, ვისი მონახულება გსურთ-მეთქი. თუკი ნებას მიბოძებთ, გავბედავ და გირჩევთ, რომ ყოველდღიურ ტანსაცმელში დაუხვდეთ, ისე როგორც ნებისმიერ სტუმარს.
ბატონი ვინი: მშვიდად, მშვიდად, ჩემო ქალიშვილო! ყველაფერს ისე მოვაგვარებ, როგორც საჭიროა. თქვენ კი ხალათი მომიტანეთ და ხელს მხარსაკიდი გამოაყოლეთ. ორთავეს მოვირგებ და ამით სტუმარს ღირსეულად დავხვდები.
ითქვა და გაკეთდა. შემოდის ბატონი ნეანი, იღლიაში ვეებერთელა წიგნი აქვს ამოდებული.
ბატონი ნეანი: ბატონო ვინ, კარგად ვიცი თქვენი საქმიანობის ამბები და მათ მნიშვნელობაზეც ზუსტი წარმოდგენა მაქვს. რაც შეეხება თქვენს გონებას, მასზე იმდენს ლაპარაკობენ, რომ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ თქვენ შესახებ მხოლოდ კარგ ამბებს ვისმენ. ამრიგად, მადლობას გიხდით და გარწმუნებთ, მესმის, როგორი პატივი დამდეთ. ახლა კი ნება დამრთეთ პირისპირ წარმოგიდგეთ. იმასაც გპირდებით, რომ თქვენი სტუმართმოყვარეობით ბოროტად არ ვისარგებლებ და ძვირფას დროს ამაოდ არ დაგაკარგვინებთ.
ბატონი ვინი: ბატონო ჩემო, ამდენი თავაზიანობა სულაც არ არის აუცილებელი. ვხედავ ღირსეული და პატიოსანი ადამიანი ბრძანდებით და თქვენი სტუმრობა, ვინძლო, დიდ სიამოვნებას მომანიჭებს.
ბატონი ნეანი: მეტისმეტად მაქებთ, ბატონო; ლამისაა, ლოყებზე სირცხვილის ალმური მომეკიდოს და ამავე წამს უკან გავბრუნდე.
ასეც იქცევა. ბატონი ვინი გაეკიდება.
ბატონი ვინი: ამას ნუ იზამთ, ბატონო ჩემო, გევედრებით, დარჩით! აქაურებს სტუმართმოყვარეობა არ გვესწავლება, მაგრამ თავაზიანი ქცევებისა ბევრი არაფერი ვიცით. თვითვე განსაჯეთ, რა ბედი მეწია, თქვენებრ ღირსეულ ადამიანს რომ ვესაუბრები.
ბატონი ნეანი: აბა, რა გავაწყო, უარი როგორ გაკადროთ? ასე და ამრიგად, თქვენს ნებას ვემორჩილები. (ჯდება). ბატონი ნეანი გახლავართ. პარიზში ცნობილი გვარია.
ბატონი ვინი: ეს რა კარგი გვარი გქონიათ, ღმერთს ვფიცავ! ბატონი ნეან, თქვენს მონა-მორჩილად მიგულეთ.
ბატონი ნეანი: ხელობას არ ვფლობ, არც კი ვიცი, ეს ორი ხელი რას მოვახმარო, მთელი ცხოვრება გონების სამსახურში ვარ, ერთი სიტყვით, ვაზროვნებ. მაგრამ ამ ბოლო დროს მოწოდება ვიგრძენი და მსურს, ჩემი ღირსი პროფესია ავირჩიო, ამიტომაც, ახალი ფილოსოფიური დოქტრინის კარდაკარ ტარებაზე შევაჩერე არჩევანი.
ბატონი ვინი: კარგ საქმეს მოკიდებიხართ და მეც გულით გილოცავთ. მაგრამ იქნებ ამიხსნათ, ეგ ყოველივე რას ნიშნავს?
ბატონი ნეანი: რას გულისხმობთ, ბატონო ჩემო?
ბატონი ვინი: აი, თქვენს ხელობაზე გეკითხებით. დოქტრინის კარდაკარ დამტარებელი ვარო, რომ ბრძანეთ.
ბატონი ნეანი: სწორედ ჩემმა გატაცებამ მომიყვანა თქვენთან.
ბატონი ვინი: თუკი ასეა, მართლაც რომ ჩინებული ხელობა გქონიათ. ქება და ტაში გეკუთვნით, ბატონო ნეან!
ბატონი ნეანი: ვიცოდი, რომ გამიგებდით და მხარს ამიბამდით. ამიტომაც გეახელით. იცით, რის თქმასაც ვაპირებ, ყველას ვერ ვეტყვი. ამიტომაც ვარჩიე, ეს იშვიათი განძი, რაც თან ვიახლე, მხოლოდ თქვენისთანა განსწავლულ, კეთილი ზნე-ჩვევების და დიდი გამოცდილების ადამიანს შევთავაზო.
ბატონი ვინი: არჩევანს გიწონებთ, ჩემო ბატონო, ამ ქვეყნის საქმეებში ფეხი მეც მიდგას და ჭკვიანური აზრებისა რაღაც გამეგება. მაგრამ, მართლა არ მეგონა, თუკი ჩემი რეპუტაცია თქვენს ყურამდეც მოაღწევდა.
ბატონი ნეანი: მერწმუნეთ, ბატონო, თქვენმა ამბავმა პარიზამდე ჩამოაღწია და იქაურები თქვენს ნაშრომებსაც კარგად იცნობენ.
ბატონი ვინი: ჩემი ნაშრომები? თუ არ ვცდები, ჯერ არც ერთი არ გამომიქვეყნებია.
ბატონი ნეანი: მართალს ბრძანებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გიცნობენ და ამის დასტურად ჩემი სტუმრობაც კმარა.
ბატონი ვინი: გინდა თუ არა, თქვენი სიტყვები უნდა ვირწმუნო, რადგან თქვენ მიერ მოხმობილ საბუთს ძვრას ვერ ვუზამ. გთხოვთ, გააგრძელოთ, მე კი სმენად ვიქცევი, რადგან თქვენდამი ერთობ კეთილად განვეწყვე.
ბატონი ნეანი: ასე რომ, შევთანხმდით. მოკლედ, მოგახსენებთ... მოგართვით ის, რაც საუკეთესოდ მეჩვენა ფილოსოფიურ თხზულებათა შორის და ვეცდები, ჩემი სიტყვების ჭეშმარიტება დაგიმტკიცოთ. დღეს მთელი პარიზი ამ წიგნზე ლაპარაკობს, მისი ავტორის სახელი კი ყველას პირზე აკერია.
ბატონი