გამომძიებელი
ღამით სასაფლაოზე შეიპარნენ ორნი, ქალი და კაცი.
დარაჯს თავის ფარდულში ეძინა.
ღამე იყო მთვარიანი, უქარო, ციცინათელებიც გაიელვებდნენ ხოლმე. კაცი ორმოცისა იქნებოდა, ან ცოტა მეტისა: რუხ კოსტუმსა და მოხდენილ შავ შლაპაში. ხელში ათამაშებდა მონიკელებულ სანთებელას, რომელსაც მალიმალ ჩამოჰკრავდა ხოლმე გზის გასაკვლევად მაშინ, როცა მთვარის შუქი ვერ აღწევდა ტოტებს შორის.
ხელიხელჩაკიდებულნი მიდიოდნენ, უფრო კი ქალს მიჰყავდა კაცი. ქალი ოცდათვრამეტი წლისა იყო და მთვარის შუქზე კრთებოდა მისი ტანის სავსე და მადიანი მოხაზულობა. ქალს თმა დაევარცხნა ისე, როგორც პაემანზე მიმავალი ესპანელი ქალები ივარცხნიან ხოლმე.
ისინი რესტორნიდან მოდიოდნენ, სადაც მშვენივრად ევახშმათ და საკმაოდაც ეთქვათ ერთმანეთისთვის. კაცს თითქოს გაუკვირდა, როდესაც ქალმა უთხრა, ნავახშმევს სასაფლაოზე გავისეირნოთო. რომელ ქალს მოუნდება შუაღამის პირზე სასაფლაოზე გასეირნება! მაგრამ კაცი იცნობდა ქალს და თითქოს მიხვდა კიდეც, რომ ქალს მისი გამოცდა, გათამაშება სურდა.
მერე ტაქსში ჩასხდნენ და სასაფლაოსაკენ გასწიეს. ვერ ხედავდნენ მძღოლის შემცბარ თვალებს სარკეში, რადგან კაცმა ხელი გადაუსვა ქალს რესტორანში ნასვამი წითელი იტალიური ღვინით გაცხელებულ ფეხზე. ბარძაყისკენ შეასრიალა თითები და სცადა წინდებს შიგნით ჩაეღწია. ქალმა ბარძაყი მიაკრა ბარძაყს, თითქოს კარი გადაკეტაო და კაციც აღარ მისძალებია, მხოლოდ მეორე ხელი მოხვია მხრებზე და სცადა ეკოცნა, ესეც საკმაო მორიდებით. ქალმა კოცნაც აირიდა, ფანჯრისაკენ მიაბრუნა თავი.
ასე ისხდნენ მთელი გზა.
კაცს რომელიმე საფლავის ქვაზე უნდა დაეგო თავისი რუხი პიჯაკი, ზედ გადაეწვინა ქალი და ნელნელა გაეხსნა მისთვის ღილები გულისპირზე. უნდა გაეგონა მისი კვნესა და კრუტუნი სასაფლაოს სიჩუმეში. უნდოდა, ქალს ის მოვლილი ვარცხნილობა გასწეწოდა და ფერუმარილი გადღაბნოდა ტუჩებზე. ხელში ღონივრად უნდა სჭეროდა მისი წვივები და თვალის კიდით დაენახა მისი თეთრი ფეხსაცმლის წვეტიანი ქუსლი. კაცს უნდოდა ეგრძნო, როგორ მოძრაობს ქალის სხეული მისთვის.
სასტუმროს ოთახში ან სადმე სხვაგან, ამ სურვილებს ვერ აისრულებდა, რადგან ერთია ძველი საფლავის ქვა, მეორე კი – ზამბარებიანი ჭრიალა საწოლი. ერთია, როცა ნიავი აგრილებს გახურებულ სხეულებს, მეორე – როცა ტაშტში უნდა დაიბანო, ის კი, ვინც წამის წინ კვალს ტოვებდა შენს სხეულზე, ტოლჩიდან გისხამდეს წყალს ამ კვალის წასაშლელად.
და მაინც, კაცმა არ იცოდა, რა უნდოდა ქალს, რას შესთავაზებდა ქალი. ტაქსის მძღოლმა ერთი ჰკიდა თვალი ქალს და შეცბა. იფიქრა, აზრი არა აქვს ასეთი ქალის სასაფლაოზე წაყვანასო. არა იმიტომ, რომ ეს მიღებული არ არის, არამედ იმიტომ, რომ არ იცი, რას უნდა მოელოდე ასეთი ქალისგან.
რას გაუგებ ღამის ტაქსისტებს, მათ ხომ იმდენი რამ უნახავთ სიბნელეში, სხვას რომ არც დაესიზმრება.
ქალმა წინადღით ნახა კაცი, რომელიც კაფეში იჯდა ვიტრინასთან. მაგიდაზე ალუბალჩარჩენილი მარტინის ჭიქა ედგა.
მხარბეჭიანი კაცი იყო, ალესილი ნიკაპითა და ხშირი წარბებით, შავი თმა უკან გადაეყარა და სიგარას ეწეოდა. ქალს თითქოს ადრევე გადაეწყვიტა. კაფეში შევიდა და, თითქოს თავისუფალი მაგიდის ძებნა დაეზარაო, ისე ჰკითხა:
შეიძლება? მეც მიყვარს ვიტრინასთან ჯდომა.
შეხვედრა მეორე საღამოსთვის დათქვეს იქვე, მოედანზე, ჰერცოგის ძეგლის წინ. მაშინ იმ ძეგლთან ჯერ კიდევ არ იკრიბებოდნენ ჰაშიშის გამყიდველები და მოკოცნავე გოგობიჭები, რომლებსაც ქვაფენილზე ფეხმორთხმით ჯდომა და ერთმანეთისთვის თვალებში ყურება უყვართ.
კაცი ყვავილების გარეშე მივიდა, რაც ქალს აშკარად მოეწონა. სად უნდა ეთრია ყვავილები? მართლა შეცვლილხარო, უთხრა კაცმა.
უკეთესობისკენ? გაიცინა ქალმა.
მსუბუქი საჭმელი დაუკვეთეს, ქალი კი საკმაოდ მალე შეთვრა, თუმცა, მალევე იფხიზლა. კაცმა შეამჩნია, როგორ მოერია ქალი თავს, რათა მისი ნდომა სავახშმო სუფრასთანვე არ გადაზრდილიყო მღვრიე მოქმედებაში. შემთვრალი ქალი ხომ მუხლით ცდილობდა მის მუხლებს შორის შეღწევას.
კაცი კუნძულის შესახებ უამბობდა, რაღაცას ყვებოდა ზანგურ მუსიკაზე, აქებდა იქაურ თევზს და ოკეანის მოტანილ მარილიანი წყლის სურნელს. როცა თავს მოერია, ქალმა მოუთხრო როგორ ცხოვრობდა. ისე არა, როგორც ჩვეულებრივ უამბობდა ხოლმე. კმაყოფილი ჩანდა თავისი ცხოვრებით, მაგრამ კაცი მიხვდა, რომ ეს კმაყოფილება დიდხანს არ გასტანდა, რადგან ქალი რაღაცას დაეძებდა. სხვაგვარად რატომ მოუჯდებოდა გვერდით იმ კაფეში? კაცს ეგონა, რომ თავგადასავლების სურვილი აღარ არსებობს და მხოლოდ თვითონღაა ასეთი, მოხეტიალე და მოგზაური, რომელსაც სურს, რომ ჩვეულებრივი პაემანი დაუვიწყარ ღამედ გადააქციოს.
სასაფლაოზე ისეთი სიჩუმე იყო, როგორიც არის ხოლმე ღამის სიჩუმე ათასობით მკვდარს შორის. განა რა არის სასიამოვნო ღამის სასაფლაოზე? კაცი ფიქრობდა, რომ ქალი ღვინომ გაათამამა და ამიტომაც უშიშრად მოაბიჯებს საფლავებს შორის. ბილიკზე მიმავალს თავადვე დაქაჩა სახელოზე, შეაჩერა, შემოაბრუნა და კოცნა დაუწყო.