მეცნიერება როგორც ხალხთა
ურთიერთგაგების საშუალება ძვირფასო მეგობრებო!
ხშირად ამბობენ, რომ მეცნიერება ხალხთა შორის ურთიერთობის საშუალებაა და მათ ურთიერთგაგებას ემსახურება. სავსებით სამართლიანად აღნიშნავენ, რომ მეცნიერება ინტერნაციონალურია და ადამიანის აზროვნებას იმ საკითხებისკენ მიმართავს, რომლებიც ახლობელია ბევრი ხალხისთვის; მათ გადაჭრაში შეიძლება თანაბრად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეროვნების, რასისა და რელიგიის მეცნიერები. მაგრამ ამჟამად, მეცნიერების ამ მნიშვნელოვან როლზე საუბრისას, არ შეიძლება მეტისმეტად გავამარტივოთ ეს საკითხი. უნდა განვიხილოთ საპირისპირო მტკიცებაც, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენს მეხსიერებაში, – მტკიცება, რომლის თანახმადაც მეცნიერება ნაციონალურია, რამდენადაც სხვადასხვა რასის აზროვნება არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან და, ამრიგად, სხვადასხვაა მათი მეცნიერებაც. ეგეც არ იყოს, მიიჩნევდნენ, რომ მეცნიერება, უწინარეს ყოვლისა, თავის ხალხს უნდა ემსახურებოდეს და ხელს უწყობდეს მისი პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებას. ჯერ ერთი, ამტკიცებდნენ ამ თვალსაზრისის მომხრენი, მეცნიერება საფუძვლად უდევს ტექნიკას და, მაშასადამე, ყოველგვარ პროგრესსა და სამხედრო ძლიერებასაც. მეტიც, მეცნიერების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ განამტკიცოს ის მსოფლმხედველობა და ის რწმენა, რომელიც მიჩნეული იყო თავისი საკუთარი ხალხის პოლიტიკური ძალაუფლების საფუძვლად. ამ ორი თვალსაზრისიდან მაინც რომელია სწორი და რამდენად დამაჯერებელია როგორც ერთის, ისე მეორის სასარგებლოდ მოხმობილი არგუმენტები?
1. ამ საკითხის გასარკვევად, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, როგორ ვითარდება მეცნიერება, რანაირად აღეძვრის ადამიანს ინტერესი ამა თუ იმ მეცნიერული პრობლემის მიმართ და როგორ ხვდება სხვა ადამიანებს, რომლებიც მასავით დაინტერესებულნი არიან ამ პრობლემით. რაკიღა მე კარგად ვიცი მხოლოდ ჩემი სპეციალური მეცნიერება, ალბათ, მომიტევებთ, თუ, უწინარეს ყოვლისა, ატომურ ფიზიკაზე გელაპარაკებით და გიამბობთ, როგორ ვეუფლებოდი მას ჩემი სტუდენტობის წლებში.
1920 წელს, სკოლა რომ დავამთავრე და მიუნხენის უნივერსიტეტში შევედი, ახალგაზრდობის მაშინდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავდა ახლანდელს. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ განაპირობა იმ იდეალებზე გულაცრუება, რომელთა გულისთვისაც დაიწყო ომი. ეს იდეალები უკვე შინაარსისაგან დაცლილნი ჩანდნენ, და ჩვენ უფლება მივეცით თავს, დამოუკიდებლად გვეძებნა იმ კითხვის პასუხი, თუ რა არის ამქვეყნად ფასეული და რა – სრულიად უფასური, ისე, რომ ამის თაობაზე არაფერს ვეკითხებოდით არც მშობლებს და არც მასწავლებლებს. ამასთანავე, ბევრ სხვა ფასეულობასთან ერთად, ჩვენ თითქოს ხელახლა აღმოვაჩინეთ მეცნიერება. რამდენიმე პოპულარული წიგნის შესწავლის შემდეგ მე დამაინტერესა ატომის ბუნების საკითხმა და მოვინდომე გავრკვეულიყავი იმ უჩვეულო მტკიცებაში სივრცისა და დროის შესახებ, რომლებსაც მაშინ ავითარებდა ფარდობითობის თეორია. მე გადავწყვიტე დავსწრებოდი ვაიცზეკერის ლექციებს, რომელიც შემდეგ ჩემი მასწავლებელი გახდა. მან კიდევ უფრო გამიმძაფრა ეს ინტერესი და ერთი სემესტრის განმავლობაში ატომის ახლებურ, უფრო ღრმა გაგებას მაზიარა, რაც მიღწეულ იქნა რენტგენისა და პლანკის, რეზერფორდისა და ბორის გამოკვლევების წყალობით. მე გავიგე, რომ დანიელ ნილს ბორსა და ინგლისელ რეზერფორდს ატომის აგებულება წარმოედგინათ მინიატურული პლანეტარული სისტემის სახით და ვარაუდობდნენ, რომ ოდესმე შესაძლებელი გახდებოდა ელემენტთა ყველა ქიმიური თვისება ბორის თეორიის შემწეობით გამოეყვანათ ელექტრონთა პლანეტარული ორბიტებიდან, თუმცა ეს იმხანად ვერ მოხერხდა. ამან, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად დამაინტერესა, და ბორის ყოველი ახალი შრომა გულმოდგინედ და საფუძვლიანად განიხილებოდა მიუნხენის სემინარებზე. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მნიშვნელობა ექნებოდა ჩემთვის ზომერფელდის მიწვევას, 1921 წლის ზაფხულში მასთან ერთად წავსულიყავი გეტინგენს, ნილს ბორის ლექციების ციკლის მოსასმენად მისი ატომური თეორიის შესახებ, რომლის წაკითხვასაც ამ უნივერსიტეტში აპირებდა. გეტინგენის ლექციების ციკლმა, რომელსაც შემდეგ „ბორის ფესტივალი“ ეწოდა, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩემი დამოკიდებულება მეცნიერებისადმი, განსაკუთრებით, ატომური ფიზიკის მიმართ.
ბორის ლექციებზე, უწინარეს ყოვლისა, ჩვენ ვიგრძენით ადამიანის აზრის მთელი ძალა, ადამიანისა, რომელიც მართლაც ღრმად დაეუფლა ამ პრობლემებს და ისე ესმოდა ისინი, როგორც არავის მთელს მსოფლიოში. ზოგიერთ საკითხზე მე ადრეც, ჯერ კიდევ მიუნხენში, გარკვეული წარმოდგენა მქონდა, იმისგან განსხვავებული, რასაც თავის ლექციებზე გამოთქვამდა ბორი. ეს საკითხები საფუძვლიანად იქნა განხილული მასთან საუბრებში რონისა და ჰაინბერგის სანახებში ერთად სეირნობისას.
ამ საუბრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. მაშინ მივხვდი, რომ თუ ვინმე შეეცდება ჩასწვდეს ატომის აგებულებას, აბსოლუტურად სულერთია, ვინ არის იგი – გერმანელი, დანიელი თუ ინგლისელი. იმხანადვე შევიგნე, შესაძლოა, რაღაც გაცილებით უფრო არსებითი: მეცნიერებაში ყოველთვის შესაძლებელია, ბოლოს და ბოლოს, გაარკვიო, რა არის სწორი და რა არის მცდარი: მას საქმე აქვს არა რწმენასთან, არც მსოფლმხედველობასა და ჰიპოთეზებთან, არამედ, საბოლოო ანგარიშით, გარკვეულ მტკიცებებთან, რომელთაგანაც ზოგი სწორია, ზოგი კი – არასწორი; ამასთან, საკითხს იმის შესახებ, რა არის სწორი და რა არა, რწმენა, წარმომავლობა თუ რასობრივი კუთვნილება კი არა წყვეტს, არამედ თვითონ ბუნება, ან, თუ გნებავთ, ღმერთი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში