დუქანი
ქალაქის კიდეში, კუკიამდინ არმისული, დუქანი იყო სამსე.
ჭირის პურსა სჭამდნენ. ათი-თორმეტი კინტო იყო ისე ალალად მწუხარი, რო ამათი შემხედავი იფიქრებდა, ღმერთმა ყველას აშოროსო.
სიცხეც იყო, ზაფხული იდგა. ესეც რო არა, ოფლი ისედაც მოსდინდებოდათ. კარში ეყენათ ერთი ზურნებით მკვნესელი დასტა, რაც იმის ნიშანი იყო, რო დუქანი სულერთიანად ამათ ხელში იყო და იქ ვერც ვერავინ შევიდოდა და გამოსვლისაც ხო ფიქრი არ იყო დათქმულ დრომდინ.
შავი ღვინითა გლოვობდნენ ასეთ სიცხეში და მარხვითა სჭამდნენ. პეტრე-პავლობის დრო იყო. ვისა გლოვობდნენ?
გლოვობდნენ განსვენებულს ხაფოს.
ამას ლაპარაკი არა სჭირდება.
აქ ითქმებოდა ისეთი სიტყვები, რო ცრემლი თავად სწყდებოდა თვალსა. ალალი ცრემლი იყო. მაგრამ რო გეკითხათ აქედან და გაღმაც – ხაფო არ იყო სალაპარაკო და სატირალი კაცი.
მაგრამ ხაფო ლამაზი იყო და ამას მოსთქვამდნენ.
განა აქ ამქარი იჯდა, ან ყარაჩოღელი გარეოდა სუფრას? არა, იმათი შაქრიანი, ნაწნავი სიტყვა-პასუხისათვის აქ ადგილი არ იყო. ამას კინტოების, ქალაქის ჩარჩების თვალები ამბობდა.
განა ხაფო უსტაბაში იყო? ანდა ჩერქეზოვი?
ხაფო არავინ იყო.
ზემოთ, კუკიაზე, ხაფოს რომ მარხავდნენ, დასტა უბერავდა. კუბოთი მარხავდნენ.
კუბოს რომ დაჰხურეს, ეს ათი-თორმეტი კაცი, სრულიად დამწუხრებული და მოქვითინე, ერთდროულად ჩამოჯდა ხაფოს სასახლის სახურავზე და თითომ სამჯელ-ოთხჯელ დაჰკრა გავა ამ სახურავს, თითქოს მკვიდრად უნდა მოარგოს კუბოსო.
– რასა შვრებიან? – ჰკითხა პატარა ბიჭმა სასაფლაოს მუშას.
– რასა და... ეგეთი წესი აქვთ.
– ვისა?
– ვისა და ამათ.
– ვინ არიან?
– წადი. წადი, წყალი მაიტანე...
ის ბიჭი მე ვიყავი. მე მინახია ხაფოს დასაფლავება.
არტემ გეშაქოვი „ჩემი დროის ჩანაწერები“ (ხელნაწერი)