ფარშევანგი ვითომ ისტორიული ამბის არსი ისაა, რომ ერთი მოგონილი ამბით მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბების გადაკეთება შეგიძლია.
"კაცმა ხმლით უნდა გაითქვას სახელი და არა კალმით".
ძველებური რაინდული გამონათქვამი
"ღმერთი დააფრქვევს თავის სიტყვას ამის მეშვეობით. სიმართლის გაზაფხული ამოიფრქვევა აქედან".
იოჰანეს გუტენბერგი, სტამბის გამომგონებელი
"ძნელად რამე იპოებოდეს სურნელოვანი, უფროის ნაბეჭდი წიგნის სურნელისა".
იმერეთის და კახეთის მეფე, დევნილობაში დამაშვრალი არჩილ
"ვემდური ბედს, რომელმაც მიმუხთლა".
სიმონ, ქართლის მეფე, მუსტაფა ნაიამას ნაწერის მიხედვით
უბრალოდ რომ დავიწყოთ, პირველ აქაურ მესტამბეთა ამბავი შემორჩენილია მეჩვიდმეტე საუკუნის შუახანებისა და მიწურვილის წიგნაკებსა და ქაღალდებში, ნაწერებში ისეთი მწერლებისა, როგორიც იყო ანდამატ ნიჩბელი, ასევე, ბირთველ ამირეჯიბი და, აუცილებლად, ვალენტინ ჯავარდენის ძე ორბელიანი.
ყოველ ამათგანს მოცალეობის ჟამს უნდა ეწერა თავისი დღიურები, საისტორიო მოგონებანი თუ რაღაც სხვა უწესრიგო კრებულნი აზრთა, ოკრობოკრონი შეუმდგარი რომანებისა.
მგონი, სამივე ამათგანს წერა უფრო ხალისად და გასართობად ჰქონდა, რაც იშვიათი რამ იყო იმ დროში მათი წოდების ადამიანებისთვის, რადგან ამ სამ მწერალთაგან ბოლო ორი ნამდვილად გვარიანი მხედარი კაცი იყო და მათ თანამდებობებიც ისეთი ეჭირათ, როგორც ძველი დროის თავადებს, გამორჩეულ ოჯახიშვილებს და დიდებულებს შეეფერებოდათ.
ბირთველ ამირეჯიბი, დღევანდელი ენით, გენერალი გახლდათ, ვალენტინ ორბელიანი კი ცნობილი ინტენდანტი. ამასთან ერთად ისინი დიდი საგვარეულოების შტოთა წინამძღოლებიც იყვნენ და ასეთ ხალხს, წესით, წერისთვის ვერ უნდა მოეცალა – მათ საბუთების შემდგენადაც კი ორ-ორი და სამ-სამი მდივანი ჰყავდათ. ხშირად ამ გაქანების დიდგვაროვნები ხელსაც კი არ აწერდნენ საბუთებს, უბრალოდ, ნეკზე შემოსალტულ უხსნელ ბეჭედს დაჰკრავდნენ სიგელს და ეს იყო და ეს.
ცხოვრობდნენ ისინი, უმეტესად, სახლიდან მოშორებით, ან სამეფო კარზე, ანდა იქ, სადაც დაუღამდებოდათ, რახან მათი თანამდებობები ადგილის ხშირ ცვლას გულისხმობდა და მეფის ამალაში ყოფნა კი ხომ ლამის ცხენზე უწყვეტ ცხოვრებას და ამ პატარა ქვეყნის ათას გზაზე წინ და უკან სიარულს ნიშნავდა. ოღონდაც საქართველო პატარა ქვეყანაა და კაცს შინ შერბენა ყოველთვის შეეძლო. ასე გაშინჯეთ, შინ შერბენისას მეფესაც თან წაიყოლიებდნენ ხოლმე – ერთი კარგი სადილი, აბა, ვისთვის იქნებოდა ზედმეტი.
ოდესღაც ეს კეთილი წესი იყო, რომ მეფეს სიმდიდრისა ერცხვინებოდა და იმას ჭამდა, რასაც ხელქვეითნი. ეს ადათი 1633 წლიდან გადასხვაფერდა, როცა სპარსელებმა მეფედ ხოსრო მირზა, იგივე როსტომ ხანი დაამტკიცეს, მუსლიმობაში გაზრდილი ქართველი, რომელიც გულში მოუსვენარი ჭიის გამოისობით მაინც ასე აწერდა ხელს: როსტომი, ქართლის მეფე.
აღზრდით მუსლიმი იყო, მაგრამ ეს ქრისტიანული სიამაყით მოსდიოდა, რახან მეფის უკანონო შვილი გახლდათ და, თუ არა სპარსელნი, რომელნიც ამ მხრივ უკანონობას არა ცნობდნენ, ტახტს კი არა, საჯინიბოს ვერ გასცდებოდა მთელი ცხოვრება.
როსტომის დროება როგორიც იყო, ისეთი იყო, მაგრამ ჩვენს მწერალთ რომ მოვუბრუნდეთ, უნდა ვთქვათ, რომ დიდმოხელის შინ, საგვარეულო სახლში ყოფნა, ასეთი ხალხისთვის შვებულებისა და ბუღალტერიის ნაზავს უფრო ჰგავდა. დრო განცხრომას, დასვენებას, ლხინსა და საოჯახო, სამეურნეო და სადავთრო ამბების მოგვარებას მიჰქონდა. ასე რომ, რა წერა, რის წერა.
მით უმეტეს, წერა დიდად არასდროს ითვლებოდა კეთილშობილი სამხედრო კაცის საქმედ, ვინაიდან თქმულია, რომ რაინდმა კი არ უნდა წეროს, არამედ რაინდის შესახებ უნდა წერონ და მისი სასახელო საქმენი განადიდონ, თუკი მას ასეთები ჩაუდენია.
ეს სული უხსოვარი დროიდან გადმოჰყვა ქართველ თავადაზნაურობას და მოაწია თითქმის რკინიგზის დროებამდე. კარგ მეურნე თავადს ანგარიში უფრო სჭირდებოდა. ანბანი კი, არა საწერად, არამედ წიგნების საკითხავად უფრო გამოადგებოდა. წიგნთაგან ასეთი თავადი ჩვეულებრივ კითხულობდა ორს და შეძლებისდაგვარად ყოველდღე: სახარებას და ძველ სარაინდო პოემას, "ვეფხისტყაოსანს", რაიც სრულად ავსებდა მის სასულიერო და საერო მოთხოვნილებებს.
შინ კი, თუ მაინცდამაინც წერას მისდევდა ვინმე, უფრო ქალი და ესეც არა რაიმე იდუმალი ტრადიციის გამო, რასთანაც ძველ საქართველოში ქალი ისედაც ახლო იდგა, არამედ უფრო ოჯახის დიასახლისის კიდევ ერთი მოხდენილი ხელსაქმის გარეშეთათვის საჩვენებლად – აი, რომ სილამაზე და გართობა ჩვენს გვარში ასეთი ოსტატობითაც გამოვლინდებაო, რა ლამაზად ვქარგავთ წინადადებებს ცხვირსახოცებზეო.
ქალებს შეეძლოთ, ლექსის სტრიქონი ამოექარგნათ ცხვირსახოცებზე, ქმრის, ან ვაჟის ბაღდადურ ხელბანდზე, ანდა ლოცვათა სტრიქონები დაექარგათ ფაფანაკებზე, შესამოსელსა და სხვა ათას ყოფით ნივთსა და საგანზე. ეს იყო ძაფის, პოეზიისა და ლიტურგიკის ხელმოხდენილი ნაზავი.
ზოგჯერ ქალები საიდუმლო, ორკეცი ნასკვებით ამოკერილ წიგნაკებშიც ჩასწერდნენ ხოლმე რამეს, უფრო თავიანთი გულისას, მისწრაფებისას, სიყვარულისას და დარდისას, მაგრამ უფრო სხვისი სტრიქონით, პოეტისა თუ წმინდანისა და იშვიათად რომ – რაიმეს საკუთარს. ეს მინიშნებითი სტილი