***
პიტერ გოლდსმიტს იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჩვენთან ისროდნენ. მგონი ერთ-ერთი პირველი უცხოელი იყო, რომელიც თბილისში ჩამოვიდა.
იმ საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ფონდების სახელებს, რომლებსაც ის წარმოადგენდა და წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში, მე ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ ძველი მეგობრები კი ვართ: გვივლია კიდეც ერთად და რაღაცეებიც გადაგვხდენია.
იმ ღამითაც დამირეკა და მითხრა:
– ჰეი, მეგობარო, შოკში ვარ….
რაღაცნაირი, იმქვეყნიური ხმა ჰქონდა.
– რა იყო?
მართლაც საკვირველია, უცხოელი რომ ნაშუაღამევს გირეკავს.
– თქვენ გიჟები ხართ, საერთოდ!… ბესო წავიდა!
ბესო პიტერის ოფისის მძღოლი იყო. იმერელი ბიჭი, ასე, ჩვენი ხნისა: ყოველთვის გაპარსული იყო და კარგად გაუთოებული უბრალო პერანგი ეცვა.
მე გამეცინა.
– ლამის ყოველ წელიწადს სამსახურს იცვლი და ბესოსი გაგიკვირდა?
ისე, ბესო კარგა დიდხანს იყო პიტერის მძღოლი. ჩუმი ბიჭი იყო, იმერელს დიდად არ ჰგავდა.
– შენ ვერ ხვდები, – დაიკვნესა პიტერმა, – ბესო სადღაც დასაკარგავში წავიდა…, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. დილიდან მატარა, ნაშუადღევს, ოფისში რომ მომიყვანა, მმართველისთვის გასაღებები დაუტოვებია და უთქვამს, პიტერს არ უთხრა, მივდივარო. …მობილური გამორთული აქვს.
– მერე რა? კარგი მძღოლი იყო, მაგრამ იშოვი ახალ კარგ მძღოლს.
– არაფერი გესმის. ბესომ მემუარები დატოვა ჩემთვის გადმოსაცემად. ახლა წავიკითხე ეს მემუარები.
ბესო „ტჰანკ ყოუ“, „ყეს“ და „ოფ ცოურსე“ კი ამბობდა ხოლმე გაუბედავად, მაგრამ...
– კი, ინგლისურად დაწერა. ნუ, მე მესმის.… მშვენივრად წაიკითხავ. გამგები გაიგებს,… ეს იცი რა, ახლა ჭკუაზე ვერა ვარ…, ხვალ უნდა მივიდეთ ბესოს სახლში. მოვძებნოთ….
პიტერის შფოთვის ამბავს მერე მივხვდი, როცა ბესოს უბრალო რვეულში ნაწერი წავიკითხე. რვეულს მაიკლ ჯორდანი ეხატა და ეწერა „ოკულ დეფტერი“.
პიტერი თავად დაჯდა იმ თავისი თეთრი ჯიპის საჭესთან და ვარკეთილში დიდხანს ვეძებეთ ის სახლი, სადაც, წესით, ბესოს ოჯახს უნდა ეცხოვრა.
იქ გვითხრეს, რომ ისინი სოფელში დაბრუნდნენ, სოფელში კი არა, პატარა ქალაქში, საიდანაც საშოვარზე იყვნენ წამოსულები.
პიტერმა არ დაიშალა და მაინც იპოვა ბესოს ცოლ-შვილი. იქ არ ჩასულა, მაგრამ ტელეფონით მისწვდა მის ცოლს.
ერთადერთი, რაც შევიტყვეთ, ის იყო, რომ ბესო უცხოეთში წასულა.
როგორც ათასები.
ეს ზოგადი უცხოეთში წასვლა კიდევ უფრო დაგაფიქრებდა კაცს.
მე და პიტერი გამოვთვერით. სხვა რა შეგვეძლო? გამოვთვერით და ბევრი ვილაპარაკეთ. იმდენი ვილაპარაკეთ, რომ იმას ლაპარაკიც აღარ ერქვა, წიგნი გამოვიდოდა.
ოღონდ, ამ ამბავზე წიგნი არ დამიწერია, უბრალოდ, ბესოს რვეული გადმოვთარგმნე. დიდი მთარგმნელი არ ვარ, მაგრამ არც ბესო ჩანდა დიდი მოინგლისურე.
მთავარი ეგ სულაც არ არის, მთავარი ამბავია.
პიტერი კი ყოველდღე საინფორმაციო საიტებს ჩაათვალიერებს და მირეკავს:
– ჯერჯერობით ახალი არაფერია.
და ამოიხვნეშებს.