წინასიტყვაობა I
ეჭვი არ არის, თავი უნდა ვიმართლო, მაგრამ საკითხავია, საიდან დავიწყო: წინამდებარე ნაშრომის ფორმის თუ შინაარსის გამართლებიდან. გადმოცემის აფორიზმული ფორმა დასავლეთში ფრიად გავრცელებული მოვლენაა. ჩვენთან საკითხი სხვაგვარად დგას. ჩვენთან მიიჩნევენ, რომ წიგნი უნდა წარმოადგენდეს აზრთა თანმიმდევრულად განვითარებულ სისტემას, რომელსაც საერთო იდეა აერთიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ ამართლებს საკუთარ დანიშნულებას... სწორედაც, წიგნს რომ სხვა დანიშნულება არ ჰქონდეს, აფორიზმი ამით სამუდამოდ გამტყუნდებოდა. დაცალკევებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრები საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა განხილული ყოფილიყო, როგორც ნედლი მასალა, რომელიც გარკვეულ ღირებულებას შესაბამისი დამუშავების შემდეგ შეიძენს. მაგრამ თანმიმდევრულობისადმი უნდობლობისა და ყველა სახის ზოგადი იდეების ვარგისიანობისადმი ეჭვის ზრდასთან ერთად ხომ არ უნდა ეწვიოს ადამიანს ზიზღი გადმოცემის იმ ფორმის მიმართ, რომელიც ყველაზე მეტად არის მორგებული არსებულ ცრურწმენებს? ამას გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. წინამდებარე ნაშრომისთვის ყველაზე ნაკლებად იმ ფორმის მინიჭებას ვაპირებდი, რომელიც მას ახლა აქვს მიღებული. ჩემში უკვე გარკვეულწილად ფეხი მოიკიდა თანმიმდევრული და სისტემატური თხრობის ჩვევამ და მე წერას შევუდექი, შუამდეც კი მივედი დაახლოებით იმავე გეგმის მიხედვით, რომლითაც სხვა თხზულებებს ვქმნიდი. მაგრამ რაც უფრო წინ მიიწევდა საქმე, მით უფრო აუტანელი ხდებოდა ჩემთვის მუშაობის გაგრძელება. ერთხანს თავადაც ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. მასალა კარგა ხნის წინ იყო მზად, შესაძლოა რჩებოდა მხოლოდ გარეგნულად წესრიგში მოყვანა, მაგრამ ის, რაც მე გარეგან სამუშაოდ მიმაჩნდა, გაცილებით უფრო ღრმა და სერიოზული საქმე ყოფილა. გაოცებულმა შევნიშნე, რომ საბოლოოდ „ იდეასა “ და „ თანმიმდევრულობას “ მსხვერპლად ეწირებოდა ის, რაც ყველაზე მეტად არის გასაფრთხილებელი ლიტერატურულ შემოქმედებაში - თავისუფალი აზრი. ზოგჯერ შეუმჩნეველი, უმნიშვნელო გარემოება, მაგალითად, ამა თუ იმ იდეისთვის განკუთვნილი ადგილი ან შემთხვევითი მეზობლობა მას გარკვეულობისა და განსაზღვრულობის არასასურველ ელფერს ანიჭებდა, რისი უფლება არ მქონდა და რაც ყველაზე ნაკლებად მსურდა. ხოლო ყველა „ იმიტომ რომ “ , დასკვნითი „ მაშასადამე “ და უბრალო „ და “ და სხვა უწყინარი კავშირები, რომელთა მეშვეობით დამოუკიდებლად გენერირებული ფიქრები ნააზრევის „ მწყობრ “ ჯაჭვად იკვრება, - ღმერთო, რა ულმობელი ტირანები ყოფილან?! მე მივხვდი, რომ ასე წერა - ჩემთვის მაინც - შეუძლებელია. ჩემი, როგორც მკითხველის ყველა მოგონება მკარნახობდა, რომ ყველაზე მძიმე და რთული საქმე წიგნში იყო საერთო იდეა. იგი ყველა გზით უნდა განდევნო, თუ არ გსურს, რომ მის მოხარკედ და უტყვ მონად იქცე. მანამ კი, სანამ დაცულია თხრობის მიღებული ფორმა, იდეა არა მარტო იბატონებს, არამედ წიგნის მთელ შინაარსს დათრგუნავს. სხვა რა გზით არის შესაძლებელი ნაწარმოებში მთლიანობის მიღწევა? მე დავრწმუნდი, რომ სხვა გზა არ იყო, რომ აგურ-აგურ უნდა დამეშალა სანახევროდ აგებული შენობა და მკითხველთა, განსაკუთრებით კი კრიტიკოსთა უკმაყოფილების გამოწვევის რისკის ფასად, რომლებიც, რასაკვირველია, ტრადიციული ფორმის დარღვევაში სხვას ვერაფერს დაინახავდნენ, გარდა უცნაური ახირებისა, ნაშრომი წარმომედგინა გარეგნულად ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრების სახით... არ არის იდეა, არ არის თანმიმდევრულობა, არის წინააღმდეგობები, მაგრამ მე ხომ სწორედ ამისკენ მივისწრაფოდი, როგორც შესაძლოა მკითხველი უკვე მიხვდა სათაურიდან?! უსაფუძვლობა, მეტიც, უსაფუძვლობის აპოთეოზი - შესაძლოა აქ საუბარი იყოს გარეგნულ სისრულეზე, როდესაც ჩემი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავი ყველა სახის დასაწყისისა და დასასრულისგან, რომელსაც აუხსნელი სიჯიუტით გვახვევენ თავს დიდ თუ ნაკლებად დიდ ფილოსოფიურ სისტემათა შემქმნელები? აზრის თანამედროვე კანონმდებელი აყალიბებს ურყევ პრინციპს: შეძელი დასრულება. ჩაეკითხეთ მას, რა აძლევს საფუძველს ასეთი სიმტკიცით გამოაცხადოს საკუთარი კანონი და იხილავთ, რომ არსებითად მას არაფერი გააჩნია გარდა „ საბუთებისა ანალოგიის მიხედვით “ . უსახურავო სახლი უვარგისია. ergo აზროვნების დასაწყისის და დასასრულის გარეშე უარყოფილ უნდა იქნას. მაგრამ არც ის სახლი შეესაბამება საკუთარ დანიშნულებას, რომელსაც ფეჩი არ აქვს. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ მწერლებმა საკვამურები და საკვამლე საფარები უნდა მოიმარაგონ? საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ მტკიცებები ანალოგიის მიხედვით ყველაზე სუსტი და არადამაჯერებელია და, კაცმა რომ თქვას, სულაც არ წარმოადგენენ ასეთებს. მეორეს მხრივ, რამდენიც არ დავძაბე გონება, სასრულობის სასრგებლოდ მეტყველი სხვა სერიოზული საბუთი ვერ გავიხსენე. სახურავიანი სახლით ყველაფერი აღმოფხვრილია. ხომ შეუძლებელია აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენი გონების სწრაფვის დამოწმება?! საით აღარ ისწრაფოდა ჩვენი საბრალო გონება და რას აღარ ამართლებდნენ მისი სწრაფვით! ოდესღაც მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ და იმ დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო აყოლა მის მოთხოვნებს, გემოვნებას, კაპრიზებსა და უწესობასაც კი. მაგრამ დღეს, როდესაც ყველამ