არისტოტელეს ეთიკის მნიშვნელობა არისტოტელემ ჩაუყარა საფუძველი ეთიკას, როგორც მოძღვრებას ადამიანის ზნეობის შესახებ. სიტყვა „ ეთიკაც “ მან პირველმა შემოიტანა ხმარებაში. იგი აწარმოა მან ბერძნული სიტყვიდან „ ეთოს “ , რაც ჩვევას, ჩვეულებას ნიშნავს. იგი ვარაუდობდა, რომ ზნეობრივი თვისებები თანდაყოლილი კი არაა, არამედ შეძენილია და ადამიანის ჩვევას ემყარება. ჩვევებს კი ის ასხვავებდა ბუნებრივი თვისებებისგან, ეს განსხვავება მას იმიტომ დასჭირდა, რომ ეთქვა: ადამიანები არ ისჯებიან ბუნებრივი ანუ თანდაყოლილი თვისებების, მაგალითად, სიმახინჯის გამო, არამედ ისჯებიან შეძენილი თვისებების გამო, რადგან ბუნებრივი თვისებები ადამიანზე არ არის დამოკიდებული, შეძენილი კი ადამიანის ჩვევისა და თავისუფალი არჩევანის შედეგია. ასევე ქებას ადამიანები იმახურებენ იმ დადებითი მოქმედებისათვის, რის ჩადენა ან თავიდან აცილება ხდება მათივე გადაწყვეტილებისა და თავისუფალი ნების საფუძველზე.
არისტოტელეს ეთიკის ძირითადი პრობლემაა ადამიანის არსის, მისი მიზნისადა დანიშნულების გარკვევა. ამიტომ მას უნდა დაედგინა ადამიანისათვის დამახასიათებელი ძირითადი თვისება, რითაც ის ადამიანს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროსაგან განასხვავებდა. იგი ფიქრობდა, რომ კვებისა და ზრდის თვისება მცენარეებსაც ახასიათებთ, შეგრძნების თვისება კი ადამიანებს ცხოველებთან აქვთ საერთო. ადამიანისათვის დამახასიათებელი და სპეციფიკური თვისება მან აზროვნებაში ნახა, რითაც ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განასხვავა და მოუწოდა ადამიანებს, რომ მთლი ცხოვრება და მოქმდების ყოველი ნაბიჯი აზროვნებაზე დაემყარებინათ.
ნიშნავს ეს იმას, რომ არისტოტელემ უარყო ყოველგვარი გრძნობა და სიამოვნება? - არა, რადგან მან კარგად იცოდა, რომ გრძნობის, გატაცების გარეშე შეუძლებელია მოქმედება, განსაკუთრებით შემოქმედება, რომ ყოველ საქმიანობას, რასაც კი ადამიანი ნებაყოფლობით ასრულებს, თან სდევს სიამოვნება, რაც ზრდის შემოქმედებით ენერგიას და რის გარეშე შემოქმედება შეუძლებელია. მაგრამ ამავე დროს არისტოტელე მოითხოვდა გრძნობისა და გონების ჰარმონიულ არსებობას, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მოითხოვდა გრძნობის დამორჩილებას გონებისადმი.
არისტოტელეს ყურადღების ცენტრში მოექცა აგრეთვე პრობლემა ადამიანის დანიშნულების ანუ მიზნის შესახებ. არისტოტელეს ადამიანის არსებობის უმაღლეს მიზნად მიაჩნდა ბედნიერება. ის ფიქრობდა, რომ ამ უმაღლესი მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ყოველი ნაბიჯი, მისი ყოველი მოქმედება. არისტოტელე მკვეთრად მიჯნავდა ერთმანეთისაგან მიზანსა და მიზნის მისაღწევ საშუალებას. ძირითადია და განმსაზღვრელი მიზანი, საშუალება კი, რომელიც მის განხორციელებას ემსახურება, ნაკლებ მნიშვნელოვანია და მიზანს ექვემდებარება.
როგორ ესმის არისტოტელეს ბედნიერება? ბედნიერება არის სრულყოფილი ცხოვრება, გვასწავლის არისტოტელე. ამ ცხოვრებას არ უნდა გააჩნდეს არავითარი ნაკლი. როგორ მივაღწიოთ ასეთ ცხოვრებას? მას შეიძლება მივაღწიოთ სათნოებით, ან სათნოების შესაბამისი სულიერი მოღვაწეობით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არისტოტელეს აზრით, ბედნიერება თვითონ ადამიანმა უნდა მოიპოვოს და შექმნას საკუთარი აქტივობითა და მოქმედებით, შემთხვევით მიღებული ბედნიერება და წარმატება არაა ნამდვილი ბედნიერება და ნამდვილი წარმატება. უმაღლესი სახე ადამიანის მოქმედებისა და აქტივობისა, მისი აზრით, არის თეორიული მოღვაწეობა, რაც სულიერი მოღვაწეობა და სულიერი აქტივობაა. ეს ყველაზე მეტად ღმერთებისთვის არის დამახასიათებელი, ადამიანებში კი ის ღვთაებრივი თვისებაა.
მაგრამ ბედნიერებისათვის არ კმარა მხოლოდ სულიერი სათნოება, თეორიული მოღვაწეობა, ადამიანს ბედნიერებისათვის სჭირდება აგრეთვე ე.წ. „ გარეგანი სიკეთენი “ , როგორიცაა თავისუფლება, სიმდიდრე, მეგობრები, გავლენა და სხვ. ყოველივე ეს კი იქცევა არარაობად, თუ მას ადამიანი გონივრულად, გონების კარნახით არ გამოიყენებს. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ არისტოტელე ბედნიერებას ისევ და ისევ აზროვნებაში, გონივრულ ცხოვრებასა და სიბრძნეში ხედავდა.
არისტოტელემ ღრმად გაიაზრა თავისუფლების პობლემა. პირველ ყოვლისა, მას თავისუფლად მიაჩნდა არჩევანისადა გადაწყვეტილების მიღების უფლება. ამასთან დაკავშირებით მას მოუხდა მკვეთრი ზღვარის გავლება ნებაყოფლობით და იძულებით მოქმედებას შორის. არისტოტელე იძულებითად თვლიდა მოქმედებას, რომელსაც ადამიანი ასრულებს საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ და პირიქით, თავისუფალია მოქმედება რომელიც საკუთარი ნება-სურვილით სრულდება. მეორე განსხვავება მათ შორის, მისი აზრით, მდგომარეობს იმაში, რომ ნებაყოფლობით მოქმედებას თან სდევს სიამოვნება, იძულებითს კი ტანჯვა. მესამე განმასხვავებელი ნიშანი მათ შორის ისაა, რომ ნებაყოფლობითი მოქმედების მიზეზი თვით ადამიანშია, იძულებითისა კი იმყოფება მოქმედი ადამიანის გარეთ. იძულებითი მოქმედების მაგალითად მას მოაქვს ზღვაში მთელი სიმდიდრის გადაყრა, რათა გემზე მყოფთ ამით სიცოცხლე შეინარჩუნონ, ანდა ტირანის უღირს წინადადებაზე დათანხმება, რათა კაცმა გადაარჩინოს მის ხელში ჩავარდნილი მახლობლები. მეოთხე განსხვავება მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფალი მოქმედება წინასწარ განზრახულია, იძულებითი კი არა.
ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ შევეხოთ არისტოტელეს კონცეფციას მონობის შესახებ. მართალია, მის ეთიკაში ვხვდებით გამოთქმას, რომ „ მონა არის სულიერი იარაღი “ , მაგრამ ამ შემთხვევაში არისტოტელე ახდენდა არსებული მდგომარეობის კონსტანტაციას, იმის აღნიშვნას, თუ როგორ უყურებდა მის დროს საზოგადოება მონას. ასევე არსებული მგდომარეობის კონსტანტაციაა