***
შატილში რა ამბავ იქნა,
რა წყრომა დადგა ღვთისაო? -
ქალებ ატირდა ყინჩადა,
ცრემლით იბანენ პირსაო...
სიკვდილი ბადაისაი (სახელია კაცისა)
უკუღმ ჩახდომა მზისაო;
ქისტებსა გაუხარდება
მგელ მივასხლიტეთ მთისაო...
რად გაგიხარდათ, ქისტებო? -
არვინ შაგარჩენს ჭირსაო!..
ხედავ დარჩება წიქაი (ხევსურის სახელი)
წონა კაი აქვს მტრისაო;
ძმა მანგიური (სახელია) გვერდს ედგა,
მაგრა მჭრელია მხრისაო..
ადგეს, ჩაიდვეს-საგძალი,
ძალი ახსენეს ღთისაო;
ექადინ ხორუათასა (სოფელია მითხოში)
ჯავრი არ ჰქონდა სხვისაო.
ქისტო, რამ გაგაგულდიდა,
ყამ არ გქონივა მტრისაო!
ამბავი რად არ იკითხე
სამუკათ წიქაისაო?
ქავში დაგიდგა ლოგინი,
ყამი არ ჰქონდა მტრისაო?!
ქვაზედ გარდვიდა წიქაი,
ფეხი გარდიღა მგლისაო,
ხანჯარი გადაიყოლა,
მძებნელი ბადაისაო!..
მაბრუნდეს ნასახელარნი,
მზე ეფინება პირსაო;
მაუოს მახარობელი
მაგ ხათუთის ძის შვილსაო...
სამუკავ (ხევსურის სახელი), ნუღარ სჯავრობდი,
ნუღარ გაიბთხობ ძილსაო:
წიქამ იძებნა ბადაი,
ხარი საფეხვნოს (ალაგი, სადაც ხალხი თავს მოიყრის ხოლმე) ზისაო!
ნეტავი შატილოვნებო,
არვის შაარჩენთ ჭირსაო,
სახელი მამადგან მაგიდისთ,
ხოცა არ გიკვირსთ მტრისაო!..