მარკ ტვენი
ცოცხალია თუ მკვდარი? 1892 წლის მარტის თვეს მენტონში, რივიერაში ვატარებდი. ამ განმარტოებულ ადგილს ყველა ის უპირატესობა გააჩნია, რაც უნდა ჰქონდეს მონტე-კარლოსა და ნიცას, რომელიც აქედან რამდენიმე მილითაა დაშორებული. უნდა ითქვას, რომ აქ გელოდებათ უხვი მზის სხივები, საამო ჰაერი, მოლივლივე ლურჯი ზღვა, სადაც ხელს არ გიშლით ადამიანთა გამაღიზიანებელი თავყრილობები და გამოხტომები.
მენტონი წყნარი, სადა, მოკრძალებული ადგილია.აქ არ ჩამოდის მდიდარი და უგემოვნო ხალხი. იმას ვგულისხმობ, რომ, როგორც წესი, აქ მდიდრები არ ჩამოდიან. იშვიათად თუ გამოჩნდება ვინმე მდიდარი და სულ ახლახან ერთ-ერთ მათგანს დავუახლოვდი კიდეც. პირობითად, მას შესანიღბად სმიტს დავარქმევ. ერთ დღეს სასტუმრო „დელ ანგლაისში“ მეორე საუზმისას, მან წამოიძახა:
– სწრაფად! თვალი შეავლეთ კაცს, რომელიც კარიდან გადის. მისი ყოველი დეტალი დაიმახსოვრეთ.
– რატომ?
– იცით ვინ არის?
– დიახ. თქვენს ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე აქ იყო. მოხუცი, ამჟამად უმუშევარი, როგორც ამბობენ, ძალიან მდიდარი აბრეშუმის მეწარმეა ლიონიდან და ვფიქრობ, რომ მარტოსულია, რადგან ყოველთვის სევდიანად და მეოცნებედ გამოიყურება და არავის ესაუბრება. მისი სახელია თეოფილ მაგნანი.
ვფიქრობდი, რომ სმიტი გააგრძელებდა გამართლებას იმ დიდი ინტერესისა, რომელიც მან მუსიე მაგნანის მიმართ გამოიჩინა. ამის ნაცვლად კი საგონებელში ჩავარდა და რამდენიმე წამის განმავლობაში აღარც მე ვახსოვდი და არც დანარჩენი სამყარო. ხანდახან თითებს თავის ფაფუკ თეთრ თმაზე გადაისვამდა ხოლმე, რომ ეს ფიქრში დახმარებოდა, ამ დროს მისი საუზმე ცივდებოდა. ბოლოს თქვა:
– არა, ის უკვე წასულია და უკან ვეღარ მოვაბრუნებ.
– რისი მობრუნება არ შეგიძლიათ უკან?
– ეს ჰანს ანდერსენის ერთ-ერთი მშვენიერი პატარა მოთხრობაა, მაგრამ გადამავიწყდა. ამბის ნაწილი კი ასეთია: ბავშვს გალიაში ჰყავს დამწყვდეული ჩიტი, რომელიც უყვარს, მაგრამ წინდაუხედავად იქცევა. ჩიტი სიმღერად იღვრება, რომელიც არავის ესმის. დგება დრო, როცა ამ პატარა არსებას შიმშილი და წყურვილი აწუხებს და მის სიმღერაში შესაბრალისი და სუსტი ხმა გაისმის, ეს ხმა წყდება და ჩიტი კვდება. ბავშვი მოდის და სინანულით გული ევსება; შემდეგ ცხარე ცრემლებითა და ქვითინით მეგობრებს უხმობს და ისინიც მთელი ზარ-ზეიმითა და უნაზესი მწუხარებით ჩიტს მარხავენ. ამ საბრალო არსებებმა არც კი იციან, რომ მარტო ჩიტებს კი არ აშიმშილებენ, არამედ პოეტებსაც სულის ამოხდამდე და შემდეგ საკმაოდ იხარჯებიან მათ დაკრძალვებსა და მონუმენტებზე, რათა მარადიული სიცოცხლე მიანიჭონ.
საუბარი შეგვაწყვეტინეს. დაახლოებით საღამოს ათზე სმიტს შევეჩეხე. მისაღებ ოთახში შემიპატიჟა, რომ ერთად მოგვეწია და ცხელი შოტლანდიური ვისკი დაგველია. მყუდრო ადგილი იყო, კომფორტული სკამებით, გაჩახჩახებული ლამპებითა და მოგიზგიზე ღია ბუხრით, რომელშიც სრულყოფილებისათვის ზეთისხილის ხე იყო შეკეთებული. გარედან შემოდიოდა წყლის ჩქერის დახშული ხმა. ვისკის მეორე ჭიქისა და ზანტი თვითკმაყოფილი საუბრის შემდეგ, სმიტმა თქვა:
– ახლა უკვე მზად ვარ, რომ გიამბო უცნაური ამბავი, შენ კი მომისმინე. წლების განმავლობაში ეს საიდუმლოს წარმოადგენდა – საიდუმლოს ჩემსა და კიდევ სამ პირს შორის, მაგრამ ახლა მზად ვარ, საიდუმლოს ფარდა ავხადო, თავს მოხერხებულად გრძნობ?
– მშვენივრად, მოყევი.
აი, რა მიამბო:
– დიდი ხნის წინ ახალგაზრდა მხატვარი ვიყავი – ფაქტობრივად, ძალიან ახალგაზრდა მხატვარი და საფრანგეთის მიდამოებში დავხეტიალობდი, ხან აქ და ხან იქ, ესკიზებს ვაკეთებდი და მალე შემომიერთდა ორი მეტად სასიამოვნო ფრანგი მამაკაცი, რომლებიც იმასვე აკეთებდნენ, რასაც მე. რამდენადაც ბედნიერები ვიყავით, იმდენადვე ღატაკნი ან იმდენადვე ღატაკნი, რამდენადაც ბედნიერები – როგორც გნებავთ, ისე განსაჯეთ. ყმაწვილების სახელებია კლოდ ფრერე და კარლ ბულანჟე; ძვირფასი, ძვირფასი ყმაწვილები და ყველაზე ხალისიანი სულის მქონენი. ისინი სიღატაკეზე გულიანად იცინოდნენ და ნებისმიერ ამინდში დროს კარგად ატარებდნენ.
ბოლოს, ძალიან გაგვიჭირდა. ბრეტონის ერთ სოფელში ჩვენსავით ხელმოკლე მხატვარმა შეგვიფარა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ შიმშილისგან გადაგვარჩინა – ეს ფრანსუა მილე იყო.
– რა, ის დიდი ფრანსუა მილე?
დიდი? იმ დროს ჩვენზე დიდი არ იყო, საკუთარ სოფელშიც კი არ იყო სახელგანთქმული; და იმდენად ღატაკი იყო, რომ მხოლოდ თალგამს თუ გვთავაზობდა, ზოგჯერ კი, თალგამიც არ გაგვაჩნდა. ჩვენ ოთხნი, ძალიან დავმეგობრდით, ერთგული მეგობრები, განუყოფელნი ვიყავით. ხატვას მთელი ენერგიით განვაგრძობდით, ნახატებს ზვინებად ვაწყობდით და ვაწყობდით, მაგრამ იშვიათად თუ ვყიდდით. ერთად მშვენიერ დროს ვატარებდით, მაგრამ, ო, ჩემო თავო! დროდადრო როგორ ვიტანჯებოდით!
ორი წლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, კლოდმა თქვა: – ბიჭებო, ეს უკვე დასასრულია. გესმით? – ეს უკვე ნამდვილი დასასრულია. ყველანი მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა. – მთელი სოფელი