პირველად სანტა ესპერანსაზე ანუ იოანეს კუნძულებზე 1997 წელს მოვხვდი, ოთხი დღით. შემთხვევით გადავწყვიტე წასვლა, სტამბოლიდან და იქ გასაჩერებლად მეტი არც დრო მქონდა და არც ფული. მარტივი სავიზო რეჟიმი კი გვარიანად მეხმარებოდა, რადგან როგორც საკურორტო ადგილებს სჩვევია ხოლმე, ორკვირიანი უვიზო შესვლა დაეწესებინათ, იმ ორი კვირის თავზე კი პასპორტით ხელში პოლიციას უნდა მიდგომოდი და აგეხსნა, კიდევ რამდენი ხნით გსურდა აქ ყოფნა და დარჩენის მიზეზებიც ჩამოგეთვალა. თუ მუშაობას აპირებდი, სამუშაო ადგილიდან დასტური უნდა მიგეტანა და ასე შემდეგ. მაშინ ოთხ დღეზე მეტს არ გავჩერებულვარ სანტა სიტიში, სხვანაირად კი სენტ ჯონ სიტადელში, მაგრამ, აი, შვიდი წელი გავიდა და ისევ ჩავფრინდი იქ, თუმცა, ხლაფორთი ახლა მეტი დამჭირდა, ვიდრე იმ პირველი ჩასვლისას. არა, საკურორტო კანონი კი ისევ მოქმედებდა, მაგრამ ამ კანონით ამ ქვეყანაში უდარდელად ჩასვლა მხოლოდ საზღვრებმოშლილი ევროპის და ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეძლოთ, სხვა ათასგვარ ტურისტს კი წინდაწინვე უნდა მიეღო ვიზა, თორემ იმ ორი კვირით შესვლასაც არ აღირსებდნენ.