1.
როცა ზაზამ მაკლერი მოიყვანა ბუფეტის სანახავად, დეიდა თინამ თავის მორყეული სათვალე გაიკეთა, უცნობს სავარძლიდან ახედა და ჩაილაპარაკა:
„Боже мой... У него на носу волосы вырастают“.
მერე წამოდგა, თავის ოთახში შეფრატუნდა და იქიდან გამოსძახა ზაზას:
„უთხარი, რომ ყველა გასაღები დაკარგულია და ახლები გაუკეთონ“.
დეიდა თინას ეგონა, რომ ბუფეტი რესტავრაციის სახელოსნოში მი¸ქონდათ. დეიდა თინა საერთოდ დაკარგულიყო ჩეხოვისა და ტურგენევის ძველ, ხრუშჩოვის დროს გამოცემულ წიგნებში და რთული სოციალური ვითარების შეგრძნება დაჩლუნგებოდა. ის ოდესღაც რუსული ლიტერატურის ფილოლოგი გახლდათ, მაგრამ მერე ¸აეროვან ტორტებს აცხობდა და ყიდდა. კოკამაც ამიტომ შეძლო ამერიკაში წასვლა. კოკა რომელიღაც დაკოტაში ჩარჩა და მისი წასვლიდან ორი წლის თავზე დეიდა თინას სისხლი ჩაექცა.
კოკას დეიდა, ნათელა და დეიდაშვილი ზაზა მაშინ დეიდა თინასთან გადმობარგდნენ და გამოჯანმრთელებაში შველოდნენ. რახან იმხანად ენერგეტიკული კრიზისი მძვინვარებდა და სიბნელეში კატებიც კი იბნეოდნენ, ზაზამ აკუმულატორი ბუფეტზე შემოდგა. აკუმულატორიდან რაღაც სითხე მოწვეთავდა და ბუფეტის უკვდავ ხეს ალბობდა.
სამი თვის თავზე დეიდა თინამ სიარული კი შეძლო, მაგრამ შეძულდა – ფეხს როგორღაც მივითრევო. თანაც, გვარიანად დააკლდა თვალთ.
სამაგიეროდ, დეიდა თინას მოხდენილად ჩაცმა უყვარდა. მთელი გარდერობი შემორჩენოდა ძველმოდური საღამოს კაბებისა და ლაქის, ნავის მოყვანილობის ფეხსაცმელებისა. ყოველ დილით გამოეწყობოდა ხოლმე და ასე მიწვებოდა ჩეხოვის წიგნებით გაწყობილ ლოგინზე. კითხვა ძალიან უჭირდა, მაგრამ ზაზას დედა, დეიდა ნათელა უკითხავდა ხოლმე ხმამაღლა.
სადილობდნენ მაკარონით და ჩაის შინდის მურაბას და პურს აყოლებდნენ.
საღამოობით დეიდა თინა თავის ქმარს იგონებდა ხოლმე და მოუღლელად აქებდა. საკმაოდ შთამბეჭდავად ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი უკეთესი კაცი იყო, ვიდრე დეიდა ნათელასი. ამიტომ, კოკა უფრო საქმიანი და წესიერი ბიჭი გამოსულიყო, ვიდრე ზაზა. დეიდა ნათელა არ ეკამათებოდა, მხოლოდ ოხრავდა და ცდილობდა ტელევიზორი ჩაერთო.
ერთხელაც ამოიოხრა, მაგრამ ტელევიზორამდე ვეღარ მიაღწია – ¸ოლში ჩაიკეცა და გარდაიცვალა კიდეც გულის უცაბედი შეტევით.
ზაზა მშვენიერი არქიტექტორი იქნებოდა, მაგრამ ცხონებულ დეიდა ნათელას რაიმე სამსახურში მისი მოწყობა ვეღარც კი წარმოედგინა. სტუდენტობა ძლივს გაატანინა და სამსახურში მისი დევნა ნამდვილად აღარ შეეძლო.
ზაზა მეხუთე კლასში იყო, როცა პირველად მოხდა ეს საშინელი ამბავი. კლასელის დაბადების დღეზე მისულმა იქაურ სააბაზანო ოთახიდან მოიპარა კვერცხის შამპუნი და შინ, საწერი მაგიდის უჯრაში დამალა. ამბავი გახმაურდა და ბავშვურ ანცობად დაისახა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს ანცობა კი არა, ავადმყოფობა იყო.
გაფითრებული დეიდა ნათელა აუწერელი მღელვარებით გამოსწევდა ხოლმე საწერი მაგიდის უჯრებს და ათვალიერებდა საშინელ ნადავლს, კასეტებს, კომპოტის ქილებს, წინდებს, დანა-ჩანგალს. აქ ნახა ერთხელ ოქროს ბეჭედიც, იმ დროს მოდური იაპონური საათიც. გაუსაძლისი კი ის იყო, რომ ზაზა ხშირად ბრუნდებოდა ნაცემი და მეგობრები არ ¸ყავდა.
მერე პროფესორმა მექანარიშვილმა მოგონილი სევდით უთხრა დეიდა ნათელას:
„ეს არის ერთადერთი ავადმყოფობა, თანაგრძნობას რომ ვერ გამოიწვევს“.
ზაზამ კი კურსელი გოგოს ელასტიკური შარვალი მოიტანა შინ.
„ძალიან რთულია“, – განზე გაიხედა პროფესორმა მექანარიშვილმა.
მხოლოდ ცამეტ დღეს იმსახურა ქალაქგეგმარების მთავარ ბიუროში. მაშინ შეუსწრეს, როცა კადრების განყოფილების სეიფს ეჯაჯგურებოდა. სეიფში სრულიად უსარგებლო ქაღალდები და ფარგლების ჩეხური კომპლექტი შეენახათ. კომპლექტი ადრევე მოეპარა ვიღაცას, ავადმყოფად რომ არავინ ჩათვლიდა. დეიდა ნათელამ გადაწყვიტა, ზაზას აღარსად ემუშავა.
დეიდა თინამ იცოდა, რომ ზაზას პარვის დაავადება სჭირდა და მისი სახლიდან არაერთი რამ გაეცოცებინა. დეიდა ნათელა ყოველთვის ნირწამხდარი აბრუნებდა ვერცხლეულსა და ძაფის კოჭებს.
მაგრამ დეიდა თინას მხედველობა წახდენოდა და აღარც ახსოვდა ზაზას ამბავი. ისა და ზაზა ერთად ცხოვრობდნენ და დეიდაც სულ იშვიათად და იშვიათად გამოდიოდა თავისი ოთახიდან. ზაზა გულმშვიდად აცარიელებდა უჯრებს, თაროებსა და კედლებს და ყველაფერი წყნარად მი¸ქონდა ანტიკვარიატის მაღაზიებსა და მშრალი ხიდის ბაზრობაზე. სანაცვლოდ მო¸ქონდა მაკარონი, კარტოფილი, ხორცი, პური და წამლები დეიდა თინასთვის. კოკამ ერთადერთხელ მოახერხა ჩამოსვლა და ერთი თვე კი გაატარა მშობლიურ ქალაქში.
სიმართლე ითქვას და, ზაზამ ძლივს იცნო: თმა უცნაურად შეეჭრა და თითქოს ძალითაც იცინოდა. რა თქმა უნდა, კოკამ იცოდა ზაზას ავადმყოფობის ამბავი და დაცარიელებული უჯრა-თაროებიც იოლად შეამჩნია. ამიტომ მან და ზაზამ ზაზას და ცხონებული დეიდა ნათელას ბინა გაყიდეს და ფული კოკამ წაიღო ამერიკაში: ჯერჯერობით, შენი ჩამოსვლა არ ხერხდება, რადგან დედაჩემს მარტოს ვერ დავტოვებთ; სამაგიეროდ, როცა ჩამოხვალ, იქ კაპიტალი და აწყობილი საქმე დაგხვდებაო. მხოლოდ ხუთასი დოლარი და ერთი ფოტოსურათი დატოვა, რომელიც სასტუმრო „უოტერგეიტის“ წინ, უგრძეს შავ ლიმუზინთან მდგომს გადაეღო.
დეიდა