გამომცემლის წინათქმა
ნიკოლოზ ბერდიაევი (1874-1948) თავის თავს ე. წ. არააკადემიურ ფილოსოფოსთა რიგს აკუთვნებდა და ავტობიოგრაფიაში თავს „ოცნების ადამიანად“ წარმოგვიდგენდა. მის ნაშრომებში ნაკლებადაა სისტემურობა და სჭარბობს რომანტიული სულიერი განწყობა და უკომპრომისო იდეალის ძიება.
მემარჯვენეობისა და მემარცხენეობის ბერდიაევისეულ კრიტიკას, მის დამოკიდებულებას ქრისტიანობისადმი, როგორც პიროვნების მთლიანი თავისუფლების ერთადერთი გარანტისადმი, შეიძლება დღეს ყველა არ დაეთანხმოს, განსაკუთრებით უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში შეცვლილი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, მაგრამ ამ წიგნში რუსი ფილოსოფოსის მიერ დასმულ პრობლემებს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავთ, განსაკუთრებული სიმწვავით კი ეს პრობლემები მსოფლიოს იმ ნაწილში დგას, სადაც ე. წ. ახალი დემოკრატიები ყალიბდება – ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სახელმწიფოებში. დანგრეული ეკონომიკისა და ჩამოუყალიბებელი სამოქალაქო საზოგადოების პირობებში აქ განსაკუთრებით იგრძნობა პიროვნული თავისუფლების დეფიციტი. ამ თავისუფლების მიღწევა კი, როგორც XX ს. მეორე ნახევრის გამოცდილებამ გვიჩვენა, მეტნაკლები წარმატებით მხოლოდ ადამიანის როგორც მწარმოებლისა და მოქალაქის უფლებების რეალური დაცვითა და მატერიალური კეთილდღეობის გარკვეულ დონემდე ამაღლებით ხდება შესაძლებელი. იქ, სადაც ამგვარ განვითარებას ხელს ვერ ან არ უწყობენ ქვეყნის მესვეურნი, სადაც საყოველთაო საარჩევნო უფლებასა და ფორმალურ პარლამენტარიზმზე დამყარებულია მცირეთა ძალაუფლება, ხოლო უმრავლესობის უფლებები უგულებელყოფილია, სადაც პიროვნების თავისუფლებას ეკონომიკური ეგოიზმი და კარჩაკეტილობა ცვლის, ადრე თუ გვიან უსათუოდ გაჩნდება ჯერ ცალკეული ინდივიდების, შემდგომ კი მასების უკმაყოფილება მათთვის მინიჭებული ცრუ თავისუფლების გამო; ეკონომიკური და სოციალური ქაოსიდან გამოსვლის წყურვილმა და ამის შედეგად ძლიერი ხელის ნოსტალგიის მომძლავრებამ კი შესაძლოა ახალი დიქტატურის გაჩენას შეუწყოს ხელი.
ფაშიზმისა და კომუნიზმის, რელიგიური, ეროვნული და რასობრივი შეუწყნარებლობის, ხალხის სუვერენიტეტით შენიღბული საშიში იდეოკრატიზმის, ეტატიზმის და სხვა მანკიერებათა ბერდიაევისეული უკომპრომისო, საფუძვლიანი კრიტიკა დღეს კიდევ ერთხელ აშკარას ხდის კომუნისტური თუ ნაციონალისტური განწყობილებების უადგილობასა და შეუთავსებლობას თანამედროვე მსოფლიო წესრიგთან და ცივილიზებულობის დონესთან.
ბერდიაევის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას, რომელიც გამსჭვალულია პიროვნების გამთლიანების იდეითა და მისწრაფებით, დღესაც არ დაუკარგავს მიმზიდველობა ინტელექტუალთათვის.
ლაშა ბერაია