ავარა დიკი და სხვა ამბები
ისეთი კაცი გამახსენდა, რომელიც მწერალი არ იყო, მაგრამ წიგნებს კი წერდა და თანაც უამრავს.
იმ წიგნების ზოგს არ სჯეროდა, გადამეტებულიაო, ზოგი უსაშინლეს და უხამს რამეებს უწოდებდა, მათ ავტორს კი ქვეყნად ყველაზე საზიზღარ და ამორალურ კაცს, რომელიც არა მხოლოდ თავისი უხამსობითაა გამორჩეული, არამედ თავისი ტყუილებითაც.
უდიდესი მატყუარა იყოო, ბევრი ამბობდა, არაფერი გაეგებოდა ათასი რამისა, რასაც იბრალებდა და რითაც აღტაცებაში მოჰყავდა ხალხიო.
ჰო, აღტაცებაშიც მოჰყავდა, აბა, ამდენს რატომ ილაპარაკებდნენ მის შესახებ... იმოდენა უცნობი სამყარო დაანახვა ხალხს, რომ მგონი, სხვას არც უქნია ეგეთი რამე.
სულს შეუძრავდა ხოლმე თავისი ლაპარაკით გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით, თუ დაატყობდა, რომ მსმენელები გამოკვეთილი მორალისტები არიან, ანდა უბრალოდ წესიერი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი პატარა სამყარო აქვთ და დიდ და თვალჩაუწვდენელ სამყაროს გაურბიან კიდეც.
მიაყრიდა და მიაყრიდა ამბებს, აღარ ამოისუნთქავდა, ამბები კი ერთმანეთზე სულის შემძვრელი იყო.
ამას ამ ამბებისადმი საკუთარ დამოკიდებულებასაც დაურთავდა ხოლმე, რაც არანაკლებ ძრწოლის მომგვრელი იყო, ვიდრე საკუთრივ მონათხრობი.
ამბობდნენ, რომ ამას, ამ საშინელ ლაპარაკს, განგებ მისდევდა. სრულიად ბაირონული თვისება ჰქონდა ადამიანების შოკში ჩაგდებისაო, და თანაც, ისეთ რამეებს იტყოდა იმ წესიერებისა და სიმკაცრის დროებაში, რომ ხალხი მას, როგორც კეთროვანს, ისე გაუხტებოდა განზეო.
იმას კი არ ედარდებოდა, პირიქით, სწორედ ეს მოსწონდა.
გადავრიეო, ალბათ გულში ფიქრობდა.
ქვეყანაზე იმდენი რამ ჰქონდა ნანახი, რომ ქრისტეფორე კოლუმბსაც შეშურდებოდა. ეგებ ხუმრობდა კიდეც, კოლუმბს წყლის მეტი ხეირიანად არც უნახავს რამეო, მე კიდევ იმდენი ხმელეთი ვიცი, იმდენი ადამიანის რაობა, რომ ვერავინ შემედრებაო.
აქამდე ეგებ გეფიქრათ კიდეც, მარკიზ დე სადზე ხომ არ ლაპარაკობს ეს კაციო, ცოტათი მაინც გეფიქრათ, იმის მიუხედავად, რომ თავიდანვე ვთქვი, მწერალი სულაც არ იყო ეს ადამიანი-მეთქი, მაგრამ იმ მარკიზზე სულაც არ ვლაპარაკობ. მარკიზი ცუდად წერდა, ძალიან ცუდად. ბევრად უარესად, ვიდრე მისი თანამედროვენი. სტილის ამბავში მოგახსენებთ. ეს კაცი კიდევ, მგონი, ისევე წერდა, როგორც ლაპარაკობდა და ეს საქმე მშვენივრად გამოსდიოდა. მწერალი კი არ იყო.
მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ერთადერთი რამ შეეძლო, ორ შაურად შეჰგებებოდა ტყვიასაო, ასე დაწერა ერთხელ, და ამიტომაც ოფიცერი შევიქენიო.
სიცოცხლის ბოლოს ეს კაცი სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი და რაინდი კომანდორი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლობდა წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის ორდენებს, ყველაზე საპატიო რამეს იმ დროში.
მაგრამ ჩინ-მედალთა და თანამდებობათა მადევარი ვერ იყო, სამხედრო წოდებაშიც კაპიტნობის იქით ვერაფერს უწია და სახელმწიფო კარიერაშიც დესპანობას თუ გამორჩა. ანდა რად უნდოდა ასეთი თანამდებობები.
ამბობენ, შინ რომ დაბრუნდებოდა, დიდ ოთახში ათ მაგიდას ჩამოამწკრივებდა და ათივეზე კალმებს, სამელნეებსა და ქაღალდის შეკვრებს დააწყობდაო.
მერე პირველს მიუჯდებოდა, სათაურს გამოიყვანდა და წერას შეუდგებოდა, ხოლო როცა გვერდს გაავსებდა, მეორე მაგიდასთან გადაჯდებოდა და ახლა იქ გამოიყვანდა ახალ სათაურს, რომელსაც გვერდს მოაყოლებდა; შემდეგ მესამე მაგიდასთან გადაცოცდებოდა და ასე წავიდოდა, სანამ ისევ პირველ მაგიდას არ მოუბრუნდებოდა და ჭადრაკის ერთდროული თამაშის სეანსივით უბერავდა თავის წიგნებს და სტატია-ესეებს.
კაცმა მეტი რა უნდა ინატროს? ალბათ ასეთი უნარი. კომპიუტერი რომ ჰქონოდა, უფრო იოლად გამოუვიდოდა ეს საქმე, მაგრამ მაშინ, აბა, საიდან კომპიუტერი.
უამრავი ისეთი ენა იცოდა, ადამიანებს წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ: რაღაც უცნაური ინდური და აფრიკული დიალექტებიც კი.
ენების სწავლის ნიჭი ადრიდანვე ეტყობოდა: პატარა რომ იყო, მშობლებმა საფრანგეთსა და იტალიის ქვეყნებში წაიყვანეს თან და შინ რომ დაბრუნდნენ, მან უკვე იცოდა ფრანგული, ლათინური და ლამის ყველა იტალიური დიალექტი. მერე და მერე კი ცხოვრება ისე წავიდა, რომ ვესტ-ინდოეთის კომპანიაში ჩაეწერა სამხედროდ და იქ იყო კაპიტანი.
პირველი წიგნიც იქ დაწერა – „გოა“.
გოა, ხომ მოგეხსენებათ, დღესაც გამორჩეული ადგილია ინდოეთში იმ მხრივ, რომ ლისაბონსა ჰგავს, რახან დიდხანს პორტუგალიელთა მთავარი ქალაქი იყო იქა.
მერე მიჰყვა და მიჰყვა.
რაები აღარ დაწერა – ფარიკაობის სახელმძღვანელოებიც კი; ინდური ბაზიერობის წესები ევროპელ მონადირეთათვის.
მაგარი იყო ამ საქმეებში. ხმალშიც და ნადირობაშიც. დიდად ნახიშტარი და უკანდაუხეველი. ხუმრობდა, სახელი ვერ დავიგდე, რადგან ავღანეთის პირველი ომი მანამ დამთავრდა, სანამ მე იქ ჩავაღწიეო. სახეზე შთამბეჭდავი ნაიარევი აჩნდა, ხან არაბივით ეცვა, ხან ინდუსივით, ხანაც ოსმალოსავით, როგორც მოეპრიანებოდა, ისე. გაბურძგნილი წვერ-ულვაში და გამჭოლი, ცხელი თვალები ჰქონდა, სულ რაღაცას ეძებდა, ტბებით დაწყებული, უცნაური ნივთებით, მუმიებითა და ხელნაწერებით