წიგნი პირველი
სოკრატე, გლავკონი, პოლემარქე.
თრასიმაქე, ადიმანტე, კეფალე
სოკრატე. გუშინ პირეოსში გახლდით, გლავკონთან, არისტონის ძესთან ერთად, რათა ლოცვა-ვედრება აღმევლინა ქალღმერთის მიმართ და თანაც მენახა, რანაირად გადაიხდიდნენ მის დღესასწაულს, რომელიც პირველად იმართებოდა. ჩემის აზრით, მშვენიერი იყო იქაურთა საზეიმო მსვლელობა, თუმცა ვერც თრაკიელთა მსვლელობას დასდებდით წუნს. როცა ვილოცეთ და სანახაობითაც გული ვიჯერეთ, ქალაქისაკენ გამოვბრუნდით.
პოლემარქეს, კეფლეს ძეს, შორიდან დავუნახივართ შინ მიმავალნი; ამიტომაც თავისი მსახურისთვის უბრძანებია, დაგვწეოდა და ეთხოვა, მის ბატონს დავლოდებოდით. მსახურმა მოსასხამში ჩამავლო ხელი და მითხრა:
-პოლიმარქე გთხოვთ, დამიცადეთო.
მე შევბრუნდი და ვკითხე, თვითონ სადღაა-მეთქი.
-აი, ისიც, უკან მომყვება; თუ შეიძლება, დაუცადეთ.
-კეთილი, დავუცდით, -უთხრა გლავკონმა.
მალე პოლიმარქეც წამოგვეწია, რომელსაც თან ახლდნენ ადიმანტე, გლავკონის ძმა, ნიკერატე, ნიკიას ძე, და კიდევ რამდენიმე კაცი, რომლებიც, ალბათ, საზეიმო მსვლელობიდან ბრუნდებოდნენ.
პოლიმარქემ თქვა:
-როგორც ვატყობ, ქალაქში მიგეჩქარებათ, სოკრატე.
-გამოცანა გერგება, -ვუთხარი მე.
-კი მაგრამ, ვერ ხედავთ, რამდენი ვართ?
-ბრმა ხომ არა ვარ!
-მაშინ ან უნდა გვძლიოთ, ან აქ დარჩენა მოგიწევთ.
-ნუთუ არ შეიძლება სხვა გამოსავალიც ვიპოვოთ; იქნებ დაგარწმუნოთ, რომ აუცილებელია ჩვენი გაშვება, -ვუთხარი მე.
-განა შეიძლება დაარწმუნო ისინი, ვინც ყურს არ გათხოვებთ? -მომიგო მან.
-ნამდვილად არ შეიძლება, -თქვა გლავკონმა.
-ჰოდა, თქვენც შეუშვით თავში, რომ ყურს არ გათხოვებთ.
ადიმანტემ კი დასძინა:
-ნუთუ არ იცით, რომ საღამოს ჩირაღდნიან ცხენოსანთა ასპარეზობას მართავენ ქალღმერთის პატივსაცემად?
-ცხენოსანთა ასპარეზობას? -ვიკითხე მე, -ოო, ეს რაღაც ახალია. ცხენოსნები, ალბათ, ერთმანეთს გადასცემენ ანთებულ ჩირაღდნებს; ასეა, არა?
-რა თქმა უნდა; -თქვა პოლემარქემ, -თანაც, ღამეული ზეიმის მოწმენიც გავხდებით; ღმერთმანი, ყურებად ღირს. ნავახშმევს ზეიმის საყურებლად გავწიოთ, იქ კი ბევრ ყმაწვილ კაცს ვნახავთ და მათთან საუბრით ვიჯეროთ გული. მაშ, თუ ღმერთი გწამთ, დარჩით.
-როგორც ჩანს, დარჩენა მოგვიწევს, -თქვა გლავკონმა.
-თუ შენ ყაბულსა ხარ, ასეც მოვიქცეთ, -ვუთხარი მე.
პოლემარქესას რომ მივედით, იქ მისი ძმები - ლისია და ევთიდემე დაგვხვდნენ. იქვე იყვნენ ქალკედონელი თრასიმაქე, პეანიელი ქარმანტიდე და კლიტოფონი, არისტონიმეს ძე. შინ იყო პოლემარქეს მამაც -კეფალე; ბერიკაცი ძალზე მოტეხილი მომეჩვენა: დიდი ხანია აღარ მენახა. სავარძელში ჩაფენილ ყურთბალიშზე მოეკალათა; შუბლს გვირგვინი უმკობდა, რადგანაც ის-ის იყო მსხვერპლი შეეწირა ეზოში. მის მახლობლად ჩამოვსხედით, წრიულად ჩალაგებულ სავარლებზე.
ჩემს დანახვაზე კეფალე მომესალმა და მითხრა:
-რა იშვიათად ჩამოდიხარ, სოკრატე, პირეოსში; არ გეკადრება. უწინდებურად რომ მერჩოდეს ძალა და ქალაქში ჩამოსვლა არ მიჭირდეს, სულაც არ ჩამოგიყვანდით აქ -ჩვენ თვითონ გეწვეოდით. მაგრამ ახლა ხშირ-ხშირად უნდა გვესტუმრო: დამერწმუნე, რაც უფრო მეტად ჩამიქრა ყოველგვარი ხორციელი განცხრომის სურვილი, მით უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს გულითადი საუბარი. მაშ, მოწყალება მოიღე, ნურც ახალგაზრდებთან ურთიერთობაზე აიღებ ხელს და ნურც ძველ მეგობრებს მოანატრებ თავს.
-მართალი გითხრა, კეფალე, მეც დიდ სიმოვნებას მგვრის ხანდაზმულ ხალხთან საუბარი: -ვუთხარი მე, -მათ ხომ წინ გაგვისწრეს იმ გზაზე, რომლის გავლაც, ალბათ, ჩვენც მოგვიწევს, ასე რომ, მე მგონია, მათგან უნდა გამოვიკითხოთ, მაინც რანაირია ეს გზა: ძნელი და ნარეკლიანი თუ ადვილი და ამოდ სავალი. ამიტომაც სიამოვნებით მოვისმენდი შენს აზრს ამის თაობაზე, რაკიღა უკვე მიაღწიე იმ ასაკს, „სიბერის ზღურბლს“ რომ უწოდებენ პოეტები. რას იტყვი, ძნელი ყოფილა სიბერე, თუ შენ სხვაგვარად ფიქრობ?
-ვფიცავ ზევსს, -მომიგო კეფალემ, გეტყვი, რასაც ვფიქრობ, სოკრატე. ჩემი ხნის ხალხი ერთად ვიკრიბებით ხოლმე, რითაც ვამართლებთ ძველ ანდაზას. თავს რომ მოვიყრით, ბევრი ჩვენგანი სინანულით იგონებს სიჭაბუკეში განცდილ სხვადასხვა სანუკვარ სიამოვნებას -სასიყვარულო განცხრომას, ქეიფს, ღრეობას და სხვა მისთანათ, თანაც ისე ბუზღუნებს, თითქოს დიდი რამ დაეკარგოს: ცხოვრება თუ იყო, ის იყო, აბა, ამას ცხოვრება ეთქმისო? ზოგიერთი ბერიკაცი შინაურებს უჩივის -არად მაგდებენო, და ყველა ხმაშეწყობილად დასძახის, სულ სიბერისგან გვჭირს, რაცა გვჭირსო. მაგრამ, მე თუ მკითხავ, სულ ტყუილად ადანაშაულებენ სიბერეს, სოკრატე, რადგანაც სიბერე რომ იყოს ამ უბედურების მიზეზი, მაშინ ხომ ასეთივე ზემოქმედება უნდა მოეხდინა ჩემზედაც და ბევრ სხვა ბერიკაცზედაც, ვინც ჩემი ხნისა მოიყარა. მაგრამ მე შევხვედრივარ არა ერთსა და ორ ბერიკაცს, ვინც სულ სხვანაირად განიცდიდა სიბერეს. ასე მაგალითად, ერთხელ პოეტ სოფოკლეს ჩემი თანდასწრებითა ჰკითხეს: „სასიყვარულო განცხრომაზე რას იტყვი, სოფოკლე? ჯერ კიდევ შეგიძლია ქალის ალერსით თრობა?“ „გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს, - მიუგო მან, -ისეთი სიხარულით გამოვექეცი ამას, როგორც გაურბიან გამძვინვარებულსა და სასტიკ ბრძანებელს“. სოფოკლეს პასუხი მაშინაც დიდად მომეწონა და არც ახლა მომწონს