ედემის ბაღი
...ოდესღაც არაფრისგან უნდა
გაჩენილიყო რაღაც...
სოფი ამუნდსენი სკოლიდან ბრუნდებოდა. ის და იუანა სუპერმარკეტამდე ერთად მიდიოდნენ. გზაში რობოტებზე ლაპარაკობდნენ. იუანა ამბობდა, ადამიანის ტვინი განვითარებული კომპიუტერიაო. სოფიმ არ იცოდა, დასთანხმებოდა თუ არა. ნუთუ ადამიანი მართლა არ აღემატებოდა რაღაც მანქანას?
სუპერმარკეტის შემდეგ მათი გზები გაიყო. სოფი ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა, სკოლიდან ორჯერ უფრო შორს, ვიდრე იუანა. მის ბაღს იქით აღარავინ სახლობდა. ამის გამო სოფის სახლი ქვეყნიერების კიდეზე მდგარს ჰგავდა. აქედან უკვე დაბურული ტყე იწყებოდა.
სოფიმ კლევერვეგენისკენ შეუხვია. ქუჩის ბოლო მკვეთრად უხვევდა და სახელიც შესაფერისი ერქვა: კაპიტნის შესახვევი. შაბათ-კვირის გარდა, აქ იშვიათად თუ ნახავდით ვინმეს.
მაისის პირველი დღეები იდგა. ზოგიერთ ბაღში ხეების ქვეშ ყვითელი ნარგიზები ყვაოდა. არყის ხეებს ღია მწვანე ფოთლები მოესხა.
წლის ამ დროს ყველაფერი განსაცვიფრებლად იფეთქებდა ხოლმე. ნეტავ რა ძალას ამოჰყავდა ამოდენა სიმწვანე მკვდარი მიწიდან, როგორც კი დათბებოდა და თოვლის უკანასკნელი კვალი გაქრებოდა?
სოფიმ ბაღის კარი შეაღო და საფოსტო ყუთში ჩაიხედა. შიგ, როგორც წესი, ბევრი სარეკლამო ბროშურა და დედისთვის განკუთვნილი რამდენიმე დიდი კონვერტი ხვდებოდა, რომლებიც სამზარეულოს მაგიდაზე უნდა დაეხვავებინა, ვიდრე საშინაო დავალებების მოსამზადებლად თავის ოთახში ავიდოდა.
ზოგჯერ ბანკიდან მამამისის სახელზე გამოგზავნილ წერილებსაც პოულობდა, თუმცა მის მამას ჩვეულებრივს ვერ დაარქმევდი. დიდი ტანკერის კაპიტანი იყო და წლის უმეტეს ნაწილს ზღვაში ატარებდა. იმ რამდენიმე კვირას კი, როცა შინ იყო, მთელ სახლს მოედებოდა ხოლმე, რათა იგი სოფისა და დედამისისთვის უფრო მყუდრო გაეხადა. მაგრამ როგორც კი ზღვაში გავიდოდა, ძალიან შორეული ხდებოდა.
ამჯერად ყუთში ერთადერთი წერილი იდო და ისიც სოფის სახელზე იყო გამოგზავნილი. თეთრ კონვერტზე ეწერა: „სოფი ამუნდსენს, კლევერვეგენის 3“. სხვა არაფერი: არც გამომგზავნის სახელი, არც საფოსტო მარკა.
სოფიმ ჭიშკარი მოიხურა და კონვერტი გახსნა. შიგ კონვერტისავე ზომის ერთადერთი ფურცელი იდო.
ვინ ხარ შენ? – ეწერა ზედ.
სხვა არაფერი, არც მოკითხვა, არც გამომგზავნის სახელი, მხოლოდ ხელით დაწერილი სამად სამი სიტყვა ბოლოში დასმული ვეებერთელა კითხვის ნიშნით.
ისევ კონვერტს დახედა: წერილი ნამდვილად მისთვის იყო. ნეტავ ვის უნდა მოეტანა?
სწრაფად გააღო წითელი სახლის კარი. როგორც ყოველთვის, ახლაც ისკუპა ბუჩქებიდან შერხანმა – სოფის კატამ – კიბეზე ახტა და მანამდე შესრიალდა სახლში, სანამ წამით შეღებული კარი ისევ დაიხურებოდა.
ყოველთვის, როცა სოფის დედა ცუდ გუნებაზე იყო, თავის სახლს სამხეცეს უწოდებდა, რადგან სოფის შინ რამდენიმე ცხოველი ჰყავდა და ძალიან უყვარდა. პირველად აკვარიუმი და სამი ოქროს თევზი აჩუქეს: წითელთავა, წითელქუდა და შავჩოხა. მათ მოჰყვა ორი თუთიყუში: სმიტი და სმული, შემდეგ – კუ გოვინდა, და ბოლოს – კატა შერხანი. მათი წყალობით სოფი ეგუებოდა იმას, რომ დედა გვიან საღამომდე მუშაობდა, მამა კი შორს, მსოფლიო ოკეანეში დაცურავდა.
სოფიმ სკოლის ჩანთა იატაკზე დაუშვა და შერხანს საჭმელი დაუდგა. მერე სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა და ისევ იდუმალ წერილს დახედა:
ვინ ხარ შენ?
წარმოდგენა არ ჰქონდა! ის, რა თქმა უნდა, სოფი ამუნდსენი იყო, მაგრამ ეს „სოფი ამუნდსენი“ ვინღა იყო, ზუსტად არ იცოდა.
რა იქნებოდა, მისთვის სხვა სახელი რომ დაერქმიათ, მაგალითად, ანა ნუტსენი. მაშინ სხვა ვინმე იქნებოდა?
უცებ გაახსენდა, რომ თავდაპირველად მამას მისთვის ლილემორის დარქმევა სურდა. სოფიმ სცადა წარმოედგინა, როგორ ჩამოართმევდა ვიღაცას ხელს და ლილემორ ამუნდსენად გააცნობდა თავს, მაგრამ არ გამოუვიდა, თვალწინ სრულიად სხვა ადამიანი წარმოუდგა.
წამოხტა, წერილიანად სააბაზანოში შევიდა, სარკესთან დადგა და თავის თვალებს ჩააშტერდა:
– მე სოფი ამუნდსენი ვარ.
სარკეში მყოფი გოგონა სულ ოდნავ შეტოკდა. რასაც სოფი აკეთებდა, ისიც იმავეს იმეორებდა. ელვისებური მოძრაობით სცადა დაესწრო თავისი ანარეკლისთვის... მაგრამ ისიც სწრაფი აღმოჩნდა.
– ვინ ხარ შენ? – შეეკითხა სოფი.
პასუხი არ მიუღია, მხოლოდ ერთგვარი შეცბუნება იგრძნო – ნეტავ მე დავსვი ეს შეკითხვა თუ იმანო.
ორეულს საჩვენებელი თითი ცხვირზე მიადო და თქვა:
– შენ ხარ მე.
რაკი პასუხი ვერც ამაზე მიიღო, ახლა წინადადება შეატრიალა:
– მე ვარ შენ.
სოფი ამუნდსენი არცთუ ისე კმაყოფილი იყო თავისი გარეგნობით. მისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ ლამაზი, ნუშისებური თვალები ჰქონდა. მაგრამ, ეტყობა, ამას იმიტომ ეუბნებოდნენ, რომ რაღაც ეთქვათ, რადგან ცხვირი მეტისმეტად პატარა ჰქონდა, პირი კი – მეტისმეტად დიდი. ყურებიც ძალიან ახლოს მოცოცებულიყვნენ თვალებთან. ყველაზე უარესი კი ეს სწორზე სწორი თმა იყო, ვერაფერს რომ ვერ