თავი I. შესავალი ძველი აღთქმის წიგნების შემდგენლებთან დაკავშირებით როდესაც მენაშემ (2 ნეშტ. 33:5-7) დაამკვიდრა ღვთის სახლში გაკეთებული კერპი და ქანდაკი, და სამსხვერპლოები აუგო ცის ვარსკვლავებს უფლის სახლის ორივე ეზოში, და ამასთანავე მკითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა და ბევრ სხვა უკუღმართობას სჩადიოდა, ყველა ამ უწმინდურობისთვის აშურის მეფე ასერჰადონის მიერ იქნა შეპყრობილი და ტყვედ წაყვანილი ბაბილონში; რჯულის წიგნი დაკარგული იყო მისი შვილიშვილის, იოშიას მეფობის მეთვრამეტე წლამდე. ჰილკიაჰუ მღვდელმთავარმა (2 ნეშტ. 34) იპოვა იგი ტაძრის აღდგენის შემდეგ და გადასცა მეფეს, რომელიც დიდად დამწუხრდა იმის გამო, რომ არ დაიცვა მათმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები და ბრძანა, რომ წაეკითხათ წიგნი ხალხისთვის და მოთხოვა ხალხს ახალი აღთქმის დადება უფლის წინაშე. სწორედ ეს არის დღემდე შემორჩენილი რჯულის წიგნი.
როდესაც შიშაკი (2 ნეშტ. 12:2-4; 8-9; 15:5-6) მიადგა იუდეას ქალაქებს და ისინი ეგვიპტის მონარქიას დაუმორჩილა (რობოამის მეფობის მეხუთე წელს), ებრაელები დიდ გასაჭირში კიდევ ოც წელიწადს დარჩნენ; ისინი იყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის, დამმოძღვრავი მღვდელმთავრისა და კანონის გარეშე. მშვიდობა არ ჰქონდა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოთი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში; ხალხი ხალხს ებრძოდა და ქალაქი - ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით, მაგრამ (2 ნეშტ. 14:1; 6-9; 12) როდესაც შიშაკი გარდაიცვალა და ეგვიპტე გასაჭირში აღმოჩნდა, იუდეას სიმშვიდის ათი წელი მიეცა. იმ პერიოდში ასამ ააგო ციხე-ქალაქები, გამოიყვანა 580,000-იანი ჯარი და თავისი მეფობის მეთხუთმეტე წელს დაუპირისპირდა ზერახ ქუშელს, რომელსაც დაპყრობილი ჰქონდა ეგვიპტე, ლიბია და ტროგლოდიტიკა[3] და ლიბიელებისა და ეთიოპელებისგან შემდგარი 1,000,000-იანი ჯარი გამოიყვანა შიშაკის მიერ წართმეული მიწების დასაბრუნებლად. ამ გამარჯვების შემდეგ (2 ნეშტ. 15:3; 12-13; 16; 18) ასამ კერპთაყვანისმცემლობისთვის დედოფლობა ჩამოართვა საკუთარ დედას, აღადგინა საკურთხეველი და ღვთის სახლს შესწირა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი. ასამ და მისმა ხალხმა ახალი აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამა-პაპათა ღმერთი, სიკვდილის შიშით მათთვის, ვინც სხვა ღმერთებს სცემდა თაყვანს. მისმა შვილმა იეჰოსაფატმა გაანადგურა სიმაღლენი და მეფობის მესამე წელს ზოგი თავადი, მღვდელმსახური და ლევიტი[4] იუდეას ქალაქებში მოძღვრებად გაგზავნა, რომლებსაც თან ჰქონდათ რჯულის წიგნი, იუდეას ყველა ქალაქში დადიოდნენ და ასწავლიდნენ ხალხს. ეს რჯულის ის წიგნია, რომელიც მენაშეს მეფობის დროს დაიკარგა და კვლავ იქნა აღმოჩენილი იოშიას მეფობის დროს. შესაბამისად, ეს წიგნი დაწერილია იეჰოსაფატის მეფობის მესამე წლამდე.
რჯულის იგივე წიგნი შენახული და შთამომავლობისთვის იქნა გადაცემული სამარიტელთაგან[5] და, შესაბამისად, მიღებულ იქნა ათი ტომის მიერ მანამ, სანამ მათ დაიპყრობდნენ. როდესაც (4 მეფ. 17:27-28; 32-33) ათი ტომი შეიპყრეს, აშურის მეფის ბრძანებით მათი მღვდელი უკან გაგზავნეს ბეთელს, რათა სამარიის ახალი მოსახლეობისთვის იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება ესწავლებინა. სამარიტელებმა მღვდლისგან პენტატევქი[6] მიიღეს, რომელიც შეიცავდა კანონსა და მცნებებს ღმერთისა, რომლებიც მას უნდა ესწავლებინა. მიუხედავად (4 მეფ. 17:34; 41) მათი ურყევობისა ახალ რელიგიაში, რომელსაც მღვდელი ასწავლიდა მათ, ისინი საკუთარ ღმერთებსაც სცემდნენ თაყვანს, ხოლო რადგან ნასწავლისადმი ერთგულები იყვნენ, რჯულის ეს წიგნი მათ შემოინახეს ებრაელთა ორიგინალურ ენაზე, როდესაც ორმა ტომმა[7], ბაბილონიდან[8] დაბრუნების შემდეგ, შეცვალა ენა ქალდეურზე[9], რომელიც მათ ბაბილონში ისწავლეს.
ვინაიდან პენტატევქი რჯულის წიგნად მიღებულია, როგორც ორი ტომის, ასევე ათი ტომის მიერ, აქედან გამომდინარეობს, რომ მისი მიღება მოხდა ორ სამეფოდ მათ გაყოფამდე, ხოლო გაყოფის შემდეგ მათ არა კანონები მიიღეს ერთმანეთისგან, არამედ შემდგომი უთანხმოება. იუდეას არ შეეძლო იერობოამის ცოდვიდან ისრაელის დახსნა და არც ისრაელს შეეძლო ამ ცოდვაში იუდეას შეყვანა. შესაბამისად, პენტატევქი რჯულის წიგნს წარმოადგენდა დავითისა[10] და სოლომონის[11] დროს. სავანეთა და ტაძართა საქმეები, ამ წიგნის თანახმად, დავითისა და სოლომონის მიერ იყო შეკვეთილი. დავითი, შეაგონებს რა ხალხს 78-ე ფსალმუნში, ყური დაუგდონ ღმერთის მცნებას, სწორედ ამ წიგნის კანონს გულისხმობს. როდესაც იგი აღწერს, თუ როგორ არ იცავდნენ წინაპრები ამ წიგნის მცნებებს, მას მრავალი ისტორიული ფაქტი მოაქვს გამოსვლისა და რიცხვთა წიგნებიდან.
ედომის ქვეყნის მეფეთა მონაცვლეობა, სანამ ისრაელს მეფეები ეყოლებოდა, გადმოცემულია დაბადების წიგნში. შესაბამისად, ეს წიგნი საულის მეფობამდე სრულად იმ ფორმით არ იყო დაწერილი, როგორითაც იგი დღეს არსებობს. ავტორმა მეფეთა მონაცვლეობა განსაზღვრა თავის დრომდე ანუ დავითის მიერ ედომის დაპყრობამდე. პენტატევქი შედგება კანონისა და ღმერთის ხალხის ისტორიისგან ერთობლივად, ისტორია კი შეკრებილ იქნა სხვადასხვა წყაროებიდან, როგორიც არის სამყაროს შექმნის ისტორია, შედგენილი მოსეს მიერ (დაბ. 2:4), ადამის წარმოშობის წიგნი (დაბ. 5:1) და საუფლო