ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გვყავს გარკვეული რაოდენობის არასრულყოფილად განვითარებული ბავშვები, რომელნიც უნდა აღვზარდოთ ან, უფრო სწორად, რამდენადაც შესაძლებელია განვკურნოთ. ამ ბავშვების ნაწილი აქ, კლინიკურ-თერაპიულ ინსტიტუტში, იმყოფება, ნაწილი კი ლაუენშტაინში. ჩვენს განხილვებს ისე ავაგებთ, რომ შეძლებისამებრ პრაქტიკული გამოყენებისთვის იყოს გამიზნული. შემდეგ იმის წყალობით, რომ ქალბატონი დოქ. ვეგმანი აქ მყოფ ბავშვებს გვიჩვენებს, ჩვენ შეგვეძლება ზოგიერთი შემთხვევა უშუალოდ საკუთარი თვალით ვნახოთ და ისე ავხსნათ.
მაგრამ დღეს პირველ რიგში ამგვარი ბავშვების არსებაზე მინდა ვისაუბრო. ბუნებრივია, რომ მას, ვისაც არასრულყოფილად განვითარებული ბავშვის აღზრდა სურს, წინ უნდა მიუძღოდეს ჯანსაღი ბავშვის აღმზრდელობითი პრაქტიკის შემეცნება, ჭეშმარიტად ჩამწვდომი შემეცნება. ესაა ის, რაც უნდა გაითავისოს ყველამ, ვისაც სურს ამგვარი ბავშვის აღზრდა. ვინაიდან, სავსებით ნათელი უნდა იყოს, რომ ყოველივე ის, რაც არასრულყოფილად განვითარებულ, ავადმყოფ ბავშვთან შეიძლება გამოვლინდეს, უფრო ინტიმური სახით ე.წ. ნორმალურ მშვინვიერ ცხოვრებაშიც შეინიშნება, ოღონდაც ამ ცხოვრების სათანადოდ დაკვირვება უნდა შეგვეძლოს.
შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ადამიანის მშვინვიერი ცხოვრების ერთ კუნჭულში ანომალიურობა ბუდობს. ისეთი რამ, როგორიცაა, ვთქვათ, აზრთა დაუმორჩილებლობა - ანუ უუნარობა მეტყველებისას სიტყვები სწორად დააშორო ერთმანეთს ისე, რომ ან ძალზე სწრაფად ლაპარაკობ, ან სანამ ორ სიტყვას ერთმანეთს გადააბამდე, მსმენელს შეუძლია გაისეირნ-გამოისეირნოს, ანდა მსგავსი ხარვეზები, რომელნიც შეიძლება ნებელობისა და გრძნობის სფეროშიც გამოვლინდნენ - ადამიანთა უმრავლესობასთან შეინიშნება, მცირედი მიდრეკილების სახით მაინც. ამგვარ ხარვეზებზე ღირს საუბარი, ვინაიდან ისინი სიმპტომები უნდა იყოს მისთვის, ვისაც სურს პედაგოგიურად თუ განმკურნებლად მიუდგეს უფრო დიდ ხარვეზებს. უნდა შეგვეძლოს ამგვარ მოვლენებში სიმპტომების შესწავლა ისევე, როგორც დაავადებისას ექიმი სიმპტომებზე, სიმპტომთა კომპლექსებზეც კი საუბრობს და მათი საშუალებით შეიცნობს დაავადებას და იძენს მის ხედვას, ოღონდაც იმას, რაც სიმპტომთა კომპლექსს წარმოადგენს, იგი არასოდეს ურევს მასში, რაც, ფაქტობრივად, დაავადების სუბსტანციური შინაარსი არის.
ის, რასაც მშვინვიერ ცხოვრებაში ვამჩნევთ, არასრულყოფილად განვითარებული ბავშვის შემთხვევაშიც არ უნდა ჩავთვალოთ სხვა რამედ, გარდა სიმპტომისა. ე.წ. ფსიქოგრაფია სხვა არაფერია, თუ არა სიმპტომატოლოგია. და როდესაც დღესდღეობით ფსიქიატრია მარტოოდენ აღწერს ანომალიურ მშვინვიერ გამოვლინებებს აზროვნების, გრძნობისა და ნებელობის მიხედვით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მან წარმატებას მიაღწია სიმპტომთა კომპლექსების ზუსტ აღწერაში, მაგრამ რადგანაც ვერ სცილდება ამგვარ ფსიქოგრაფიას, სრულიად არა აქვს უნარი, შეაღწიოს დაავადების სუბსტანციურში. არადა, აუცილებელია დაავადების სუბსტანციურში შესვლა. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ წარმოდგენა, რომელიც გთხოვთ, რომ დაიხსომოთ.