ის ვიღაც ქალ(ებ)ი
1.
პლეხანოველ მოგელას მზეს მიფიცხება უყვარდა ხოლმე. შემოიტრიალებდა ქუდს, მოირგებდა სათვალეს, წამოიწევდა სახელოებს, შემოაწყობდა ფეხებს მეორე სკამზე და თვალებს მილულავდა.
მზე ამ ადგილას იყო მოულოდნელად ტკბილი და ამხანაგური. არ იჩხვლიტებოდა და ჰქონდა უნარი, რომ მოჰფერებოდა მოქალაქეს ისე, როგორც ხავერდის ნაჭერი -ძველ ავეჯს.
ეს იყო “სიტი პიაცას “ სასტუმროს წინ, კაფეს ტერასაზე: გზის გადაღმა კი განთქმული ძველი პლაჟების ქვიშები იწყებოდა. ამიტომ, ტერასაზე გემრიელად მომჯდარი და მთვლემარე პლეხანოველი მოგელა ქუჩაზე გადმომრბენ გოგოებს თუ გაუხელდა ხოლმე თვალს, თორემ ისე, შეეძლო მეორე მოშიებამდე მჯდარიყო გარინდული და ჭაობისფერ შუშებქვეშ თვალმილულული.
ერთი ჩვეულებრივი შეხედვით, ვერავინ შეატყობდა, სად დაეხეტებოდა ამ დროს პლეხანოველი მოგელა: სიზმარსა და ცხადს ერთმანეთში ურევდა, ცხოვრებისას ფიქრობდა თუ უსიზმრო კაცი იყო და უბრალოდ, რიგითი და მოქანცული ადამიანივით თვლემდა ხოლმე ტერასაზე.
მას ვერავინ ამჩნევდა ამ ქალაქში და ასე ჯობდა: იმიტომ გადმოხვეწილიყო სანტა სიტიში, რომ ვერავის შეემჩნია. პლეხანოველი მოგელა თავგადასავალთა გამო თავის ცხოვრებას გამორიდებული ჯეილი გახლდათ.
პლეხანოველმა მოგელამ ისეთი მოკალათება იცოდა ნაირგვარ ადგილებში, რომ იფიქრებდით, ყველაფერი საგანგებოდ მისი სულისა და გულისთვის მოუწყვიათო. ადგილი შეიძლება მთელი ქალაქიც ყოფილიყო და ერთი თეთრი სკამიც, ოღონდ კი, მას შერჩევა სჭირდებოდა და ამას პლეხანოველი მოგელა ტანით ახერხებდა. ამიტომაც პლეხანოველი მოგელა გაიფიქრებდა ხოლმე, მგონი, სხეულსა და ტვინს ერთმანეთთან ბევრი არაფერი აკავშირებთო. ამის შესახებ ოდესღაც უამბობდა ბარნოველი ლევიკო, რომელსაც ფილოსოფიური წიგნების კითხვა მოსაწყენ საქმედ არ მიაჩნდა, თუმცა, საკუთრივ პლეხანოველ მოგელას ამგვარი არც ფიქრები უყვარდა და არც წიგნები.
თუკი ორი-სამი დღის გაუპარსავი იყო პლეხანოველი მოგელა, კაცი იტყოდა, მობერებულაო. მისი ნიკაპის შემხედვარე ვერასგზით იფიქრებდი, ბიჭიაო, თუმცა, კაცსაც ვერასგზით დაარქმევდი; მოძრაობდა ლაღად და იმ დროებაში გახლდათ ნაზარდი, როცა მხრებაწურულად დგომა და მიწაში ყურება ნამდვილ ჯეილად ყოფნას ნიშნავდა.
ეჰეეეეიიი... რამდენ რამეს გამოევლო პლეხანოველი მოგელას გულ-ღვიძლში! რამდენი მდოგვი გამოგლესვოდა სულის ყაფაზას და რამდენი შაქარყინული ეწუწნა ცხოვრებაში! ამის აწონა და შეხამება, აბა, როგორ მოხერხდებოდა: განცდებს წონა არა ჰქონიათ, თორემ, აბა, უყურე, კუზიანი მტვირთავივით ვერასოდეს გასწორდებოდი წელში, დაგედებოდა იმ ისედაც მოხრილ ბეჭებზე ზანდუკები, დეემატებოდა და დეემატებოდა, სიმონ...
როცა ამეებს ფიქრობდა ხოლმე პლეხანოველი მოგელა, მთლად ფხიზლად ვერ იყო. აბა, ფხიზელს როგორ გაახსენდებოდა ბარნოველი ლევიკოს სტუდენტობისდროინდელი ნალაპარაკევი სულის და სხეულის სუსტკავშირობის შესახებ.
ცხოვრება გრძელი ყოფილაო, ეს უკვე გაერკვია პლეხანოველ მოგელას, თუმცა, მის შემოკეცვას არ ცდილობდა.
პლეხანოველ მოგელას ბიჭობიდანვე უყვარდა მათრობელა ბალახები.
რახანღა ტანით შეიგრძნობდა ათას რამეს, უცხო ქალაქებშიც იოლად პოულობდა მათრობელა ბალახთა ადგილებს.
და ამ ქალაქშიც ასე იყო: პლეხანოველი მოგელა ტყვეთა მოედნის კიდეზე ჩამოდგა ათიოდე წუთს, გამვლელ-გამომვლელი ათვალიერა, მერე ერთ გრძელთმიან ბიჭს გაუღიმა და პირდაპირ ჰკითხა ხმადაბლა, მიმნდობი სახით:
-ჰეი, მეგობარო, ვერ მიმასწავლი, სად ვიყიდო აქ რაიმე აკრძალული?
ბიჭმა დაუფიქრებლად მიუგო:
-ძველი ნავსადგურის შენობასთან... უფრო -საღამოსკენ.
პლეხანოველმა მოგელამ ქალაქის რუკა მოიმარჯვა, ჯიბეში მხოლოდ ოცდახუთი იქაური ფუნტი ჩაიდო, რაც, ასევე, გამოცდილი კაცის მოქცევა იყო, ვინაიდან არ ეგების უცხო წერტილზედ სავაჭროდ პირველად მისულ კაცს თან იმდენი ფული ჰქონდეს, რომ თუკი მათრობელა ბალახის ვაჭარნი ყაჩაღებიც გამოდგებიან, ნაძარცვმა გული დასწყვიტოს, და გასწია ძველი ნავსადგურისკენ.
ბალახეულით მოვაჭრენი იქ ვერ იპოვა, მაგრამ საქმიანი პარტნიორი და მეგობარი კი შეიძინა და იმის შემდეგ საჭირო რამ სათრობი აღარ მოჰკლებია. ლიმონის წვენის პლასტმასის ბოთლი კოხტად გამოხვრიტა და ნასაუზმევს იქ შეუშვებდა ხოლმე თავისი ბალახეულის კვამლს, რათა გამოხვრეტილიდან უფრო შეეტკბო.
გამოვიდოდა მერე და მოირგებდა სათვალესა და “სიტი პიაცას “ სკამებს, იჯდა და თვლემდა, თვლემდა და ფიქრობდა ათასს საფიქრალს.
საქმე სრულიად არაფერი ჰქონდა პლეხანოველ მოგელას, იმის გარდა, რომ საკუთარი სიცოცხლე უნდა გადაერჩინა და სხვათა სიკვდილ-სიცოცხლეზეც ეფიქრა. იერი კი ისეთი დაჰყოლოდა, რომ ერთი-ორჯერ, ქუჩაზედ მიმავალს, სწრაფად წამოწეულმა ვინმეებმა მათრობელა ბალახებიც კი შესთავაზეს. მოდი და გადაირჩინე სიცოცხლე, როცა ასეა.
ოღონდაც, პლეხანოველ მოგელას შეეძლო შეუმჩნეველიც ყოფილიყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა წვერს არ გაიპარსავდა ხოლმე და ნიკაპი მთლად მოხუცი კაცისა გაუხდებოდა.
ნასაუზმევს ფიქრ-თვლემა უყვარდა პლეხანოველ მოგელას: “სიტი პიაცას “ კაფეს ტერასა საუცხოო ადგილი გამომდგარიყო ამისთვის. ძველი ქვიშებიდან სასტუმროსკენ ქუჩაზე გადმომრბენ შერუჯულ გოგოებს სირინოზებადაც კი დასახავდა ხოლმე. ქალთევზებიო, ასე იფიქრებდა და წაჰყვებოდა თავის საფიქრალს მათრობელა ბალახების მინდვრებზე. უსიზმრო ნამდვილად არ იყო: სიზმარფირების ნამდვილი ჩემპიონი გამოვიდოდა,