კაცი მერვე სართულის ფანჯრიდან გამოფრინდა, ხელ-ფეხის ქნევით წამოექანა დაბლა და მთელი გრავიტაციული კანონების დაცვით დაასკდა კაფე `ლევანტეს~ ტენტს, ჩალეწა იგი თვითონ უკვე გვამად და ეგებ უფორმო სხეულად, საუკეთესო შემთხვევაში კი სულად ქცეული დაასკდა კაფეს ტერასის ფილაქანს. ეს იქნებოდა საუკეთესო სცენა 70-იანი წლების ფრანგული საპოლიციო ფილმებიდან, თვით ბატონი შაბროლიც უარს არ იტყოდა მასზე, მაგრამ ამჯერად ალენ დელონი არაფერში გარეულა. ორი წარმოუდგენლად უწყინარი იაპონელი ტურისტი ლიფტს ელოდებოდა. ლიფტი, რატომღაც, ძალიან აქტიურად კურსირებდა მესამე და მერვე სართულებს შორის, ხოლო მეორე ლიფტი მერვე სართულზე გახიდულიყო. როდესაც ერთ-ერთი ლიფტის კარი გაიღო, იაპონელებმა დაინახეს სისხლის გუბეში გაშხლართული კოსტუმიანი კაცი, რომელიც ეგებ რაღაცით ჩამოჰგავდა კიდეც იმ კაცს, რომელიც სწორედ ამ დროს მოფრინავდა მერვე სართულიდან.