მთარგმნელის წინასიტყვაობა
საფრანგეთის დიდებული ერი ჰქმნის დიდებულ
ადამიანებს არა მხოლოდ საფრანგეთისათვის,
არამედ ყველა ერისათვის. სალამი საფრანგეთს!
ი ლ ი ა
ფრანგული განმანათლებლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, „თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა ქომაგი“ ჟან ჟაკ რუსო (1712-1778) აზროვნების ისტორიაში შევიდა როგორც ორიგინალური, მამაცი, მებრძოლი პიროვნება, როგორც თავისი დროის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მწვავე კრიტიკოსი. მისმა იდეებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემდგომ ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე, სულიერად მოამზადა საფრანგეთის რევოლუცია. გალაქტიონის თქმით, რუსოს „ქარიშხლიანმა გენიამ, მისმა მხურვალე მჭევრმეტყველებამ, მისმა ძახილმა ბუნებისაკენ, ზნეთა პირველი სისპეტაკისაკენ [...] ქვეყნის განმაახლებელ ურაგანად, მარსელიოზის ხმებით გადაიგრიალა საფრანგეთზე“.
არ დარჩენილა არც ერთი ბევრად თუ ნაკლებად დიდი მოაზროვნე, მწერალი, პუბლიცისტი, რომელსაც არ აღენიშნოს რუსოს უდიდესი დამსახურება აზროვნების ისტორიაში; შელის თქმით, იგი „გენიის მწვერვალი“ იყო; ლესინგმა მას „შეუპოვარი ბრძენკაცი“ უწოდა, შილერმა „ქრისტესმიერი პიროვნება, ვისთვისაც მხოლოდ ზეციურ ანგელოსთა შორის იყო ადგილი“; კანტი აღიარებდა: „ხალხის სიყვარული ჟენეველმა ფილოსოფოსმა მასწავლაო“; გოეთემ რუსოს „ახალ ელოიზას“ ბუნების ევანგელია უწოდა. ქართველი ფილოსოფოსის თამაზ ბუაჩიძის თანახმად, „აზროვნების ისტორია იცნობს ადამიანებს, რომლებიც გამოთქვამენ ერთი შეხედვით მოულოდნელ, უცნაურ, პარადოქსულ აზრებს და თითქოს უხვევენ გაკვალული გზიდან. მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ შეუმჩნევიათ ისეთი რამ, რაც ადრე შემჩნეული არ იყო და ჩვენს აზროვნებას აიძულებენ უფრო ღრმად, საფუძვლიანად და მრავალმხრივად იკვლიოს პრობლემები. მაგალითისათვის დავასახელებდი ჰერაკლიტეს ან ნიცშეს. XVIII საუკუნეში ასეთი გახლდათ ჟან ჟაკ რუსო“.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ენციკლოპედისტების საუკუნის საფრანგეთმა ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაზე. XVIII-XIX საუკუნეებში ქართული მწერლობისა და ფილოსოფიური აზროვნების აღორძინება, არსებითად, „ევროპეიზმის“ დანერგვის მოსურნე პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო და საერო პირთა საგანმანათლებლო-მთარგმნელობითმა მოღვაწეობამ განაპირობა. მათ მიერ თარგმნილი თხზულებები შეესაბამებოდნენ ეპოქის ძირითად ტენდენციებს და ქართველ მკითხველს მისთვის უცხო სამყაროს აცნობდნენ. მთარგმნელობით საქმიანობას მეტი ინტენსივობა შესძინა თბილისსა (1755) და თელავში (1782) დაარსებული სასულიერო სემინარიებისათვის სახელმძღვანელოთა შექმნის აუცილებლობამ. აკად. გურამ თევზაძის თანახმად, „ქართული კულტურისა და მეცნიერების მესვეურნი ხედავდნენ, რომ მომავალი იმ ერს ეკუთვნის, რომელიც ევროპულ მეცნიერებასა და განათლებას ეზიარება“.
ფრანგულ განმანათლებლობას თავისი მიმდევრები საქართველოშიც ჰყავდა. სახელდობრ, რუსოს გავლენა ეტყობა დავით ბაგრატიონის (1767-1819) წიგნს „საქართველოს სამართლისა და კანონმდებლობის მიმოხილვა“, მის თხზულებას „ახალი შიხი“ და ალ. ჭავჭავაძის (1786-1846) ზოგიერთ ლექსსაც. 1800 წელს მეფე ერეკლე მეორის უმცროსმა ვაჟმა ფარნაოზ ბაგრატიონმა (1772-1852) გადმოიღო „ჰაზრნი ჟან ჟაკ რუსოსი სხვადასხვა საგანთათვის“, რომელშიც მოცემულია რუსოს შეხედულებები ღმერთის, სინდისის, სათნოების, კეთილმოქმედებისა და ა.შ. შესახებ. 1822-24 წლებში დავით ციციშვილმა ქართულად თარგმნა რუსოს ერთ-ერთი ტრაქტატი „ხელი შეუწყო თუ არა მეცნიერებისა და ხელოვნების აღორძინებამ ზნეობის განწმენდას“. რუსოს ნაწერების გამო ჩვენში წერდნენ და მსჯელობდნენ: ალ. ჭავჭავაძე, გ. ერისთავი, ი. ჭავჭავაძე (რუსოს „აღსარება“ ილიას სამაგიდო წიგნი იყო), ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ი. მაჩაბელი, თ. სახოკია, ნ. ხიზანიშვილი, გ. ქიქოძე, კ. გამსახურდია, შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, მ. გოგიბერიძე, ასათიანი და სხვები.
ეპოქის სულისკვეთების ამსახველი აქტუალური სოციალური საკითხების - საზოგადოებრივი ხელშეკრულებისა და სამოქალაქო საზოგადოების რაობა, სამოქალაქო და ბუნებითი თავისუფლება, იურიდიული და ფაქტობრივი თანასწორობა, დემოკრატიული მმართველობის არსი, ხელისუფლებათა განაწილების მიზანი დემოკრატიულ სახელმწიფოში და ა.შ. - შესახებ თავის შეხედულებათა მთელი სისტემა რუსომ ჩამოაყალიბა მცირე მოცულობის ტრაქტატებში: „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“ (1750), „მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ“ (1755), „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ (1762), რომლებიც, მოგვიანებით, აზრის ისტორიაში რუსოიზმის სახელით შევიდა. სწორედ ხსენებულ ტრაქტატთა ავტორობის საფუძველზე უწოდა ფრანგული სოციოლოგიის ფუძემდებელმა ემილ დიურკემმა რუსოს „სოციოლოგიის წინამორბედი“.
წინამდებარე ნაშრომი რუსომ დაწერა დიჟონის აკადემიის მიერ 1749 წელს გამოცხადებული საკონკურსო თემის პასუხად. კონკურსის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „შეუწყო თუ არა ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებამ ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებას“. ერთი წლის შემდეგ აკადემიიის მიერ დაწესებული პრემია მიეკუთვნა რუსოს შრომას: „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“, რომელშიც მან უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ კითხვას.
რუსო არ უარყოფს პროგრესის როლს თავად მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. მისი სურვილია, რომ ხსენებული პროგრესი იყოს საზოგადოების ზნეობრივი და სამოქალაქო განვითარების საწინდარი. მსჯელობის დასაწყისშივე იგი წერს: „საერთოდ არ შეურაცხვყოფ მეცნიერებას; მე ვიცავ სიქველეს ქველი ადამიანების წინაშე. პატიოსნება ბევრად უფრო ძვირფასია კეთილსინდისიერი ადამიანებისათვის, ვიდრე განსწავლულობა სწავლულთათვის“.
რუსოს დებულების თანახმად, ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავისუფალი, კეთილი, ყველა სხვა ადამიანთა თანასწორია; მეცნიერება და ხელოვნება ზღვარს ავლებს ადამიანსა და ბუნებას შორის;