წინათქმა ევროპული აზროვნების ისტორიაში, „ განმანათლებლობა, ასე ვთქვათ, ბურჟუაზიული ეპოქის ჰუმანიზმია “ 1, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა დასავლეთ ევროპის შემდგომი პერიოდის ფილოსოფიურ, პოლიტიკურ, სოციოლოგიურ, ესთეტიკურ, პედაგოგიურ აზროვნებაზე, მხატვრულ ლიტერატურაზე.
ეს პროგრესული იდეოლოგია კლასიკური სახით ჩამოყალიბდა საფრანგეთში; იგი ორიგინალურად აისახა „ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა ქომაგის “ ჟან ჟაკ რუსოს (1712-1778) შემოქმედებაში. „ აზროვნების ისტორია იცნობს ადამიანებს, რომლებიც გამოთქვამენ ერთი შეხედვით მოულოდნელ, უცნაურ, პარადოქსულ აზრებს და თითქოს უხვევენ გაკვალული გზიდან. მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ შეუმჩნევიათ ისეთი რამ, რაც ადრე შემჩნეული არ იყო და ჩვენს აზროვნებას აიძულებენ უფრო ღრმად, საფუძვლიანად და მრავალმხრივ იკვლიოს პრობლემები. მაგალითისათვის დავასახელებდი ჰერაკლიტეს ან ნიცშეს. XVIII საუკუნეში ასეთი გახლდათ ჟან ჟაკ რუსო “ 2.
________________________
1 მ. გოგიბერიძე, მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემები მარქსამდე, რჩეული ფილოსოფიური თხზულებები, თბილისი, 1971.
2 თ. ბუაჩიძე, რუსო, საზოგადოებრივი ხელშეკრულება, წინასიტყვა, გვ. 8, თბილისი, 1997.
________________________
რუსოს „ ქარიშხლიანმა გენიამ, მისმა მხურვალე მჭევრმეტყველებამ, მისმა სიძულვილმა ცივილიზაციისადმი, რომელიც ბადებდა ჩაგვრასა და ძალადობას, მისმა ძახილმა ბუნებისაკენ, ზნეთა პირველი სისპეტაკისაკენ [...] ქვეყნის განმაახლებელ ურაგანად, მარსელიოზის ხმებით, გადაიგრიალა საფრანგეთზე “ 3. არ დარჩენილა არც ერთი ბევრად თუ ნაკლებად დიდი მოაზროვნე, მწერალი, პუბლიცისტი, რომელსაც არ აღენიშნოს რუსოს უდიდესი დამსახურება აზროვნების ისტორიაში; შელის თქმით, იგი „ გენიის მწვერვალი “ იყო; ლესინგმა მას „ შეუპოვარი ბრძენკაცი “ უწოდა, შილერმა „ ქრისტესმიერი პიროვნება, ვისთვისაც მხოლოდ ზეციურ ანგელოსთა შორის იყო ადგილი “ ; კანტი აღიარებდა: „ ხალხის სიყვარული ჟენეველმა ფილოსოფოსმა მასწავლაო “ ; გოეთემ რუსოს „ ახალ ელოიზას “ ბუნების სახარება უწოდა.
ფრანგულ განმანათლებლობას თავისი მიმდევრები საქართველოშიც ჰყავდა. სახელდობრ, რუსოს გავლენა ეტყობა დავით ბაგრატიონის (1767-1819) წიგნს „ საქართველოს სამართლისა და კანონმდებლობის მიმოხილვა “ , მის თხზულებას „ ახალი შიხი “ და ალ. ჭავჭავაძის (1786-1846) ზოგიერთ ლექსსაც. 1800 წელს, მეფე ერეკლე მეორის უმცროსმა ვაჟმა ფარნაოზ ბაგრატიონმა (1772-1852) გადმოიღო „ ჰაზრნი ჟან ჟაკ რუსოსი სხვადასხვა საგანთათვის “ , რომელშიც მოცემულია რუსოს შეხედულებები ღმერთის, სინდისის, სათნოების, კეთილმოქმედებისა და ა.შ. შესახებ. 1822- 24 წლებში დავით ციციშვილმა ქართულად თარგმნა რუსოს ერთ-ერთი ტრაქტატი: „ ხელი შეუწყო თუ არა მეცნიერებისა და ხელოვნების აღორძინებამ ზნე-ჩვეულებათა განწმენდას “ . რუსოს ნაწერების გამო ჩვენში წერდნენ და მსჯელობდნენ: ალ. ჭავჭავაძე, გ. ერისთავი, ი. ჭავჭავაძე (რუსოს „ აღსარება “ ილიას სამაგიდო წიგნი გახლდათ), ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ი. მაჩაბელი, თ. სახოკია,ნ. ხიზანიშვილი, გ. ქიქოძე, კ. გამსახურდია, შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, მ. გოგიბერიძე, ლ. ასათიანი და სხვები.
________________________
3 გ. ტაბიძე, ტ. 12, თბილისი, 1975, გვ. 574
________________________
ეპოქის სულისკვეთების ამსახველი აქტუალური სოციალური საკითხების — საზოგადოებრივი ხელშეკრულებისა და სამოქალაქო საზოგადოების რაობა, სამოქალაქო და ბუნებითი თავისუფლება, იურიდიული და ფაქტობრივი თანასწორობა, დემოკრატიული მმართველობის არსი, ხელისუფლებათა განაწილების მიზანი დემოკრატიულ სახელმწიფოში და ა.შ. — შესახებ თავის შეხედულებათა მთელი სისტემა რუსომ ჩამოაყალიბა მცირე მოცულობის ტრაქტატებში: „ მსჯელობა მეცნიერებასა და ხელოვნებაზე “ (1750), „ მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ “ (1755), „ საზოგადოებრივი ხელშეკრულება “ (1762), რომლე10 ბიც, მოგვიანებით, აზრის ისტორიაში რუსოიზმის სახელით შევიდა. სწორედ აღნიშნულ ტრაქტატთა ავტორობის საფუძველზე უწოდა ფრანგული სოციოლოგიის ფუძემდებელმა ემილ დიურკემმა რუსოს „ სოციოლოგიის წინამორბედი “ . წინამდებარე ნაშრომი რუსომ დაწერა დიჟონის აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსის პასუხად და მასში ჩამოაყალიბა საზოგადოებაში უთანასწორობის გაჩენის მიზეზები.
მისი აზრით, ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანები თავისუფალნი, კეთილნი, პოლიტიკურად თანასწორნი არიან, არ არსებობს ბატონი — მჩაგვრელი, არ არსებობს მონა — ჩაგრული. პოლიტიკური უთანასწორობის მთავარ მიზეზად