პაოლო იაშვილი. პირველთქმა. მანიფესტი. საქართველოს მგოსნებს,
ყველა მეოცნებეს,
ქართველ ხალხს!
ისმინეთ ყველამ ჩვენი ქადაგება!
მრავალის სასიკვდილოთ გავჩნდით ჩვენ ბინძურ მზით გამთბარ ქვეყანაში, სადაც ხალხმა დაჰკარგა შვენება სითამამისა.
საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილობით და ოცნება დაკარგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ცისფერ ტაძრისაკენ.
საყვარელმა ნიმფებმა ასწიეს ფარდა ჩვენი სცენისა, და ვგალობთ ოქროთი შემოსილი განახლების აქტიორები უსხივო ხალხის წინაშე.
პირველთქმა ჩვენი არის შხამური, იგი ადუღებული ფოლადით დასწვავს თქვენს გულს, უწმინდესი ხელოვანის მტერნო, თქვენ, ვისაც არა გწამთ ხელოვანის მეფობა და მისი მაღალი ტახტის წინაშე არ აღიარებთ სამუდამო ქვეშევრდომობას.
ჩვენი ამაყი ოცნება გადასცილდა ყოველ საზღვარს და იქ, სადაც ჩვენ, უკვდავი ძმები, შევიკრიბეთ ახალი სილამაზის სადიდებლათ, - ვხედავთ როგორ ახალისებს ჩვენს რაინდულ არსებას ყოველი წუთი აღტაცებულ სიცოცხლისა.
დრო, როგორც გული შეყვარებულ დედოფლისა, ისე ფარავდა ჩვენ ნათელ იდუმალებას, მაგრამ მოფრინდა სურვილი ოქროს ფრთებით და აიტაცა ცაში ჩვენი სიმღერა, რომელიც ამიერიდან იქნება მარადი ისე როგორც ჩვენი ქვეყანა.
საქართველოს ხალხო, დავიწყებულო, მაგრამ დიდებით გვირგვინების ღირსო!
ისმინე ჩვენი ქადაგება:
ღამური გზებით მოვდიოდით ჩვენ, რომ დაგვენთო მზე-კოცონი, მდუმარებით დამშვიდებულ ქვეყნისთვის.
ჩვენ შევხვდით შენ უკვდავ კერპებს, მაგრამ სიამაყის ცეცხლის ანთებულებს არ გვსურდა მათთვის ლოცვების შეწირვა.
გვწამდა: სასიხარულო განახლება არის ჩვენში და ჩვენს იქით. ავედით მთაზე და არც ერთ ძმას არ დაუკვნესია დაღლილობით.
ჩვენ გაოცებდა ჩვენი თვალები: მათი ელვარება სწვავდა ცივ სიბნელეს.
და როდესაც აენთო ლალისფერ ცეცხლის კოცონი, ამაღლდა ერთი ჩვენ შორის, და ცეცხლის ფრთების გაატანა ცაში შემდეგი აღსარება:
ჩვენ ვადიდებთ სიტყვას ახალს, მკაცრს და ისეთ გაბედულს როგორც მეფური ხელის გაფრენა გაგიჟებული დირიჟორისა.
უდიდესი თვისება არსებობისა არის სიამაყე - ამაღლდეს ერი ჩვენი და თვითშეყვარებით აოცებდეს ქვეყნიერებას.
ხალხი, რომელიც უარყოფს დიდების სურვილს, ჰგავს ავათმყოფს, რომელმაც იგრძნო კოცნა სიკვდილისა და კიდევ ელის სიცოცხლეში დაბრუნებას.
ჩვენ ვკლავთ შიშს თავის ბნელ მანტიაში და ვუმღერით რაინდობას, სიჭაბუკეს და ალურ სიხარულს.
შეუძლებელი აღარ არის.
ისმინეთ ხმა ერთსული და დაინახეთ მდუმარე კარები, რომელიც ჰფარავდა ჩვენი ქვეყნის ბედნიერებას: ატირდენ ცეცხლის ხმლით დასერილი მისი რკინის ძარღვები და აჰა დაჰკოცნა ჩვენი სახე ცისფრად მორთულმა ბედნიერებამ.
შიშის სამყარო სიბნელეა - ჩვენ ნათელში ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ ნათელში და სიმთვრალეში. გვწამს ყოველგვარი ორგია. ვადიდებთ დამსხვრევის მშვენიერებას. უარვყოფთ წარსულს, როგორც მზი განათებულს, ისე ღამეში შეწუხებულს. წარსულის ოქროს გვირგვინებს გამოვსტაცეთ ძვირფასი მარგალიტები და გადვისროლეთ დავიწყების ზღვაში.
ძლიერება ხალხის სულს და ავათმყოფ სხეულს!
ყოველი სიმშვიდე, სიჩუმე და მთვარის სინაზით გაშუქებული მშვენიერება დავივიწყეთ ჩვენ, - მღელვარების, ხმიერობის და სიჩქარის მადიდებლებმა.
ვისაც სურს მან უმღეროს გაზაფხულის ყვავილებს, მთვარეს და საღამოს მყუდროებას, დამშვიდებულს და ტკბილ სიყვარულს, ტყის იდუმალებას და ფრინველთა გალობას.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გადიქცეს უსაზღვრო, მეოცნებე ქალაქად, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შესცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას.
იმ ტაძარს, რომელშიდაც ხალხი უკანასკნელ ცოცხალ ძალას ნისლიან ლოცვაში კლავდა, ჩვენ ვუცქერთ როგორც ბოროტების სახლს. ჩვენ მოელვარე ხელებში ამაყობენ სხივოსანი პატრუქები და წითელი თვალებით ეძებენ ტაძრის დასაწყისს, რომ თავის კოცნით ერთხელ აამღერონ სასიკვდილო სიმღერით ბინძური კედლები. ისმინოს ხალხმა და დასტოვოს საყვარელი სახლი დასვენებისა. პატრუქის ნათელ თვალებს უხარია ნახვა ტაძრის დასაწყისისა...
ჩვენ გვსურს შევქმნათ გაუგებარი და საოცარი სიტყვები, ჩვენ სიმღერებში თქვენ დაინახავთ მრავალფერებს რომელთა ხალისიანი ცეკვა გააგიჟებს თქვენ მიძინებულ თვალთა ცქერას. ყოველი სიტყვა ჩვენი ლექსისა ამაყობს თავის სიცოცხლით ისე, როგორც ჩვენ ამიერიდან ვიამაყებთ ჩვენი „ პირველთქმით “ , ჩენი გაბედული აღსარებით.
საქართველოს შემდეგ უწმინდესი ქვეყანა არის პარიზი. ადიდე ხალხო ეს ჩვენი მრისხანე ქალაქი, სადაც გიჟური გატაცებით ჯამბაზობდენ ჩვენი ლოთი ძმები - ვერლენი და ბოდლერი, მალარმე, სიტყვების მესაიდუმლე და არტურ რემბო, სიამაყით მთვრალი, დაწყევლილი ჭაბუკი.
ჩვენი პოეზია გამთბარია მახვილი ინტუიციის ალურობით.
შეითვისეთ: უარყოფის სილამაზე, გმირული სიჩქარე, განათებულ სიმაღლის სიყვარული, მღელვარების სიდიადე, დამსხვრევის იდუმალება. გიყვარდეთ მეხური მისტერიები, ცეცხლის მოკიდება მისი, რაც წარსულმა გაადიდა, გაუღიმეთ სიკვდილის ძახილს, დაივიწყეთ სნეულნი და მახინჯნი, უარყავით ლმობიერება და ქალური სინაზე. გიყვარდეთ ქალი ვნებიანათ და დაუზოგავათ ამრავლეთ ხალხი.
ცეცხლი, ცეცხლი ყველაფერს, რაც შობს მწუხარებას