წინათქმა
სტატიების წინამდებარე კრებული საკმაო სისრულით გამოხატავს თამაზ ჩხენკელის – პოეტის, მთარგმნელის, ესეისტის, ქართული ლიტერატურისა და კულტურის მკვლევრის მრავალფეროვან ინტერესებს. ეს წერილები თარგმნილია მოცალეობის ჟამს, ინტენსიური ფიქრისა და შემოქმედების შუალედებში და, შეიძლება ითქვას, ერთგვარად მისი სულის გამოძახილია. რამდენად შორსაც უნდა ყოფილიყო მისი უშუალო პროფესიული და შემოქმედებითი ინტერესებისგან, ვთქვათ, თანამედროვე ფიზიკის პრობლემები, აქაც მისი სინდისი და მაძიებელი გონება ჰპოვებდა სულიერ-ინტელექტუალ საკვებს: ცოდნა არა ცოდნისთვის; ცნობისმოყვარეობა არა ცნობისმოყვარეობისთვის, არამედ ისევ და ისევ ყოფიერებაში არსებითის წვდომისთვის.
რა არის არსებითი? ეს არდასმული კითხვა მსჭვალავს ამ კრებულში დაბეჭდილ ნაწერებს, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა წარმოშობის და მსოფლმხედველობის მწერლებს, სწავლულებს, ფილოსოფოსებს თუ თეოლოგებს ეკუთვნით. მათი ნააზრევი ცხადად თუ შეფარვით ამ არსებითს უტრიალებს. და ეს არსებითი, უწინარეს ყოვლისა, არის ადამიანის არსება.
„ვინ არის ადამიანი?“ კითხულობს იუდაისტი თეოლოგი აბრაჰამ ჰეშელი. და თითქოს ამ კითხვის პასუხია ამერიკელი პოეტის, ესეისტის, ანთროპოლოგისა და ნატურალისტის ლორენ აისლის ესეს სათაური – „შეუპოვარი არსება“ (მთელ ნაწერად ღირს მისი ერთი შეკითხვა: „რომელმა ევოლუციამ გამოუმუშავა ადამიანს ადამიანური სიყვარული?“ ან: „როგორ შექმნა არსებობისათვის ბრძოლამ ცრემლი მოყვასის ნეშტზე?“).
აქ არის აინშტაინი თავისი „იდუმალების შეგრძნებით“, და ლორენცის მნიშვნელოვანი დებულების შეხსენებით — „შეუძლებელია ბოლომდე ჩაწვდე საგანთა არსს“, რომელიც ამ სახით გამოთქვამს ნიკოლას კუზელის წარუვალ ფორმულას „მცოდნე უცოდნელობის“ შესახებ, რომელსაც ფარდობითი თეორიის შემოქმედი სავსებით იზიარებდა. რა მოულოდნელიც უნდა იყოს ზუსტ მეცნიერებათა წარმომადგენლებისგან, აქ ავსტრიელი ფიზიკოსი ერვინ შროდინგერი ადამიანის ფენომენის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე – მისი ნების თავისუფლებაზე საუბრობს, ხოლო რუსი მათემატიკოსი მოისეევი – „აკრძალული ზღვარის პრობლემაში“ – ადამიანის პასუხისმგებლობაზე სამყაროს წინაშე; რუსი ფილოსოფოსი კომაროვი – ადამიანის სამყაროსთან შესაბამისობაზე: რომ ადამიანის მოვლენა არის შედეგი სამყაროს ასეთნაირი (და არა სხვანაირი) არსებობისა. ბორხესი წერს დროის ფენომენზე, უფრო კი ისეთ „დროში მოსრიალე“ არსებაზე, როგორიც არის ადამიანი. კარლ ჲასპერსი ადამიანის, როგორც მეხსიერი არსების, ისტორიულ განზომილებაზე მსჯელობს. აქ არის სერგო ქობულაძის ნააზრევი, რომელიც ერთგვარად ეხმაურება მთარგმნელის მოსაზრებებს ქართული ასომთავრული ანბანის სტრუქტურის შესახებ. აქ არის იუჯინ ნაიდა თავისი ესეით მთარგმნელისთვის განსაკუთრებულად მახლობელ თემაზე – „თარგმნის ხელოვნებისათვის“. ლოსევს, რომელსაც თამაზ ჩხენკელი შეხვდა მოსკოვში ერთხელ და უკანასკნელად ყოფნისას, შემოაქვს ქართული თემა, ის ლაპარაკობს ნეოპლატონიზმზე; ხოლო ჩვენში კარგად ცნობილი მორის ბოურა – „ვეფხისტყაოსანზე“... ოსიპ მანდელშტამს მოაქვს პოეზიის ზუსტ მეცნიერებად დაფუძნების ოცნება... მაქს ვებერი საუბრობს ადამიანის ისეთ მრავალთაგან ერთ-ერთ მოწოდებაზე, როგორიც არის მეცნიერება.
ფინელი დიპლომატი მაქს იაკობსონი ლაპარაკობს ასდღიან ომზე, რომელმაც დაარწმუნა მსოფლიო, რომ მისი პატარა ქვეყანა დამოუკიდებლობის ღირსია და ამავე დროს მაგალითი ყველასთვის, მათ შორის, მთარგმნელის ბედკრული სამშობლოსთვის. საერთოდ, პოლიტიკა არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებდა თამაზ ჩხენკელის ცხოვრებაში. ერთგან ინტერვიუში, როცა ჟურნალისტმა „აპოლიტიკურად“ მოიხსენია იგი, მან განმარტა, რომ აპოლიტიკურობა არ ნიშნავს გულგრილობას. ის, მართლაც არ იყო გულგრილი პოლიტიკის მიმართ, და თუმცა პოლიტიკოსობობაზე ოდნავი პრეტენზია არასოდეს განუცხადებია, მუდამ წუხდა, რომ ქვეყანა განიცდიდა მოწოდებით პოლიტიკოსთა სიმწირეს. სულ მეჩვენებოდა, რომ პოლიტიკა ჰობი იყო მისთვის. მახსოვს, საბჭოთა რეჟიმის მწირი ინფორმაციულობის პირობებში, თამაზი მისთვის საინტერესო ცნობებს მსოფლიო პოლიტიკიდან თავის ამოჩემებულ რუსულ გაზეთში „ზა რუბეჟომში“ ეძებდა და პოულობდა ისეთ ინფორმაციას, რასაც სხვა ვერც კი შეამჩნევდა.
თავის სათაყვანებელ ადამიანთა – სოსო ასლანიშვილისა და მიქელ პატარიძის – წრეში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით გაზრდილს, ძველი საქართველოს მოყვარულს, არ ჰქონია გადაჭარბებული წარმოდგენა საქართველოზე, არც იმის ილუზია, რომ მისი ქვეყანა მოიხვეჭდა პოლიტიკურ ძლევამოსილებას და აბსოლუტურ, უპირობო დამოუკიდებლობას, რისი იმედიც ჰქონდა ეროვნულ მოძრაობას და რითაც კვებავდა „გამოღვიძებულ“ მასებს. ყოველ ძნელბედობას, სულიერ თუ ფიზიკურ შეჭირვებას ის ხედავდა, სურდა დაენახა კათარზისის, წრთობის ასპექტში. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მის გარშემო ხდებოდა, – გაუტანლობის, პოლიტიკური სიბეცის, ნებსითი თუ უნებლიე ღალატის, ან, უბრალოდ, უმეცრებისა და უთავბოლობის, ამბიციურობის მოძალების, პატრიოტულ თემებზე სპეკულაციის პირობებში, – ის ქართველ ერში, ქართველობაში ჭვრეტდა მეტაფიზიკურ, უცვალებელ ბირთვს, რომელიც ყოველ დროში არსებობს, როგორც სწორედ ასეთი და არა სხვანაირი. ეს ბირთვი თავად მასში იყო თითქოს თანდაყოლილი, მაგრამ აღზრდით განმტკიცებული. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარი, ამ ბირთვში გაეერთიანებინა, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი: ვთქვათ, რომანტიზმი ფხიზელ რაციონალიზმთან, სინამდვილის მითოპოეტური აღქმა გამახვილებულ ყოფით თვალთან...
ზურაბ კიკნაძე
2011