შესავალი შესავალი
გენიალურმა ბერძენმა მოაზროვნემ არისტოტელემ ტრაქტატში „ სულის შესახებ “ დააყენა და გადაწყვიტა ადამიანის აზროვნების, მისი ფსიქოლოგიის მრავალი აქტუალური პრობლემა. პრობლემას იმის შესახებ, თუ როგორ აზროვნებს და შეიცნობს ადამიანი, არისტოტელე წყვეტს ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არისტოტელემ ამ ტრაქტატით საფუძველი ჩაუყარა ორ მეცნიერებას - შემეცნების თეორიას ანუ გნოსეოლოგიას და ფსიქოლოგიას. რუსი მკვლევარი ვ. სერიოჟნიკოვი ამ ტრაქტატის შესახებ წერს: „ არიტოტელეს ტრაქტატი „ სულის შესახებ “ არის ძველი სამყაროს უაღრესად მნიშვნელოვანი მეცნიერული მოვლენა. ის ღირებულია, პირველ ყოვლისა ... შემეცნების თეორიის პრობლემების თავისი ღრმა და დაკვირვებული ანალიზით “ .[1] მკვლევარი არ ახსენებს მის ასეთსავე ღრმა ფსიქოლოგიურ ანალიზს, რითაც არისტოტელემ ასწავლა კაცობრიობას ფსიქოლოგიური დაკვირვება და კვლევა. ეს მისი უდიდესი დამსახურება იყო კაცობრიობის მეცნიერებისა და აზროვნების განვითარების საქმეში.
არისტოტელეს კვლევის მეთოდი
მეთოდი, რომელსაც მიმართავს არისტოტელე ამ ტრაქტატში, დღესაც მნიშვნელოვანია და გამოსადეგი ნებისმიერი მეცნიერული კვლევის დროს. არისტოტელე კი გვასწავლის: „ საჭიროა განვიხილოთ ის, რაც იყო ნათქვამი წინამორბედების მიერ ამის შესახებ, რათა მივიღოთ ის, რაც კარგი იყო მათ გამონათქვამებში და უარვყოთ ის, რაც უვარგისი იყო “ .[2] მართლაც, არისტოტელე მიმოიხილავს წინამორბედი მოაზროვნეების შეხედულებებს ყოველმხრივ, კეთილსინდისიერად, დამახინჯების გარეშე, რითაც მან შემოგვინახა ძვირფასი მასალა ძველი ბერძენი მოაზროვნეების თვალსაზრისზე სულის შესახებ. მათი შეხედულებების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ამყარებს არისტოტელე თავის კონცეფციას სულის შესახებ, განსაკუთრებით კი კონცეფციას სულისა და სხეულის მიმართების შესახებ, თუმცა თვითონ ამ ტრაქტატის მიზნად აცხადებს „ ჭეშმარიტების წვდომას “ და „ ბუნების შემეცნებას “ .
არისტოტელეს ცნობით, პითაგორელთა უმრავლესობა სულს თვლიდა მოძრავად და სხეულის მამოძრავებლად. ამ თვალსაზრისს, გარდა პითაგორელებსა, იცავდნენ ანაქსაგორა, თალესი, ტიმაიოსი და ჰერაკლიტე. არისტოტელე დიდ ყურადღებას უთმობს დემოკრიტესა და ლევკიპეს თვალსაზრისს, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ სული შედგება „ სფეროსმაგვარი მოძრავი ნაწილაკებისაგან, რომლებიც თვითონაც მოძრავნი არიან და შეუძლიათ ყველაფერში შეიჭრან და აამოძრაონ. ისინი ხელს უშლიან ცოცხალ არსებაში მყოფი ნაწილაკების გამოყოფას და ამიტომ ცოცხალი არსება არსებობს მანამ, სანამ ეს მოქმედება ძალუძს “ .[3] ემპედოკლეს უმტკიცებია, რომ სული შედგება ყველა ელემენტისაგან[4] ასევე ფიქრობდა პლატონი, მაგრამ ამავე დროს ავითარებდა მსგავსის მსგავსით შემეცნების თეორიას. არისტოტელემ მკაცრად გააკრიტიკა ეს თეორია, რადგან ამ თეორიის მიხედვით, სულში უნდა არსებობდნენ თვით საგნები, მაგალითად, ქვა და ადამიანი, რაც უაზრობაა.[5] სულს ელემენტების ნაერთად თვლიდა აგრეთვე თალესი, რომელსაც, ამას გარდა, უმტკიცებია, როომ „ ყველაფერი ღმერთებით არის სავსე “ და რომ „ სული ყველაფერშია შერეული “ .[6] ანაქსაგორა ასხვავებდა სულსა და სხეულს, მაგრამ ყველაფრის მამოძრავებლად და საწყისად თვლიდა გონებას, რომელიც მისი აზრით, არის „ მარტივი, აღურეველი და სუფთა “ .[7] დიოგენეს ყოველივეს მამოძრავებლად მიაჩნდა ჰაერი, რომელიც შეიცავს ყველაზე უწვრილეს ნაწილაკებს. ჰიპონს უმტკიცებია, რომ ყველაფრის საწყისი არის სითხე, რადგან ყოველი თესლი შეიცავს სითხეს და უარყოფდა სულის გაიგივებას სისხლთან. მისგან განსხვავებით კრიტიასი სულს თვლიდა სისხლად და ამიტომაც, მისი აზრით, „ შეგრძნება ყველაზე მეტად ახასიათებს სულს “ .[8] პითაგორელებისათვის სული იყო ჰარმონია.[9] ორფიკოსების აზრით, სული შედის სხეულში სუნთქვის შედეგად.[10] ალკმეონის აზრით, „ სული უკვდავია, რომელიც იმყოფება განუწყვეტელ მოძრაობაში “ .[11]
არისტოტელემ, გადმოსცა რა წინამორბედთა შეხედულებები, დაასკვნა, რომ ყველა ისინი სულს სამ თვისებას მიაწერდნენ: „ შეგრძნებას, მოძრაობას და უსხეულობას “ .[12] მაგრამ, მისი საბოლოო დასკვნით, ეს შეხედულებები არის უაზრო და მიუღებელი.[13] ამით მან მოიპოვა უფლება, გადმოეცა საკუთარი შეხედულებები სულის შესახებ.
სულის არსი
სულის არსის დასადგენად არისტოტელეს საჭიროდ მიაჩნია მისი თვისებების გარკვევა, მისი შემთხვევითი თვისებების გარკვევაც კი. სულის ძირითად თვისებად არისტოტელეს მიაჩნია მოძრაობის თვისება. სული, მისი აზრით, თვითმოძრავია, მაგრამ ამავე დროს ამოძრავებს იმასაც, რაშიც იმყოფება, ე.ი. სხეულს. იგი წერს: „ სადაც კი გვხვდება მოძრაობა, იქ ყველგან ამის მიზეზი სულია “ .[14] არისტოტელე უარყოფდა პითაგორელების თეორიას სულის ჰარმონიულობის შესახებ. იგი წერდა: “ სული არაა ჰარმონია და არც წრეში ტრიალებს. ის შემთხვევით მოძრაობს და ამოძრავებს იმასაც, რაშიც ის იმყოფება “ .[15] სული მყოფება სხეულში და მაშასადამე, სული არის სხეულის მოძრაობის მიზეზი. არისტოტელემ სული სუბსტანციად ჩათვალა.
სული - სიცოცხლის საწყისი
არისტოტელემ სული ჩათვალა არა მხოლოდ მოძრაობის, არამედ არსებობის და განსაკუთრებით კი სიცოცხლის საწყისად. იგი წერდა: „ არსებობის მიზეზი