1.
მატარებელი „თბილისი-ქუთაისი-ფოთი“ და უკან დადიოდა სამ დღეში ერთხელ და კიდევ კვირაში ერთხელ – გაუჩერებელი ექსპრესი „ცისკრის ვარსკვლავი“ „თბილისი-ფოთი“, რომელსაც ახალი პულმანის ვაგონებიც კი ჰქონდა ჩაბმული. მატარებლები მოდაში იყო და რკინიგზების გაყვანაც ხომ თავისთავად, ისევე როგორც ამ პატარა ქვეყნის ტელეგრაფისა და ტელეფონის ბოძებით მორთვა.
ფოთში იყო ქუფრიანი დილა, როცა ჩამოვიდა „ცისკრის ვარსკვლავის“ ექსპრესი, ჩვეულებრივ, უფრო შეძლებულ და მდიდარ ხალხით სავსე, ან ვერსავსე, და სამეფო სადგურის პერონზე გადმოვიდა კაცი საუკეთესო ინგლისურ საგაზაფხულო კოსტიუმში და ჩატეხილ შლაპით, ბორსალინო რომ ჰქვია; იმის ქოლგას კი ამშვენებდა სპილოს ძვლის ტარი.
ეს კაცი მოსულიყო თბილისში სტამბოლიდან გემით, იქიდან კი „ცისკრის ვარსკვლავს“ შემოხტომოდა მშობლიურ ქალაქში უჩქარეს მოსაღწევად.
იგი გახლდათ განთქმულ ვაჭართა შთამომავალი რაფიელ დანიბეგაშვილი, შვილიშვილის შვილი და, მგონი, კიდევ ერთიც იმ განთქმულ სოვდაგარ რაფიელ დანიბეგაშვილისა, რომელიც ჯერ კიდევ იმ სულკურთხეულ მეფის, ირაკლის დროებაში დაიარებოდა ინდოეთში და ეწიკებოდა იქიდან დარიჩინსა და სხვა რამ გემოსა და აზრის მიმცემ მტვერს, რომელიც მხოლოდ მეფეთა ტრაპეზზე თუ მოხვდებოდა. მერე რა, რომ ეს ფრანგოეთს დამკვიდრებული კომერსანტი უკვე აღარ იწოდებოდა დანიბეგაშვილად, არამედ სიიოლის გამო მხოლოდ რაფიელ დანიბეგად. ეგ სულაც არ უშლიდა რამეს იმის კაიკაცობას, ჭკვიან თავსა და ხალისიან ბუნებას. რაფიელ დანიბეგი სტუდენტობიდანვე გასცლოდა საქართველოს და დამკვიდრებულიყო პარიზის ქალაქში და შვილებიც იქავე მოეზარდა და დაეოჯახებინა: ქალი წაეყვანა ალექსანდრ დიუმას ასთაგან ერთ-ერთ, სახელიან შვილიშვილს, ვაჟს კი შეერთო კარგად ცნობილი პარიზელ-თბილელ ბუზოღლების ოჯახისშვილი და იქავ ტკბილ და საზრიან ცხოვრებას მისდევდა.
თავის ასაკის ორმოცდაათ წლისათვის რაფიელ დანიბეგს მოეგვარებინა ყოველივე, რაც კი კაცს იშვიათად გამოსდის რომ მოაგვაროს, და ახლა საქმე მხოლოდ ხალისად უჩანდა. იმას ჰქონდა დიდი სიყვარული საქართველოსი და აწ ფოთად წოდებულ ქალაქისა და უეჭველად წელიწადში სამ თვეს მაინც მშობელ ადგილებში გაატარებდა. ესეც არ იყოს და სულაც რომ არა ჰყვარებოდა აქეთ სიარული, გული მაინც გამოუწევდა, რადგან ბოლო ბარე შვიდი-რვა წელიწადი იყო, მეუღლეს და თანამეცხედრეს რაფიელ დანიბეგისა, შინაურულად ეფეის, საბუთით კი ეფემია იასონის ასულს დანიბეგისას, მოდგმით იმერეთის დაბლა ქვეყნების თავადთაგან, პარიზის ცხოვრება ნელ-ნელა მიეტოვებინა და ფოთს მოსულიყო. ამის მიზეზი დანიბეგს არ უკვლევია, რახან უსიტყვოდ ესმოდა თავის ცოლისა და არცა რამ გასარკვევი ყოფილა ორთა შორის, ეფეის ნათესავ-მეგობარნი მეტად უფრო სჭირდება, რაც შვილები დაოჯახდნენ და საქართველოს გარემოც ხომ თავისი შეუდარებელი შინაურულობით ახლო და მორგებულია მისთვისო, ასე წარმოჩნდა ეს ამბავი და ამაში გასაჭირი სრულიად არ იყო. რახან ეფეი უფრო ერთობოდა ფოთით, ვიდრე პარიზით და რახან იყო მოყვარე ყვავილებისა, დანიბეგმა ფოთიდან ახლო, მცხეთის მიდამოში შეიძინა ერთი კარგი ბაღი, ზედ სარკინეს მთათა შესახედავზე და იქვე ჩადგეს კოხტა საზაფხულო სახლიც. იმ ბაღში ეფეიმ იწყო ყვავილების მოშენება და დანიბეგიც დიდად შველოდა მთელი მსოფლიოდან ნაირგვარი იშვიათი ნერგებისა თუ მარცვლის შოვნით და მოწოდებით. ასე რომ, ქალბატონი დანიბეგისა უმეტეს დროს ატარებდა სწორედ იმ კოხტა მამულში, თავის საყვარელ გარემოში და იქავ მასპინძლობდა სტუმრებს და მეგობრებს, უქმეებზეც და ხანგრძლივ დასარჩენადაც. თავად დანიბეგს ის ყვავილები დიდად არც აინტერესებდა, სულ ერთი შვიდჯერ თუ იქნებოდა ნამყოფი ცოლის ბაღში, მაგრამ ეფეის გატაცებულობა და დაოსტატება მოსწონდა და ამიტომაც ყოველმხრივ ეხმარებოდა. სამსართულიანი და ყოველმხრივ მოვლილი საქალაქო სახლი კი დანიბეგთ ედგათ გარეთუბნის ერთ კარგ ქუჩაზე.
ეფეი ზამთრობით უფრო იქ იყო ხოლმე და ასევე იმ დროს, როცა დანიბეგი ქალაქს ჩამოვიდოდა და ჩვეულ დროსტარებასა და ხალისობას მიჰყოფდა ხელს ძველ მეგობრებთან ერთად.
ბუნება რაფიელ დანიბეგისა დიახაც იყო ხალისიანი, ენა იმგვარად მოსწრებული და განათლებულობის მაჩვენებელი, რომ იმის ხითხითობის და ოხუნჯობის მოსმენას ბევრი არაფერი სჯობდა.
საქართველო იმგვარი ქვეყანა იყო, რომ იმნაირ სიტყვიერ გასროლ-გამოსროლას, დანიბეგს რომ შეეძლო, ბევრი მისებრ შემძლეც კი ვერ გაბედავდა, მაგრამ დანიბეგს ეგ არ ენაღვლებოდა, ყველა ახლო მყოფმა იცოდა იმის მოქნილი და გამრთობი ლაპარაკისა და გუნების ეს კუთხე, მეტად გამოსაჩენი და სახალისო. მეგობრები კი დანიბეგს ფოთში ჰყავდა ძველი, ბავშვობიდან მოყოლილი და მასავით კაი გაქანებისა და აზრისა. უყვარდა იმას ფოთში მოსვლა უფრო გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
განა რა სჯობიან ამ ქალაქს გაზაფხულზე, როცა იქ ატმის და ალუბლის ყვავილები გეხლება თვალებში და სურნელიანი ტოტები ცხვირპირსაც გიჩხაპნის ხოლმე ვიწრო ქუჩაზე?! ანდა რა სჯობიან შემოდგომის ჩატკბილულ დღეებს, როცა უხილავი მზე ასე გემრიელად შემოეხვევა