კირკეგორი და დოსტოევსკი I[1]
იმედია იმას არ ელით ჩემგან, რომ იმ ერთი საათის განმავლობაში, რომელიც ჩემს განკაგრულებაშია, ოდნავ მაინც სრულად შევძლებ რთული თემის ამოწურვას კირკეგორისა და დოსტოევსკის შემოქმედების შესახებ. ამიტომ ამოცანას შემოვფარგლავ: მხოლოდ იმის შესახებ ვისაუბრებ, თუ როგორ ესმოდათ კირკეგორსა და დოსტოევსკის პირველყოფილი ცოდვა ან, რაც იგივეა - ვისაუბრებ გონებაჭვრეტითი და გაცხადებული ჭეშმარიტების შესახებ. წინასწარ უნდა ითქვას, რომ ასეთ მოკლე დროში რთულად თუ მოხერხდება სასურველი სისრულით გამორკვევა იმისა, თუ რას ფიქრობდნენ და მოგვითხრობდნენ ეს ავტორები ადამიანის ცოდვით დაცემის შესახებ. უკეთეს შემთხვევაში შევძლებთ მხოლოდ თემატურად დავსახოთ ის, თუ რატომ მიიპყრო პირველყოფილმა ცოდვამ XIX საუკუნის ორი გამორჩეული მოაზროვნის ყურადღება. აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ნიცშესთვისაც, ვინც, არსებული წარმოდგენის თანახმად, შორს არის ბიბლიური თემებისგან, ცოდვით დაცემის პრობლემა მისი ფილოსოფიური პრობლემატიკის მთავარ ღერძს წარმოადგენს. მისი მთავარი, ძირითადი თემაა სოკრატე, რომელშიც იგი დეკადენტს ანუ უპირატესად დაცემულ ადამიანს ხედავს. ამასთან, სოკრატეს დაცემას იგი ხედავს იქ, სადაც ისტორია, განსაკუთრებით კი ფილოსოფიის ისტორია, ყოველთვის პოულობდა და ჩვენც გვასწავლიდნენ გვეპოვნა მისი უდიდესი დამსახურება: მის უსაზღვრო ნდობაში გონებისა და გონების მიერ მოპოვებული ცოდნისადმი. როდესაც ნიცშეს ნააზრევს კითხულობთ სოკრატეს შესახებ, უნებურად აკრძალული ხის ბიბლიური ლეგენდა გაგონდებათ, და კიდევ ცბიერის მაცდუნებელი სიტყვები: თვალები აგეხილებათ. ნიცშეზე მეტსა და უფრო დაჟინებით მოგვითხრობს სოკრატეს შესახებ კირკეგორი. ეს მეტად განსაცვიფრებელია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კირკეგორისთვის სოკრატე კაცობრიობის ისტორიის ყველაზე შესანიშნავი მოვლენაა ევროპის ჰორიზონტზე იმ იდუმალი წიგნის გამოჩენამდე, რომელიც წიგნად ანუ ბიბლიად იწოდება.
ცოდვით დაცემა ადამიანის აზრს უხსოვარი დროიდან აფორიაქებდა. ყველა ადამიანი გრძნობდა, რომ სამყაროში ყველაფერი კეთილად არ იყო და მეტიც, ფრიად არასასიკეთოდ გახლდათ. „ რაღაც დამპალა დანიის სამეფოში “ , - თუ შექსპირის სიტყვებით ვიტყვით. ვეებერთელა ძალისხმევას მიმართავდნენ, რათა გაერკვიათ ამ არასასიკეთოობის წარმომავლობა. აქვე უნდა ითქვას, რომ ბერძნული, ისევე, როგორც სხვა ხალხთა ფილოსოფია, შორეული აღმოსავლეთის ხალხთა ჩათვლით, ასე დასმულ კითხვას გასცემდა პასუხს, რომელიც დიამეტრულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ჩვენ დაბადების წიგნში ვხვდებით. ერთ-ერთი პირველი უდიადეს ბერძენ ფილოსოფოსთაგან - ანაქსიმანდრე - ჩვენამდე მოღწეულ ნაწყვეტში ამბობს: „ საიდანაც ცალკეულ არსებებს დაბადება ეწვიათ, იქედანვე, აუცილებლობის ძალით, მოდის სიკვდილიც. დადგენილ დროს ისინი სასჯელს იხდიან და მისაგებელს იღებენ საკუთარი უკეთურობისთვის “ . ანაქსინამდრეს ეს აზრი მთელ უძველეს ფილოსოფიას გასდევს: ერთეულ საგანთა წარმოშობა, ძირითადად კი ცოცხალი არსებებისა და უპირატესად ადამიანების, განიხილება, როგორც უკეთური კადნიერება, რომლის სამართლიან სამაგიეროს მათი სიკვდილი და განადგურება წარმოადგენს. იდეა γ έ ν ε σ ι ς -ს და φ θ ο ρ ά-ს (დაბადება და განადგურება) შესახებ ანტიკური ფილოსოფიის საწყისი წერტილია (გავიმეორებ, რომ იგი ურყევად იდგა შორეული აღმოსავლეთის რელიგიებისა და ფილოსოფიების დამფუძნებელთა წინაშე). ადამიანის ბუნებრივი აზრი ყველა დროსა და ყველა ხალხში, უნებურად, თითქოს მოჯადოებული შეშდებოდა საბედისწერო აუცილებლობის წინაშე, რომელსაც სამყაროში სიკვდილის საზარელი კანონი მოეტანა, მტკიცედ გადაჯაჭვული ადამიანის დაბადებას, და კანონი განადგურებისა, რაც ყველას ელის, ვინც გაჩენილა ან გაჩნდება. თავად ადამიანის ყოფაში აზრი ავლენდა რაღაც არასათანადოს, ბიწიერს, ავადმყოფურს, ცოდვიანს და, ამის შესაბამისად, სიბრძნე მოითხოვდა საფუძველშივე გადალახვას იმ ცოდვისა ანუ განდგომას ყოფისგან, რომელიც, როგორც საწყისის მქონე, განწირულია დასასრულებლად. ბერძნული კათარზისის, განწმენდის საწყისს წარმოადგენს რწმენა, რომ ცნობიერების უშუალო მონაცემები, რომლებიც ყოველივე დაბადებულის განადგურებას მოწმობენ, ავლენენ სამყარომდელ, მარად, უცვლელ და გადაულახავ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტი, ნამდვილი ყოფა ( ο ν τ ω ς ο ν [2]) უნდა ვეძებოთ არა ჩვენთან და ჩვენთვის, არამედ იქ, სადაც კანონის მოქმედება დაბადებისა და განადგურების შესახებ წყდება ანუ იქ, სადაც არ არის და არ შეიძლება იყოს დაბადება და, შესაბამისად, არ არის და არ შეიძლება იყოს განადგურება. სწორედ აქედან იღებს სათავეს გონებაჭვრეტითი ფილოსოფია. ჭკვიანი თვალისთვის გამხელილი კანონი ყოველი შექმნილის და აღმოცენებულის დაღუპვის შესახებ ჩვენ ყოფიერების სამუდამო მახასიათებლად წარმოგვიდგება: ბერძნული ფილოსოფია ამაში ისევე ურყევად არის დარწმუნებული, როგორც ჰინდუთა სიბრძე, ჩვენ კი, ვისაც ბერძნებსა და ჰინდუებს ათასწლეულები გვაშორებს, ისევე უძლურნი ვართ ამ თვითცხადი ჭეშმარიტების ავტორიტეტს დავაღწიოთ თავი, როგორც ისინი, ვინც პირველად აღმოაჩინა იგი და ჩვენ გვიჩვენა.
მხოლოდ წიგნთა წიგნი წარმოადგენს ამ მხრივ ამოუცნობ გამონაკლისს.
მასში იმის სრულიად საწინააღმდეგო ამბავია მოთხრობილი, რაც ადამიანის მახვილმა თვალმა იხილა. დაბადების წიგნის დასაწყისში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ყველაფერი შემოქმედის მიერ