ჩრდილი გზაზე ოდესღაც, ჯონი ვაისმიულერის მოულოდნელი ყივილი აღაფრთოვანებდა ყმაწვილებს. ის ლიანებს ეჭიდებოდა, გაქანდებოდა და ასე დაფრინავდა ჯუნგლებში, ხიდან ხეზე.
ეს იყო ტარზანი.
ეს იყო ნაალაფარი ფილმებიდან ეკრანებზე შემოვარდნილი მთავარი კაცი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისის მოზარდებს ჰანტელების ინტერესი გაუჩინა.
არა, სტალინური დროება ისედაც მასობრივი სპორტის დიდი მოსიყვარულე გახლდათ და ჯანსაღი ცხოვრების წესისაც, მაგრამ ტარზანმა კუნთების დაყენების საკითხს მაინც სხვა ელფერი მისცა. სად ზემოდან რომ გიბრძანებენ, თუ ლაგერში არ ჭრი ხეებს, აქ მისდიე ფიზკულტურასო, და სად, როცა შენით, ამ მოულოდნელი პერსონაჟის ხილვით აღტაცებული გადაწყვეტ, ხიდან ხეზე უნდა გადავხტე და ამისთვის კი ღონიერი მკლავები მჭირდებაო.
მგონი, საბჭოთა კავშირის დაშლის დღემდე განთქმულ ხაზის რადიოთი ყოველდღიურად გადმოიცემოდა დილის გამამხნევებელი ვარჯიში, სადაც სველი პირსახოცით ზელაზეც კი იყო ლაპარაკი. მხნე მუსიკის თანხლებით მიმდინარე ამ ჯანსაღი გადაცემის ტექსტი სუნთქავდა წარსულის განუმეორებელი ხმოვანებით. ეგებ ის ორმოცდაათიანი წლების მიწურულსაც კი იყო ჩაწერილი და მოსდევდა რომანტიკული თეატრის ეპოქის ძალუმი სუნთქვა. მერე, ასეთივე ვარჯიშები ხილული იყო ცენტრალური ტელევიზიითაც და უმეტესად ნორჩი ტანმოვარჯიშეების და მათი ინსტრუქტორების მონაწილეობით მიმდინარეობდა. მერე, გორბაჩოვის დროს, ამ ვარჯიშობას აერობიკა ჩაენაცვლა, როგორც უფრო თანამედროვე ამბავი, ქალთა მოულოდნელი, ამერიკული ხტომა. ვინმენი კი ამ მეაერობიკე გოგოებს მუშტრის თვალით უყურებდნენ, დამახსოვრებულნიც კი ჰყავდათ, ისევე, როგორც საყოველთაოდ დამახსოვრებული რუსული „ძილი ნებისა პატარებოს“ წამყვანი წოწია ტანია, რომელსაც აქეთ-იქით სტეპაშკა და ხრუშა ესხდნენ, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის, ისევ ტარზანის ეპოქას მივუბრუნდეთ, ანუ ორმოცდაათიანი წლების დასაწყისს.
ცხადი ის იყო, რომ დილის გამამხნევებელი ვარჯიშით კუნთებს ვერ დაიყრი, ამასობაში კი ტფილელი რაფაელ ჩიმიშკიანი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძალოსნობაში და ტარზანის მხარბეჭი კიდევ უფრო მეტს მოუნდა.
იმ დროის ფილმებში დაკუნთული, მოვარჯიშე ბიჭი ყოველთვის დადებითი იყო, გამხდარი, მოდურად ჩაცმული და თავმომწონე კი, რასაკვირველია, უარყოფითი.
ასეთი იყო ქვეყნის ძალმოსილ ღრუბელთაგან წამოსული სიტყვა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ერთ-ერთი ის ამბავია, კომუნიზმამდე რომ მიგვიყვანს. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული ძევს! – ამბობდა ლოზუნგი და სწორედ იმ უბედურ და სრულად სამარცხვინო დღემდე იმეორებდა ამას, როცა დეზერტირის ბაზარში სამბოს ჩემპიონმა ერთი დარტყმით მოკლა პროფესორი ალექსანდრე გამყრელიძე, რომელიც ამ სამბისტისგან შეწუხებულ გოგონას გამოესარჩლა. ოღონდ ეს წლების მერე იყო. იმ დროს ტარზანი აღარავის ახსოვდა.
ალბათ სწორედ „ტარზანი“ იყო პირველი ფილმი, რომელმაც გამოიწვია იმიტაცია. გამოიწვია კი არა, ალბათ გამოაცოცხლა, შეახმიანა ცხოვრების სხვა სფეროებში არსებულ იმიტაციებს ეს თითქოსდა უწყინარი იმიტაცია. გამოაცოცხლა, ჰო, ადრეც იქნებოდა რამე.
სტალინის დროს საბჭოთა კავშირში ძალიან ცოტა ფილმებს იღებდნენ, წიგნებს კი განუზომლად მეტს წერდნენ. სტალინი უყურებდა თითქმის ყველა საბჭოთა ფილმს, რომლის გადაღების დასრულების შესახებაც ამბავი მიუვიდოდა. მათ გადაღებამდე კი, მგონი, კითხულობდა თითქმის ყველა სცენარს, რომელიც აინტერესებდა. სტალინი კითხულობდა ყველა რომანს, მემუარს, თუ პოეტურ კრებულს, რომელსაც მისი სახელობის პრემიაზე წარუდგენდნენ.
რამდენი დრო ჰქონია!
ახლა ვიღას შეუძლია რომანები იკითხოს, თან ისეთი, როგორებიც მაშინ იწერებოდა: საბჭოთა სქემებით, სოციალისტური რეალიზმი რომ დაარქვეს. სტალინი კითხულობდა, მისი აზრით, მნიშვნელოვან, დაკვეთილ პიესებსაც კი, ასწორებდა მათ, მერე ამ ჩასწორებულებს თავადვე ანიჭებდა პრემიებს.
სტალინს ნანახი ჰქონდა „ტარზანიც“!
მოკლედ, „ტარზანით“ ყველა აღფრთოვანდა. როგორც ამნაირ ქვეყანას და დროს შეშვენის, იმას, რამაც გავლენა მოახდინა, მოჰყვა ერთგვარი ურბანული ფოლკლორიც, ნაირგვარი შაირები, აღტაცება მაიმუნ ჩიტათი და სხვა ათასი რამითაც. „მართალია, ჯენს უყვარდა ტარზანი, მაგრამ მაინც გადაუჭრა ბაწარი!“ – ამბობს იმ დროის ხალხური ლექსი.
საკუთრივ ედგარ რაის ბეროუზის რომანების სერია ტარზანზე საბჭოთა კავშირში არ გამოუციათ, 1932 წლის შემდეგ უცხოური წიგნები იშვიათი ამორჩევით იბეჭდებოდა და ბეროუზის იაფი და იდეურ-პოლიტიკურად არაფრისმთქმელი სათავგადასავლო რომანები ვიღას გაახსენდებოდა.
მერე და მერე ვინ აღარ წერდა ტარზანზე, მაგრამ საბჭოთა კავშირს ეგ ასევე არ შეხებია. კინო „ტარზანიც“, სიმართლე ითქვას, ალბათ დიდად არაფრად შეეხო ვინმეს, იმის გარდა, რომ უცხოური იყო და ომის შემდეგ ამ გასართობი ფილმების ჩვენება, როგორც მუქთა მონაპოვრისა, რატომღაც დაუშვეს. რატომღაც კი არა, ესეც დიად ღრუბელთაგან წამოსული მითითება იყო, ომის შემდეგ ხალხს გართობა სჭირიაო.
ამიტომ გერმანულებსაც კი ბოლო ცვეთამდე ატრიალებდნენ, სადაც მარიკა როკი ისეთ წიხლებს აჰკრამდა, თქვენი მოწონებული. ტარზანმა კი თბილისის ეზოებში გააჩინა ყმაწვილთა ყივილი და ხიდან ხეზე ხტომა.
კი, მაშინ თბილისის ეზოებში ხეები ხარობდა.