ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მხოლოდ მაშინ გავართმევთ თავს ჩვენს ამოცანას, როდესაც მას განვიხილავთ როგორც არა მარტო ინტელექტუალურ-ხასიათობრივს, არამედ როგორც მორალურ-სულიერს უმაღლესი გაგებით; აქედან თქვენთვის გასაგები გახდება, რომ ჩვენი მუშაობის დასაწყისში პირველ რიგში გავიაზრებთ იმ ურთიერთკავშირს, რომლის დამყარებაც თავიდანვე გვსურს სულიერ სამყაროებთან სწორედ ჩვენი მოღვაწეობის მეოხებით. ამგვარი ამოცანისას შეგნებული უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ როგორც მხოლოდ ფიზიკურ პლანზე მცხოვრები ადამიანები; საკითხის ამგვარად დასმა განსაკუთრებით გავრცელდა უკანასკნელ საუკუნეში და თითქმის მთლიანად მოიცვა ადამიანები. ამოცანების ასეთმა ხედვამ აღზრდა-განათლება აქცია იმად, რაც უნდა გაუმჯობესდეს ჩვენს მიერ დასახული ამოცანით. ამიტომაც ჩვენი მოსამზადებელი სამუშაოს დასაწყისში გვინდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვამყარებთ კავშირს სულიერ მეუფებანთან, რომელთა დავალებით და სახელით უნდა გარკვეულწილად იმუშაოს თითოეულმა ჩვენთაგანმა. ამის გამო გთხოვთ, ეს შესავალი სიტყვა გაიგოთ როგორც ერთგვარი ლოცვა იმ ძალებისადმი, რომელნიც იმაგინაციის, ინსპირაციის, ინტუიციის მომცემებად უნდა იდგნენ ჩვენს უკან მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე ავიღებთ ამ ამოცანას.
ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი ვალია, შევიგრძნოთ ჩვენი ამოცანის მნიშვნელოვნება. ეს მოხდება, თუ გვეცოდინება, რომ ამ სკოლას განსაკუთრებული ამოცანა აკისრია. და ჩვენ გვნებავს ნამდვილად დავაკონკრეტოთ ჩვენი აზრები, ჩვენ გვნებავს მართლაც ისე ჩამოვაყალიბოთ ჩვენი აზრები, რომ შევძლოთ შეგნება იმისა, რომ ამ სკოლით ხორციელდება რაღაც განსაკუთრებული. ეს მოხდება, თუ ჩვენ ყოველდღიურობად არ ვაქცევთ იმას, რაც ამ სკოლის დაფუძნებით კეთდება, არამედ განვიხილავთ მას როგორც მსოფლიო წესრიგის სადღესასწაულო აქტს. ამ გაგებით პირველ რიგში მინდა კეთილი სულის სახელით, რომელმაც გასაჭირიდან და უიმედობიდან უნდა გამოიყვანოს კაცობრიობა, ამ კეთილი სულის სახელით, რომელმაც კაცობრიობა უნდა წაიყვანოს სწავლებისა და აღზრდის განვითარების უფრო მაღალი საფეხურისკენ, გულითადი მადლობა მინდა მოვუხადო იმ კეთილ სულებს, რომელთაც ჩვენს ძვირფას ბატონ მოლტს გამოუგზავნეს კეთილი აზრები, რათა ამ მიმართულებით და ამ ადგილას გაკეთდეს კაცობრიობის შემდგომი განვითარებისთვის ის, რაც მან ვალდორფის სკოლით გააკეთა. მე ვიცი, რომ იგი აცნობიერებს იმას, რომ დღესდღეობით მხოლოდ სუსტი ძალებით შეგვიძლია შევეწიოთ ამ ამოცანის განხორციელებას. ასეთია მისი ხედვა. მაგრამ სწორედ იმით, რომ ჩვენ მასთან ერთად შევიგრძნობთ ამოცანისა და მისი დაწყების მომენტის სიდიადეს როგორც მსოფლიო წესრიგში შეტანილ სადღესასწაულო ფაქტს, სწორედ ამით მას შეუძლია საკადრისი ძალით იმოქმედოს ჩვენს წრეში. ამ თვალთახედვით გვნებავს ჩვენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი მოღვაწეობის დაწყება. ჩვენ გვსურს საკუთარი თავი განვიხილოთ ადამიანებად, რომელნიც კარმამ დააყენა იმ ადგილას, საიდანაც უნდა განხორციელდეს არა ჩვეულებრივი რამ, არამედ ის, რაც სადღესასწაულო მსოფლიო წამის შეგრძნებას ბადებს მონაწილეებში.
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, პირველი, რითიც გვინდა დავიწყოთ, არის საუბარი ჩვენი პედაგოგიური ამოცანის შესახებ, საუბარი, რომლის ერთგვარ შესავალსაც გავაკეთებ ამჯერად. ჩვენი პედაგოგიური ამოცანა უნდა განვასხვავოთ იმ პედაგოგიური ამოცანებისგან, რომელთაც აქამდე ისახავდა კაცობრიობა. არა იმიტომ, რომ ცარიელი ქედმაღლობით გვჯერა, თითქოს სწორედ ჩვენ უნდა მივცეთ დასაბამი ახალ პედაგოგიურ მსოფლიო წყობას, არამედ იმიტომ, რომ ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულისმეცნიერებიდან გამომდინარე ჩვენთვის ცხადია, რომ კაცობრიობის განვითარების ურთიერთმომდევნო ეპოქები სულ ახალ-ახალ ამოცანებს უყენებს მას. კაცობრიობას სხვადასხვა ამოცანები ჰქონდა პირველ, მეორე და ა.შ. და ჩვენს, მეხუთე ატლანტიდისშემდგომ, განვითარების ეპოქებში, ხოლო განვითარების ცალკეულ ეპოქაში გასაკეთებელს კაცობრიობა პირველად აცნობიერებს განვითარების ამ ეპოქის დაწყებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ.
განვითარების ეპოქა, რომელშიც ჩვენ დღესდღეობით ვიმყოფებით, XV საუკუნის შუიდან დაიწყო. სულიერი საფუძვლებიდან მხოლოდ დღეს გვეძლევა გარკვეულწილად შემეცნება იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენს ეპოქაში სწორედ აღზრდის ამოცანასთან დაკავშირებით. აქამდე, მაშინაც კი, როცა ადამიანები საუკეთესო განზრახვით მოღვაწეობდნენ პედაგოგიკაში, ეს ხდებოდა ძველი პედაგოგიკის სულისკვეთებით, განვითარების მეოთხე ატლანტიდისშემდგომი ეპოქის სულისკვეთებით. ბევრი იქნება იმაზე დამოკიდებული, რომ ამიერიდან ჩვენ თავს მივუძღვნით ჩვენს ამოცანას და ვისწავლით იმის გაგებას, რომ ჩვენს ეპოქას სრულიად გარკვეული მიმართულება უნდა მივცეთ; მიმართულება, რომელიც იმიტომ კი არაა მნიშვნელოვანი, რომ ძალაშია მთელი კაცობრიობის განვითარებისთვის, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ჩვენი დროისათვის არის შესატყვისი. ყველაფერთან ერთად მატერიალიზმმა ისიც მოიტანა, რომ ადამიანებს არავითარი გაგება არ გააჩნიათ გარკვეული დროის სპეციფიკური ამოცანებისა. პირველ ყოვლისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყოველ ცალკეულ ეპოქას საკუთარი განსაკუთრებული ამოცანა აქვს.
აღზრდა-განათლების მისაღებად თქვენთან, რასაკვირველია, გარკვეული ასაკის ბავშვები მოვლენ. და თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენამდე სიცოცხლის პირველ ფაზაში ამ ბავშვებს მშობლები ზრდიდნენ, ხშირად შესაძლოა ცუდადაც კი. ჩვენი წადილი პირველად მაშინ განხორციელდება სრულყოფილად, როცა მთელი კაცობრიობა იმდენად შორს წავა წინ, რომ მშობლებიც მიხვდებიან იმას, რომ თანამედროვე ადამიანების წინაშე განსაკუთრებული ამოცანები აღზრდის პირველივე ფაზაში დგას. ზოგიერთი რამ, რაც სიცოცხლის პირველ ფაზაში ვერ იქნა მიღწეული, შეიძლება ჯერაც გამოსწორდეს, როცა ბავშვები ჩვენს სკოლაში მოვლენ.
მაგრამ ჩვენ ძალზე ძლიერად უნდა გავიმსჭვალოთ იმ ცნობიერებით, საიდანაც ყოველი ჩვენთაგანი ააგებს გაკვეთილსა და აღმზრდელობით მოღვაწეობას.
როდესაც თავს უძღვნით თქვენს ამოცანას, არ დაგავიწყდეთ, რომ მთელი დღევანდელი კულტურა, სულიერი სფეროს ჩათვლით, კაცობრიობის ეგოიზმს ემყარება. აბა, მიუკერძოებლად დააკვირდით ყველაზე მეტად სულიერ სფეროს, რომელსაც დღესდღეობით მისდევს კაცობრიობა, დააკვირდით რელიგიურ სფეროს და იკითხეთ: განა არაა ჩვენი დღევანდელი კულტურა რელიგიურ სფეროში ადამიანის ეგოიზმზე დამყარებული? ჩვენს დროში სწორედ ქადაგების არსისთვის არის ტიპური, რომ მქადაგებელს ადამიანის ეგოიზმში ჩაჭერა სურს. აიღეთ ის, რამაც ღრმად უნდა მოიცვას ადამიანი: უკვდავების საკითხი; და გაიაზრეთ, რომ დღესდღეობით თითქმის ყველაფერი, თვით ქადაგებაც კი ისეა აგებული, რომ ადამიანთან მიმართებით გათვალისწინებულია მისი ეგოიზმი. ეგოიზმის მეშვეობით ადამიანს გააჩნია სწრაფვა, არსებადაკარგულმა კი არ განვლოს სიკვდილის კარიბჭე, არამედ შეინარჩუნოს საკუთარი მე. ესეც ეგოიზმია, თუმცაღა დახვეწილი. ამ ეგოიზმზე ახდენს დღესდღეობით აპელაციას ყოველგვარი რელიგიური აღმსარებლობა, როდესაც უკვდავების საკითხს ეხება. ამიტომაც რელიგიური აღმსარებლობა პირველ რიგში ისე ესაუბრება ადამიანს, რომ უმეტეს შემთხვევაში ივიწყებს ჩვენი მიწიერი არსებობის ერთ ბოლოს და მხოლოდ მის მეორე ბოლოს უწევს ანგარიშს; პირველ ყოვლისა მხედველობაში მიღებულია სიკვდილი, დაბადება კი მივიწყებულია.
შესაძლებელია ყოველივე ამას ასე მკაფიოდ არ გამოთქვამდნენ, მაგრამ თავი და თავი მაინც ესაა. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც ადამიანის ეგოიზმზე ამგვარი აპელაცია ყველა სფეროში უნდა დაიძლიოს, რათა ადამიანები უფრო მეტად არ დაეშვან ძირს კულტურის იმ დაღმავალ გზაზე, რომელზეც დღესდღეობით მიაბიჯებენ. ჩვენ უფრო და უფრო უნდა გავიცნობიეროთ მეორე ბოლო ადამიანის განვითარებისა მიწიერი ყოფიერების მანძილზე: დაბადება. ჩვენ უნდა შემოვუშვათ ჩვენს ცნობიერებაში ის ფაქტი, რომ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ვითარდება სიკვდილსა და ახალ დაბადებას შორის; რომ ამ განვითარებისას იგი აღწევს წერტილს, როდესაც სულიერი სამყაროსათვის გარკვეულწილად კვდება; როდესაც იგი ისეთ პირობებში ცხოვრობს სულიერ სამყაროში, რომ მეტი აღარ შეუძლია იქ ცხოვრება ყოფიერების სხვა ფორმაში გადასვლის გარეშე. ყოფიერების ამ სხვა ფორმას იგი იმით იძენს, რომ ფიზიკური და ეთერული სხეულით იმოსება. ადამიანი ვერ მიიღებდა იმას, რაც უნდა მიიღოს ფიზიკური და ეთერული სხეულით შემოსვის გზით, სწორხაზოვნად რომ გაეგრძელებინა სულიერ სამყაროში განვითარება. ამდენად, თუმცაღა ბავშვის ხედვა დაბადების შემდეგ მხოლოდ ფიზიკური თვალებით შეგვიძლია, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ესეც გაგრძელება არის. ჩვენ გვსურს თვალი მივადევნოთ არა მარტო იმას, რასაც ადამიანის ყოფიერება განიცდის სიკვდილის შემდეგ, ანუ ფიზიკურის სულიერ გაგრძელებას; ჩვენ გვსურს გავაცნობიეროთ, რომ ფიზიკური არსებობა სულიერის გაგრძელება არის, რომ აღზრდის გზით ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რაზეც ჩვენი მონაწილეობის გარეშე ზრუნავდნენ ზენა არსებები. აღზრდა-განათლების არსს სწორი განწყობილება მიეცემა მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ შეგნებული გვექნება: შენი ქმედებით ამ ადამიანის არსებაში უნდა გააგრძელო ის, რაც ზენა არსებებმა დაბადებამდე შეასრულეს.
სადღეისოდ, როცა ადამიანებმა თავიანთ აზრებსა და შეგრძნებებში დაკარგეს სულიერ სამყაროსთან კავშირი, ხშირად აბსტრაქტულად კითხულობენ ისეთ რამეს, რასაც როგორც კითხვას სულიერი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე არავითარი აზრი არ გააჩნია. კითხულობენ, თუ როგორ უნდა ე.წ. დაბადებამდელი აღზრდა. ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც დღესდღეობით აბსტრაქტულად უდგება ყველაფერს; ხოლო თუ კონკრეტულად მივუდგებით, გარკვეულ სფეროში კითხვებს როგორც მოგვესურვება ვეღარ დავსვამთ. მე ერთხელ უკვე მოვიყვანე მაგალითი: გზაზე ვხედავთ ღარებს. შეგვიძლია ვიკითხოთ ამ დროს: საიდან გაჩნდნენ ისინი? - იქიდან, რომ ეტლმა გაიარა. - რატომ გაიარა ეტლმა? - იმიტომ, რომ იქ მსხდომთ გარკვეულ ადგილამდე მისვლა სურდათ. - რატომ უნდოდათ მათ იმ ადგილამდე მისვლა? - ერთხელაც კითხვების დასმა წყდება სინამდვილეში. თუ აბსტრაქტულში დავრჩებით, შეგვიძლია განუწყვეტლივ ვიკითხოთ: რატომ? შეგვიძლია სულ ვატრიალოთ კითხვები. კონკრეტული აზროვნება მუდმივად პოულობს ბოლოს, აბსტრაქტული აზროვნება კი ბორბალივით დაუსრულებლად მიგორავს თავისი აზრებით. ეს ეხება კითხვებსაც, რომლებსაც სვამენ არც თუ ისე მახლობელი სფეროების შესახებ. ფიქრობენ აღზრდის შესახებ და კითხვას სვამენ დაბადებამდელ აღზრდაზე. მაგრამ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დაბადებამდე ადამიანის არსება ჯერ კიდევ ფიზიკურზე მაღლამდგომი არსებების მფარველობის ქვეშაა. მათ უნდა მივანდოთ სამყაროსა და ცალკეულ არსებას შორის უშუალო კავშირი. ამიტომ თავად ბავშვთან მიმართებით დაბადებამდელი აღზრდა ამოცანას არ წარმოადგენს. დაბადებამდელი აღზრდა შეიძლება იყოს მხოლოდ იმის არაცნობიერი შედეგი, რასაც ასრულებენ მშობლები, განსაკუთრებით კი დედა. თუ დედა მშობიარობამდე ისე იქცევა, რომ ახორციელებს იმას, რაც ნამდვილად მორალურია და ინტელექტუალურად სწორია, მაშინ ბავშვს თავისით გადაეცემა ის, რასაც დედა განუწყვეტელი თვითაღზრდისას ახდენს. რაც უფრო ნაკლებად ვფიქრობთ ბავშვის აღზრდაზე მანამ, სანამ იგი მზის სინათლეს იხილავს, და რაც მეტს ვფიქრობთ იმაზე, რომ სწორად ვიცხოვროთ, მით უფრო კარგია ეს ბავშვისთვის. აღზრდის დაწყება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი ნამდვილად ჩაერთვება ფიზიკური პლანის მსოფლწესრიგში. ეს კი მაშინ ხდება, როცა ბავშვი გარე ჰაერით სუნთქვას იწყებს.
როდესაც ბავშვი ფიზიკურ პლანზე გადმოვა, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა მოხდა მისთვის სულიერიდან ფიზიკურ პლანზე გადმოსვლისას. აქ პირველ რიგში ის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანის არსება ნამდვილად ორი წევრისგან შედგება. სანამ ადამიანის არსება ფიზიკურ მიწაზე შემოდგამდეს ფეხს, ხდება სულისა და სამშვინველის დაკავშირება; ჩვენ სულში ვგულისხმობთ იმას, რაც დღესდღეობით სავსებით დაფარულია ფიზიკური სამყაროსათვის და რასაც ანთროპოსოფიული სულისმეცნიერების ენით ვუწოდებთ: სულისადამიანს, სიცოცხლისსულს, თავადსულს. ადამიანის არსების ეს სამი წევრი გარკვეულწილად არსებობს ზეგრძნობად სფეროში, რომლისკენაც უნდა ვიღვწოდეთ ამჟამად; და ჩვენ სიკვდილსა და ახალ დაბადებას შორის გარკვეულ კავშირში ვიმყოფებით სულისადამიანთან, სიცოცხლისსულთან და თავადსულთან. ძალა, რომელიც ამ სამებიდან მოდის, მსჭვალავს ადამიანის მშვინვიერს: ცნობიერ სამშვინველს, განსჯით ანუ ზნე-ხასიათის სამშვინველსა და შეგრძნებების სამშვინველს.
და რომ დაკვირვებოდით ადამიანის არსებას, რომელიც ფიზიკურ სამყაროში ჩამოსვლას აპირებს მას შემდეგ, რაც გაიარა ცხოვრება სიკვდილსა და ახალ დაბადებას შორის, მაშინ ნახავდით, რომ ზემოთ დახასიათებული სულიერი შეერთებულია მშვინვიერთან. ზენა სფეროდან მიწიერ ყოფაში ადამიანი ჩამოდის გარკვეულწილად როგორც სული-სამშვინველი1 ანუ სამშვინველი-სული2. იგი იმოსება მიწიერი ყოფიერებით. ეს მეორე წევრი არსებისა, რომელიც ზემოხსენებულს უერთდება, შეგვიძლია ასე დავახასიათოთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: ქვევით, მიწაზე სული-სამშვინველის შესახვედრად მოდის ის, რაც აღმოცენდება ფიზიკური მემკვიდრეობითობის გზით. ახლა სამშვინველი-სულისკენ ანდა სული-სამშვინველისკენ ისე მოემართება ტანი-სხეული3 ანდა სხეული-ტანი4, რომ კვლავ ორი სამეული კავშირდება. სული-სამშვინველში სულისადამიანი, სიცოცხლისსული და თავადისული დაკავშირებულია მშვინვიერთან, რომელიც შედგება ცნობიერი, განსჯითი ანუ ზნე-ხასიათის და შეგრძნებების სამშვინველისგან. ისინი ურთიერთდაკავშირებულნი არიან და ფიზიკურ სამყაროში ჩამოსვლისას უნდა შეუერთდნენ შეგრძნებების სხეულს ანუ ასტრალურ სხეულს, ეთერულ სხეულსა და ფიზიკურ სხეულს. ესენი კი თავის მხრივ დაკავშირებულნი არიან, ჯერ დედის სხეულში, შემდეგ კი ფიზიკურ სამყაროში, ფიზიკური სამყაროს სამ საუფლოსთან - მინერალურთან, მცენარეულთან და ცხოველურთან - ისე, რომ აქაც ორი სამეულია ურთიერთდაკავშირებული.
თუ საკმარისი მიუკერძოებლობით დააკვირდებით ბავშვს, რომელიც სამყაროსთანაა შეზრდილი, მაშინ ნახავთ: აქ ბავშვში სამშვინველი-სული ანუ სული-სამშვინველი ჯერ არაა დაკავშირებული ტანი-სხეულთან ანდა სხეული-ტანთან. აღზრდის ამოცანას, სულიერი გაგებით, წარმოადგენს სამშვინველი-სულისა და ტანი-სხეულის ურთიერთთანხმობაში მოყვანა. ისინი ურთიერთჰარმონიაში უნდა მოვიდნენ, ურთიერთთანწყობილნი უნდა გახდნენ, ვინაიდან ბავშვის ფიზიკურ სამყაროში დაბადებისას ჯერ არ შეესაბამებიან ერთმანეთს. აღმზრდელისა და ასევე მასწავლებლის ამოცანა არის ამ ორი წევრის ურთიერთშესატყვისობაში მოყვანა.
ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილოთ ეს ამოცანა. ყველა სახის მიმართებას შორის, რომელიც ადამიანს გააჩნია გარე სამყაროსთან, უმნიშვნელოვანესია სუნთქვა. ხოლო სუნთქვას ჩვენ ფიზიკურ სამყაროში შემობიჯებისას ვიწყებთ. დედის სხეულში სუნთქვა, ასე ვთქვათ, ჯერაც შესამზადებელი სუნთქვაა, მას ადამიანი ჯერაც არ მოჰყავს გარე სამყაროსთან სრულყოფილ კავშირში. იმას, რასაც სწორი გაგებით უნდა ეწოდოს სუნთქვა, ადამიანი პირველად მაშინ იწყებს, როცა დედის სხეულს ტოვებს. ეს სუნთქვა ძალზე ბევრს ნიშნავს ადამიანის არსებისათვის, რადგანაც ამ სუნთქვაში ფიზიკური ადამიანის მთელი სამწევრა სისტემა არის მოცემული.
სამწევრა ფიზიკური ადამიანის სისტემას პირველ რიგში ნივთიერებათა ცვლას მივაკუთვნებთ. მაგრამ ნივთიერებათა ცვლა, ერთი მხრივ, ღრმადაა დაკავშირებული სუნთქვასთან; სუნთქვის პროცესი ნივთიერებათა ცვლის სახითაა დაკავშირებული სისხლის მიმოქცევასთან. სისხლის მიმოქცევას ადამიანის სხეულში შეაქვს გარე სამყაროს ნივთიერებები, რომელნიც სხვა გზით არიან შემოტანილნი. ამდენად, ერთი მხრივ, სუნთქვა გარკვეულწილად დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლის მთელ სისტემასთან. სუნთქვას გააჩნია საკუთარი ფუნქციები, მაგრამ, ერთი მხრივ, იგი დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლის სისტემასთან.
მეორე მხრივ, კი სუნთქვა დაკავშირებულია ადამიანის ნერვულ-გრძნობად ცხოვრებასთან. ჩასუნთქვისას ჩვენ განუწყვეტლივ ჩავწნეხთ თავის ტვინის სითხეს თავის ტვინში; ამოსუნთქვისას კი უკან გადმოვღვრით სხეულში. ამით ჩვენ სუნთქვის რიტმს თავის ტვინს გადავცემთ და როგორც, ერთი მხრივ, სუნთქვა უკავშირდება ნივთიერებათა ცვლას, ისე უკავშირდება იგი, მეორე მხრივ, ნერვულ-გრძნობად ცხოვრებას. შეგვიძლია ვთქვათ: სუნთქვა აკავშირებს ფიზიკურ სამყაროში შემოსულ ადამიანს გარე ფიზიკურ სამყაროსთან. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სუნთქვა ჯერ არ მიმდინარეობს მთლიანად ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს ადამიანის ფიზიკური სიცოცხლის შესანარჩუნებლად, სახელდობრ: ფიზიკურ ყოფიერებაში შემოსულ ადამიანში ჯერ არაა დამყარებული ნამდვილი ჰარმონია, სწორი ურთიერთკავშირი სუნთქვის პროცესსა და ნერვულ-გრძნობად პროცესს შორის.
თუ დავაკვირდებით ბავშვს, მისი არსების შესახებ უნდა ვთქვათ: - ბავშვს ჯერ არ უსწავლია ისე სუნთქვა, რომ ამ უკანასკნელს სწორი მიმართება ჰქონდეს ნერვულ-გრძნობად პროცესთან. აქ კვლავ საქმე გვაქვს იმის დახვეწილ დახასიათებასთან, რასაც ადგილი აქვს ბავშვთან. ჯერ ადამიანის არსება უნდა გავიგოთ ანთროპოლოგიურ-ანთროპოსოფიულად. ამიტომ, უმნიშვნელოვანესი ღონისძიება აღზრდისას არის ყოველივე იმის დაკვირვება, რაც სწორად რთავს სუნთქვის პროცესს ნერვულ-გრძნობად პროცესში. ბავშვმა უმაღლესი გაგებით უნდა ისწავლოს საკუთარ სულში მიიღოს ის, რაც მას შეიძლება მიენიჭოს იმის წყალობით, რომ იგი სუნთქვისათვის იბადება. თქვენ ხედავთ, რომ აღზრდის ეს ნაწილი სულიერ-მშვინვიერისკენაა მიმართული: ნერვულ-გრძნობად პროცესთან სუნთქვის ჰარმონიაში მოყვანით ჩვენ ჩამოგვყავს სულიერ-მშვინვიერი ბავშვის ფიზიკურ სიცოცხლეში. უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვს ჯერ არ შეუძლია შინაგანად სწორად სუნთქვა და აღზრდა იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ მას სწორად სუნთქვა ვასწავლოთ.
მაგრამ ბავშვს სხვა რამეც არ შეუძლია სწორად და ამ სხვა რამეს უნდა მივხედოთ, რათა ჰარმონია დამყარდეს არსების ორ წევრს შორის, ხორციელ სხეულსა და სული-სამშვინველს შორის. ის, რაც ბავშვს სწორად არ შეუძლია თავისი ცხოვრების დასაწყისში - თქვენ თვალში გეცემათ, რომ ჩვეულებრივ ის, რასაც ჩვენ სულიერად უნდა გავუსვათ ხაზი, ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება გარე სამყაროს წყობას -, რაც ბავშვს არ შეუძლია სწორად, არის ძილ-ღვიძილის ურთიერთმონაცვლეობის განხორციელება ადამიანის არსებისათვის შესატყვისი ფორმით. გარეგნული განხილვისას შესაძლებელია გვეთქვა: ბავშვს ძალიანაც კარგად შეუძლია ძილი; მას ბევრად უფრო მეტი სძინავს, ვიდრე მოზრდილ ადამიანს. მაგრამ მას ჯერ არ ძალუძს ის, რაც ძილ-ღვიძილს შინაგანად უდევს საფუძვლად. ბავშვი ყველაფერს განიცდის ფიზიკურ პლანზე. იგი იყენებს კიდურებს, ჭამს, სვამს და სუნთქავს. მაგრამ აკეთებს რა ყოველივე ამას ფიზიკურ პლანზე, იცვლის რა ძილ-ღვიძილის მდგომარეობას, მას არ შეუძლია ფიზიკურ პლანზე განცდილი - თვალებით დანახული, ყურებით მოსმენილი, ხელ-ფეხით შესრულებული, არ შეუძლია ფიზიკურ პლანზე განცდილი შეიტანოს სულიერ სამყაროში, იქ გადაამუშაოს და ამ სამუშაოს შედეგი უკან ჩამოიტანოს ფიზიკურ პლანზე. მისი ძილი სწორედ იმით ხასიათდება, რომ ეს სხვა ძილია, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა. მოზრდილი ძილში თანდათან გადაამუშავებს იმას, რასაც ადამიანი განიცდის გამოღვიძებასა და დაძინებას შორის. ბავშვს კი ჯერ არ შეუძლია შეიტანოს ძილში ის, რასაც განიცდის გამოღვიძებასა და დაძინებას შორის. ამიტომ ძილის დროს იგი ისე ერთვება ზოგად მსოფლწესრიგში, რომ არ შეაქვს მასში ის, რაც გარეგნულად განიცადა ფიზიკურ სამყაროში. ამიტომ სწორი აღზრდით ბავშვს უნდა შევაძლებინოთ, რომ ფიზიკურ პლანზე განცდილი გადაიტანოს მასში, რასაც დაძინებიდან გამოღვიძებამდე აკეთებს სამშვინველი-სული ანუ სული-სამშვინველი. როგორც აღმზრდელებმა თუ მასწავლებლებმა ჩვენ შეგვიძლია არაფერი მივაწოდოთ ბავშვს ზენა სამყაროდან. ვინაიდან ის, რაც ადამიანში ზენა სამყაროდან შემოდის, დაძინებიდან გამოღვიძებამდე შემოდის. ადამიანის მიერ ფიზიკურ პლანზე გატარებული დრო ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმისთვის გამოვიყენოთ, რომ მან თანდათან შეძლოს სულიერ სამყაროში იმის შეტანა, რასაც მასთან ერთად ვაკეთებთ და რომ ამის საშუალებით ფიზიკურ სამყაროში უკან გადმოიღვაროს სულიერი სამყაროდან წამოღებული ძალა, რათა მან შეძლოს იყოს ნამდვილი ადამიანი ფიზიკურ პლანზე.
ამგვარად ხდება აღზრდა-განათლება მიმართული ნამდვილად მაღალი სფეროსკენ, სწორი სუნთქვისა და ძილ-ღვიძილის მონაცვლეობის სწორი რიტმის სწავლისაკენ. ცხადია, ჩვენ გავეცნობით აღზრდა-განათლების იმ ღონისძიებებს, რომელნიც არ წარმოადგენენ სუნთქვის ანდა ძილ-ღვიძილის წვრთნას. ეს მხოლოდ უკანა პლანზე იდგება, რასაც გავეცნობით, კონკრეტული ღონისძიებები იქნება. ოღონდ ჩვენ ძირის ძირამდე უნდა ვაცნობიერებდეთ იმას, რასაც ვაკეთებთ. როცა ბავშვს ამა თუ იმ საგანს ვასწავლით, უნდა შეგნებული გვქონდეს, რომ ერთი მიმართულებით ვმუშაობთ სული-სამშვინველის ფიზიკურ სხეულში უფრო მეტად შემოყვანაზე, მეორე მიმართულებით კი სხეულებრიობის სული-სამშვინველში შემოყვანაზე.
არ დააკნინოთ ნათქვამის მნიშვნელოვნება, ვინაიდან თქვენ ვერ გახდებით კარგი აღმზრდელები და მასწავლებლები, თუ მხოლოდ იმას მიაქცევთ ყურადღებას, რასაც აკეთებთ და არ მიაქცევთ ყურადღებას იმას, რანიცა ხართ. ანთროპოსოფიული ორიენტაციის სულისმეცნიერებიდან გამომდინარე ხომ უნდა გვესმოდეს მნიშვნელობა იმ ფაქტისა, რომ სამყაროში ადამიანის ზემოქმედება განისაზღვრება არა მარტო იმით, რასაც იგი აკეთებს, არამედ პირველ ყოვლისა იმით, რაც თავად არის. ძალიან დიდი განსხვავებაა, ჩემო ძვირფასებო, საკლასო ოთახში ამა თუ იმ ოდენობის მოწაფეებთან ერთი მასწავლებელი შევა თუ მეორე. დიდია განსხვავება და ის მდგომარეობს არა უბრალოდ იმაში, რომ ერთი მასწავლებელი უფრო ოსტატურად ფლობს გარეგნულ პედაგოგიკურ ხერხებს, ვიდრე მეორე; არამედ უმთავრესი განსხვავება, რომელიც ქმედითუნარიანია სწავლებისას, ეფუძნება აზრთა იმ მიმართულებას, რომელიც მასწავლებელს გააჩნია მთელი ცხოვრების მანძილზე და რომელიც მას საკლასო ოთახში შეაქვს თან. მასწავლებელი, რომელიც დაკავებულია აზრებით მოზარდი ადამიანის შესახებ, სრულიად სხვაგვარად მოქმედებს მოსწავლეებზე, ვიდრე ის, ვისაც ამისა არა გაეგება რა, ვისაც არასოდეს მიუმართავს თავისი აზრები ამისკენ. რამეთუ რა ხდება იმ მომენტში, როდესაც თქვენ ფიქრობთ ამგვარ აზრებზე, ანუ იწყებთ იმის შეცნობას, თუ რა კოსმიური მნიშვნელობა აქვს აღზრდისათვის სუნთქვის პროცესსა და მის გარდაქმნას, რა კოსმიური მნიშვნელობა აქვს ძილ-ღვიძილს შორის მიმდინარე რიტმულ პროცესს? როდესაც თქვენ ამგვარი აზრები გაქვთ, თქვენში დაიძლევა ყოველივე ის, რაც მხოლოდ პირადულობის სულს წარმოადგენს. ამ მომენტში აორთქლდება ყველა ინსტანცია, რაც საფუძვლად უდევს პირადულობის სულს; რაღაც ქრება იქიდან, რაც უმეტეს შემთხვევაში ადამიანში არსებობს იმის წყალობით, რომ იგი ფიზიკური ადამიანი არის.
და თუ თქვენ ამგვარი განწყობით ცხოვრობთ და შედიხართ საკლასო ოთახში, მაშინ შინაგანი ძალების წყალობით ხდება ის, რომ ურთიერთობა მყარდება თქვენსა და მოსწავლეებს შორის. შეიძლება მოხდეს, რომ დასაწყისში გარეგანი ფაქტები ეწინააღმდეგებოდეს ამას. მიდიხართ სკოლაში და თქვენი ონავრები დაგცინიან. თქვენ ისე გამტკიცებული უნდა იყოთ ამგვარი აზრებით, რომ სულაც არ მიაქციოთ ყურადღება ამ დაცინვას და მიიღოთ ის, როგორც გარეგანი ფაქტი, ვთქვათ ისეთივე ფაქტი, როგორც უეცრად რომ გაწვიმდეს, თქვენ კი ქოლგა არ გქონდეთ თან. რასაკვირველია, ეს უსიამოვნო მოულოდნელობაა. ჩვეულებრივ, ადამიანი განასხვავებს იმას, როცა დასცინიან და როცა წვიმა მოუსწრებს, ქოლგა კი თან არა აქვს. ჩვენ კი არავითარი განსხვავება არ უნდა მოვახდინოთ. ჩვენ იმდენად მტკიცე აზრები უნდა განვავითაროთ, რომ ამგვარი განსხვავება არ მოვახდინოთ და ეს დაცინვა მივიღოთ როგორც თავსხმა წვიმა. თუ განმსჭვალულნი ვართ ამ აზრებით და ნამდვილად გვწამს მათი, მაშინ შესაძლოა რვა ან თოთხმეტი დღის, ან უფრო მეტი ხნის შემდეგ მოხდეს ის, რომ - თუნდ ჯერაც ძლიერად დაგვცინოდნენ ბავშვები - დავამყარებთ სასურველ ურთიერთობას მათთან. ჩვენ უნდა დავამყაროთ ეს ურთიერთობა ყველა დაბრკოლებისდა მიუხედავად იმის საშუალებით, რასაც ჩვენი საკუთარი თავიდან ვქმნით. პირველ რიგში კი უნდა გავაცნობიეროთ უპირველესი პედაგოგიური ამოცანა: რომ უწინარეს ყოვლისა ჩვენივე თავი უნდა გარდავქმნათ; რომ მასწავლებელსა და ბავშვებს შორის მკვიდრობს აზრობრივი, შინაგანი სულიერი დამოკიდებულება და რომ საკლასო ოთახში შემდეგი ცნობიერებით უნდა შევიდეთ: თუ არსებობს ეს სულიერი დამოკიდებულება და არა მარტო ის სიტყვები და მცნებები, რომელთაც ბავშვებს ვაწვდი, მაშინ ასევე იარსებებს პედაგოგიური ოსტატობა. ყოველივე ეს არის გარეგნულობა, რომელზეც, რასაკვირველია, უნდა ვიზრუნოთ; მაგრამ მასზე სწორად ვერ ვიზრუნებთ, თუკი საფუძვლად არ ავიღებთ ურთიერთმიმართებას ჩვენს საკუთარ აზრებსა და იმ ფაქტებს შორის, რომლებსაც სწავლების განმავლობაში ადგილი აქვთ ბავშვის სხეულსა და სამშვინველში. მთელი ჩვენი მოქმედება სწავლებისას არ იქნება სრულყოფილი, თუ არ გვექნება შემდეგი ცნობიერება: ადამიანი იბადება; ამით მას ეძლევა შესაძლებლობა, აკეთოს ის, რისი კეთებაც არ შეეძლო სულიერ სამყაროში. ჩვენ ის უნდა აღვზარდოთ, უნდა ვასწავლოთ მას, პირველ რიგში კი სუნთქვას უნდა დავამყარებინოთ საჭირო ჰარმონია სულიერ სამყაროსთან. ადამიანს არ შეეძლო იმავენაირად მოეხდინა ძილ-ღვიძილის რიტმული ურთიერთმონაცვლეობა სულიერ სამყაროში, როგორც ფიზიკურ სამყაროში ახორციელებს ამას. აღზრდა-განათლების საშუალებით ჩვენ ისე უნდა მოვაწესრიგოთ ეს რიტმი, რომ ადამიანში სწორად მოხდეს ხორციელი სხეულის ჩართვა სამშვინველ-სულში ანუ სული-სამშვინველში. ცხადია, ჩვენთვის ეს არაა აბსტრაქცია, რასაც, როგორც ასეთს, პირდაპირ უნდა ვიყენებდეთ სწავლებისას; მაგრამ ეს უნდა დაგვეუფლოს ჩვენ როგორც აზრი ადამიანის არსების შესახებ.
ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის შესავლისათვის. ხვალ კი საკუთრივ პედაგოგიკას შევუდგებით.