ნიკოლაი ბერდიაევი თვითმკვლელობის შესახებ
ფსიქოლოგიური ეტიუდი
ნიკოლაი ბერდიაევი (1874-1948) რუსი რელიგიური ფილოსოფოსი, რელიგიური ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ანტიმარქსისტი, ანტიკომუნისტი, ადამიანის გაუცხოების გამომწვევი ცივილიზაციისა და ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსი.
იგი ამ ფსიქოლოგიურ ნარკვევში რუს ემიგრანტთა შორის გახშირებული თვითმკვლელობის მაგალითზე თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზებს განზოგადოებულად მიმოიხილავს და თვითმკვლელობის თავიდან აცილების საშუალებებს სახავს.
თვითმკვლელობა ამჟამადაც არცთუ იშვიათია. ამიტომ ფსიქოლოგიურ ეტიუდს თვითმკვლელობის განმზრახველთა გარდა თუ მათი ახლობლებიცა და მეგობრებიც წაიკითხავენ, ეს მათ დაეხმარება, რომ თვითმკვლელობის განმზრახველი საბედისწერო ნაბიჯის გადადგმისგან განარიდონ.
დაფიქრდი.
თვითმკვლელობის განმზრახველო, სიცოცხლე - ამქვეყნიური უძვირფასესი განძი - რამ მოგაბეზრა?
ნუთუ ბედნიერებასა და სიხარულს არ განიჭებს მზისქვეშეთის მშვენიერებანი?
ყოველ დილას ამომავალი მზის ამობრწყინება, ღამით - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ანდა მთვარის სიმშვიდის მომგვრელი გამონათება?
ნუთუ მზერას არ გიამებს გაზაფხულზე თეთრად გადაპენტილი ნუშები და ტყემლები, ვარდისფრად აფეთქებული ატამი, მობიბინე ბალახი და ხეთა ბაგეგაპობილი კვირტები?
ნუთუ გულს არ გითბობს ბავშვის ღიმილი და თვალთა ალერსიანი შემონათება?
ნუთუ სმენას არ გიტკბობს განთიადისას ფრინველთა გალობა, მოცარტის, ბეთჰოვენის, ვერდის ღვთაებრივი ჰანგები?
დაფიქრდი.
სიცოცხლის მომნიჭებელმა ხომ უდიადესი ვალი დაგაკისრა, რასაც მთელი სიცოცხლე ახლობელთა და მეგობართა სიყვარულითა და მხარში დგომით უნდა იხდიდე, შენ კი გინდა, რომ ამ ქვეყნიდან ვალმოუხდელი წახვიდე.
შენ სიცოცხლის დაუსაბამო და უსასრულო ჯაჭვის რგოლი ხარ და სიცოცხლის ხელყოფით ხომ ამ ჯაჭვს უდროოდ გაწყვეტ.
დაფიქრდი.
წუთისოფელი ისედაც ხანმოკლეა, ყოველი გავლილი წამი აღსასრულს გვიახლოვებს, წამი წამს უსწრაფესად ენაცვლება და გსურს, რომ კიდევ უფრო დააჩქარო?
დაფიქრდი.
სიცოცხლის მომნიჭებელმა რა უნარითაც აღგჭურვა, ბოლომდე უნდა დახარჯო და მოხუცებულობის სიბრძნეს მიაღწიო.
დაფიქრდი ...