რენე დეკარტის ფილოსოფიური მოძღვრების ძირითადი პრინციპები რენე დეკარტი, შუა საუკუნეების აზროვნების შემდგომი ეტაპის _ ახალი ფილოსოფიის _ ერთერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი, სრულიად სამართლიანად ითვლება ფილოსოფიური აზრის რეფორმატორად და ნოვატორად. დეკარტის ფილოსოფიურმა აზროვნებამ უაღრესად დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის დასავლეთ ევროპის ფილოსოფიურ მემკვიდრეობაზე. დეკარტის სახით ფილოსოფიას მოევლინა ღრმა, ნათელი, უდავო მტკიცებების მოყვარული მოაზროვნე. თავად ის ფაქტი, რომ ახალი, უახლესი და თანამედროვე ეპოქის ყველა დიდი ფილოსოფოსი თავს მოვალედ მიიჩნევს მოიხსენიოს ფრანგი მოაზროვნის უბადლო ნაშრომების ძირითადი დებულებები, ნათლად მეტყველებს დეკარტის ფილოსოფიურ თხზულებათა განსაკუთრებულ ღირებულებაზე. დეკარტის იშვიათმა ნიჭმა წარუშლელი კვალი დატოვა მეცნიერების მრავალ დარგში; დიდია მისი წვლილი მათემატიკის, ფიზიკის, ასტრონომიის, ფსიქოლოგიის განვითარებაში.
რენე დეკარტი დაიბადა 1596 წელს, პარიზის სამხრეთ-დასავლეთით, ტურინის პროვინციის პატარა ქალაქ ლა ეიში. დეკარტის მამა, იოაქიმ დეკარტი, შეძლებული აზნაური, ქ. რენის პარლამენტის მრჩეველი გახლდათ.
ადათის თანახმად, რვა წლის რენე მამამ სასწავლებლად გაგზავნა ლა ფლეშის იეზუიტთა კოლეჯში, რომელიც იმხანად საფრანგეთში საუკეთესოდ ითვლებოდა. მოგვიანებით დეკარტი წერდა: „ ვსწავლობდი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში და მწამდა _ თუ ქვეყნად სადმე სწავლული არსებობდა, იქ იყო თავმოყრილი “ / „ მსჯელობა მეთოდის შესახებ “ , ნ. I /.
დეკარტი მოწადინებით სწავლობდა ყველა იმ მეცნიერებას, რასაც კოლეჯში ასწავლიდნენ; საკმაო დრო დაუთმო ენების შესწავლას, ისტორიული წიგნების კითხვას, მაგრამ განსაკუთრებით მოსწონდა მათემატიკა, მისი დებულებების უდავობისა და სიცხადის გამო. რაც შეეხება ფილოსოფიას, იმის გათვალისწინებით თუ როგორ ვითარდებოდა იგი უბრწყინვალესი გონების ადამიანთა მიერ საუკუნეთა მანძილზე და მაინც მასში არ იყო არც ერთი ისეთი დებულება საკამათო და, მაშასადამე, საეჭვო არ ყოფილიყო. დეკარტს თითქმის მცდარად მიაჩნდა ყველაფერი, რაც მისივე სიტყვების თანახმად, „ მხოლოდ სიმართლის მსგავსი იყო “ . ასევე ფიქრობდა, რომ შეუძლებელი იყო იმ მეცნიერებებს, რომელთა პრინციპებიც ნასესხები იყო ფილოსოფიიდან, რაიმე მყარი და უდავო აეგოთ ასეთ სუსტ საფუძვლებზე.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ, დეკარტმა სწავლა განაგრძო ქ. პუატიეში, მედიცინისა და სამართლისმცოდნეობის შესასწავლად. 1616 წელს, გამოცდების წარმატებით Gჩაბარების შემდეგ, მან მიიღო ბაკალავრის წოდება და სამართლის ლიცენციანტის წოდება.
მამა რენეს სამხედრო კარიერისათვის ამზადებდა. ამის გამო 1617 წელს დეკარტი მოხალისეა ჰოლანდიის ჯარში. იგი მონაწილეობდა იმ ომში, რომელიც „ ოცდაათწლიანი ომის “ სახელით არის ცნობილი ისტორიაში. სამხედრო სამსახურის წყალობით, დეკარტი გაეცნო ჰოლანდიისა და გერმანიის მრავალ ქალაქს. თავისუფალ დროს იგი ბევრს ფიქრობდა, ეჭვი ღრღნიდა და მრავალი შეცდომა მოსვენებას არ აძლევდა. განათლებით მიღებულ ერთადერთ სარგებლად ეჩვენებოდა ის, რომ სულ უფრო რწმუნდებოდა „ საკუთარ უვიცობაში “ . დეკარტი ცდილობდა ყველგან და ყველაფერზე დაკვირვებას, სხვადასხვა ზნე-ჩვეულებებისა და მდგომარეობის ადამიანებთან ურთიერთობის საფუძველზე მრავალმხრივი გამოცდილების შეძენას, რაიმე სარგებლის მიღებას.
1621 წელს დეკარტმა დატოვა სამხედრო სამსახური. მან მტკიცედ გადაწყვიტა განთავისუფლებულიყო ოდესღაც სარწმუნოდ მიჩნეული ყველა აზრის ტყვეობისაგან და ეძია ის მეცნიერება, რომელიც შეიძლებოდა აღმოეჩინა საკუთარ თავში ან სამყაროს დიდ წიგნში.
1625-27 წლებში, პარიზში, დეკარტი დაუახლოვდა სამეცნიერო და ფილოსოფიური წრეების თვალსაჩინო წარმომად გენლებს. 1627 წელს, ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე, მან მონაწილეობა მიიღო კამათში. დეკარტის ღრმა და ორიგინალურმა აზროვნებამ დამსწრე საზოგადოების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. 1629 წელს, მას შემდეგ რაც რამდენიმე წელი მოანდომა სამყაროს წიგნის ამგვარ შესწავლას, გარკვეული გამოცდილების შეძენას, თავისუფლებისა და სიმყუდროვის მოყვარული დეკარტი ჰოლანდიაში პირველი გამოცემის წინასიტყვა დეკარტის მოძღვრების ძირითადი პრინციპები გაემგზავრა და ამსტერდამში დამკვიდრდა. „ დიდი ქალაქის პირობებში, შემეძლო ისევე განცალკევებით და მარტოსულად მეცხოვრა, როგორც ყველაზე შორეულ უდაბნოში “ / „ მსჯელობა მეთოდისშესახებ “ ნ. I /. აქ იგი ბევრს მუშაობდა მეცნიერების რამდენიმე დარგში, მაგრამ მათემატიკით, ფიზი კით, მედიცინით, სამართლით, ფიზიოლოგიით, ფსიქოლოგიით, კოსმოგონიით, კოსმოლოგიით გატაცებული მეცნიერი განსაკუთრებით ბევრს ფიქრობდა