პოეზიის თარგმანი: მცენარე და მისი ნიადაგი თარგმანის თეორეტიკოსები ხშირად კამათობენ ხოლმე იმაზე, რამდენად შესაძლებელია ერთ ენაზე შექმნილი პოეტური ნიმუშების მეორეზე თარგმნა.
ამ კამათს აქვს თავისი ობიექტური საფუძველი: პოეზია, ძირითადად, ისეა ხოლმე გახვეული ენობრივი თამაშების საფუძველში, რომ მისთვის ამ სამოსელის შემოძარცვა და ახალ ტანსაცმელში გამოწყობა იზიდასათვის იდუმალი საბურველის ახდას ემსგავსება.
ლექსი, როგორც იშვიათი მცენარე, თავისი ენის ნიადაგზეა ამოზრდილი და მისი სხვა ენაზე გადატანა ამ მცენარის სხვა ნიადაგში გადარგვას წააგავს, რითიც მცენარე ან საერთოდ ხმება, ანდა ისე ვეღარასდროს ხარობს, როგორც იმ თავდაპირველ, მშობლიურ მიწაში.
მთარგმნელი გამოცდილი მებაღე უნდა იყოს: მას ევალება, ზუსტად იცოდეს როგორ შეარჩიოს შესაბამისი ადგილი, როგორ გაანაწილოს მზე და ჩრდილი ისე, რომ ნარგავი ახალ ნიადაგშიც ისეთივე პირობებში აღმოჩნდეს, რომ იხაროს და ნაყოფიც გამოიღოს.
ამიტომაც, როგორც წესი, პოეზიას მხოლოდ პოეტები თუ თარგმნიან ზუსტად.
სიზუსტე, როგორც თარგმანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აზრის ადეკვატურ თარგმანთან ერთად, გულისხმობს იმ ემოციური აქცენტების სწორად გადმოტანას, რაც დედნის განუმეორებელ ხიბლს ქმნის და მკითხველს საკუთარი უღრანების სიღრმეში ეწევა.
სწორედ ასეთი თარგმანი იქცევა ხოლმე იმ ენის ლიტერატურული პროცესების ორგანულ ნაწილად, რა ენაზეც ითარგმნება; მხოლოდ ასეთი თარგმანი თუ გამოიღებს იმ მაწიერ ნაყოფს, რითაც, რა თქმა უნდა ორიგინალურ ნაწარმოებებთან ერთად, სალიტერატურო ტრადიცია იკვებება. ამიტომაც, პოეზიის ნამდვილი მთარგმნელებიც ისეთივე ცოტანი არიან, როგორც ნამდვილი პოეტები. ამიტომაც გაჩნდა პოეზიის თარგმანთან დაკავშირებით ისეთი სკეფსისი, რასაც ორი გამოთქმა შესანიშნავად გამოხატავს: „თარგმანი ჰგავს გადმობრუნებულ ხალიჩას“ ანდა: „ლექსის თარგმანი ჰგავს ქალს: თუ ლამაზია, ერთგული არ არის და თუ ერთგულია, შეუხედავია“.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ალბათ, ზედმეტია იმისი დამატება, რომ ლექსის ყოველ ახალ თარგმანს უკიდერესი სკეპსისით ვეკიდები და, მითუმეტეს, იმ შემთხვევაში, თუკი მთარგმნელის გვარ-სახელი თავდაპირველად არაფერს მეუბნება.
ეს ნამდვილად არ არის სნობიზმი. უბრალოდ, ლექსის თარგმანს იმხელა გამოცდილება სჭირდება, ისეთი დიდი ლიტერატურული „ბექგრაუნდი“, რომ სასწაული უნდა მოხდეს, ახალბედა მთარგმნელმა თავისი (შეიძლება, თავისთავად მნიშვნელოვანი ნაღვაწით) ჩემი განცვიფრება მოახერხოს.
ამიტომაც, როდესაც ჩემმა ერთმა ძველმა მეგობარმა და ძალიან გემოვნებიანმა კოლეგამ, ნინო ჩხიკვიშვილმა, ჯანა ამირეჯიბის თარგმანები გამომიგზავნა და აზრს დამეკითხა, პირველი სტროფები ერთგვარი შიშითა და მღელვარებით წავიკითხე: არ მიყვარს, როცა აზრს მეკითხებიან – „რომელი მეფე ერეკლე მე ვარ ანდა რომელი მსაჯული მისი“: წერის უფლება ყველასა აქვს, ყველასა აქვს თავისი ნაწერით გახარების უფლებაც და როცა ადგები და ამ ნაწერს ჩაუკირკიტდები, როცა იძულებული ხარ, უცხო ადამიანს პირუთვნელად მოახსენო საკუთარი აზრი, რბილად რომ ვთქვათ, ძალზე არასასიამოვნო მოვალეობაა. თანაც, „ვერცხლის საუკუნის“ რუსული პოეზიის თარგმანს ქართულ ენაზე უკვე ისეთი დიდი ტრადიცია აქვს, რომ თავისთავად იოლი არ არის მკითხველისათვის რამე სიახლის მიწოდება. ჯერ მარტო ვახუშტი კოტეტიშვილის კონგენიალური თარგმანების გახსენება რად ღირს! თანაც ეს ხომ ის პოეტური ნიმუშებია, რომლებიც ჩემმა თაობამ დედანში ზეპირად იცის. ამ ლექსებით გვიცხოვრია, გვყვარებია, დაგვნანებია და გვიმდუღრია... ამ წინასწარი უსიამოვნო მოლოდინის საპირისპიროდ და ჩემდა გასახარად, ჯანა ამირეჯიბის თარგმანებმა ნამდვილად აღმაფრთოვანა.
ჩემთვის მისი თარგმანების პირველივე ნიმუშის წაკითხვისთანავე ცხადი შეიქნა, რომ ამ ლექსებს ნამდვილი პოეტი თარგმნიდა; რომ აქ ნამდვილად იმ შემთხვევასთან მქონდა საქმე, რასაც „თარგმანის ალქიმიას“ ეძახიან. პოეტი ჯანა ამირეჯიბი ერთგულად მიჰყვებოდა ჩემთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი ლიტერატურული სამყაროს ბილიკს, რომელიც ამავე დროს, თან ძალიან განსხვავებულიც იყო, მისი, საკუთარი და თავისთავადი.
ეს თავისთავადობა მხატვრულ ლიტერატურაში დღეს უკვე უპირველესად იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა ზუსტად იცოდეს, რა არის გაკეთებული მანამდე ამ კონკრეტული მიმართულებით, რა განავითაროს და რა უარყოს თავისი წინამორბედების მემკვიდრეობიდან. ჯანა ამირეჯიბის თარგმანებიდან ეს აუცილებელი ცოდნაც გამოსჭვივის და კიდევ სხვა ბევრი თვისებაც, რაც საბოლოოდ კარგ თარგმანს აყალიბებს: გემოვნება, სიფაქიზე, ნიუანსის აზრობრივი და ემოციური დონეების პროფესიული გააზრება და ამ დონეთა შუქ-ჩრდილებივით ისე გადანაწილება, რომ პოეზია მცენარესავით ხარობდეს მისთვის შეუჩვეველ ახალ ნიადაგში. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს კრებული ძალზე მნიშვნელოვანი წიგნია და სიხარულით მივუძღვები მას მკითხველის გულისაკენ.
გიორგი ლობჟანიძე